18-05-2021 17:49:46 მულტიკულტურული საქართველო ,ანალიზი
დმანისის მღელვარე პროცესების ფონზე, უშუალოდ შს მინისტრი რამდენჯერმე გახდა კრიტიკის ობიექტი: ერთი, რომ 16 მაისის ინციდენტის შემდეგ ვერ განიჭვრიტა ესკალაციის ალბათობა, შედეგად საზოგადოებამ იხილა, დმანისის ქუჩებში როგორ დასდევდნენ და დაუნდობლად უსწორდებოდნენ თანამოქალაქეები ერთმანეთს, ამ ფონზე კი მსუბუქად რომ ვთქვათ, არაეფექტურად გამოიყურებოდა არასათანადო რაოდენობით მობილიზებული პოლიცია, რომელიც აღელვებული მასის შეკავებას ვერ ახერხებდა და რიგ შემთხვევებში, დამკვირვებლის სტატუსით უწევდა ძალადობრივი პროცესებისთვის თვალის მიდევნება. წყრომის საფუძველი ასევე გახდა კონფლიქტის კონტექსტში საქართველოს მოქალაქეებზე საუბრისას შს მინისტრის მიერ დასმული აქცენტი აზერბაიჯანთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე:
"ამ თემას [ეთნიკურ დაპირისპირებას] არ დავუშვებთ. ეთნიკურად აზერბაიჯანელები ჩვენი მოქალაქეები არიან, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი მოკავშირეა, ჩვენი მეგობარია და ეს არ უნდა დავუშვათ. ვინც ამბობს, რომ ეს არის ეთნიკური კონფლიქტი, [ეს] არის ქვეყნის მტრობა",– თქვა დმანისში ჩასულმა შს მინისტრმა და განცხადება მტკივნეული მოსასმენი აღმოჩნდა საქართველოს აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეებისთვის, ფიქრობენ, რა, რომ მსგავსი არაადეკვატური ფორმულირება კიდევ უფრო უწყობს ხელს არა ინტეგრაციას (რაც იდეაში სახელმწიფოს ინტერესი უნდა იყოს), არამედ – გაყოფას, სტიგმას, საზოგადოების ნაწილში ეთნიკურ ჯგუფებთან მიმართებაში ჩამოყალიბებულ პოზიციას „სტუმრების“ თაობაზე.
“გომელაურის განცხადების შემდეგ ჩემს თავს რაღაც ინვესტიციასავით ვგრძნობ. კარგი, სტუმრები ვართ, სტუმართან ისე იქცევიან” - დაწერა „ფეისბუქში“ აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ.
„ნუ განგვიხილავთ აზერბაიჯანული სახელმწიფოს პერსპექტივიდან"
მინისტრის განცხადებით იმედგაცრუებული დარჩა ფილოლოგი ოქტაი ქაზუმოვი, აღიქვა რა, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის თუ ამ პოლიტიკის არარსებობის ლუსტრაცია, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფები პირველხარისხოვანი მოქალაქეები არ არიან:
„თავისი არსით, ეს კატასტროფული განცხადებაა: თუ გასულ წლებში მსგავსი შინაარსის განცხადებები უყურადღებოდ რჩებოდა, დღეს სამოქალაქო აქტივისტები აზერბაიჯანული თემიდან აპელირებენ, რომ არ შეიძლება, მაგალითად, პარლამენტის დიასპორის კომიტეტს შეერწყას ინტეგრაციის და ეთნიკური უმცირესობების საკითხები (პროტესტიც გამოვთქვით პარლამენტის შენობასთან); მუდმივად ვამბობთ, „ნუ განგვიხილავთ აზერბაიჯანული სახელმწიფოს პერსპექტივიდან, მის ნაწილად“, (თუმცა გვესმის ისიც, რომ ქართული საზოგადოების ნაწილი სამწუხაროდ, ამ განწყობების მატარებელია: მრავლად შეხვდებით მსგავსი შინაარსის კომენტარებს, „თუ არ მოგწონთ, წადით აზერბაიჯანში“, „თქვენი სახელმწიფო აზერბაიჯანია!“, „როდის მიდიხართ?“).
იმდენად უვიცნი, ან მავნებლები არიან დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ვერც ხვდებიან მსგავსი პოზიციის დაფიქსირებისგან თავშეკავების აუცილებლობას, ასე რომც ფიქრობდნენ და ეს პრობლემაა! ეს მისი მხრიდან [გომელაურის – რედ. ] ცეცხლზე ნავთის „დასხმაა“: ამ განცხადების აზრი გახლავთ, რომ „ჩვენ აზერბაიჯანზე უნდა გვქონდეს სწორება, სტრატეგიული მეგობრები ვართ და არ უნდა ვაწყენინოთ სტრატეგიულ მეზობელს“ – რაც გაუცხოებას იწვევს“.
ამასთან, ქაზუმოვი "აქცენტთან" დმანისის მოვლენების კონტექსტში საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს განცხადებას ეხმიანება, რომელიც მისი შეფასებით, თანხვედრაშია ვახტანგ გომელაურის პოზიციონირებასთან და ამბობს, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს აზერბაიჯანული თემი ორმაგი გარიყულობის წინაშე დგება:
„მინისტრი ფაქტობრივად, არ მცნობს საქართველოს მოქალაქედ, მეუბნება, რომ „აზერბაიჯანიც უნდა გავითვალისწინოთ“; აზერბაიჯანის საელჩოც ამბობს, რომ ამ ყველაფერს უნდა შევხედოთ აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილიდან. ეს არსში აუქმებს ნებისმიერ მოწოდებას ინტეგრაციაზე, თანაცხოვრობაზე და ქვეყნის ერთად მშენებლობაზე: ერთის მხრივ, სახელმწიფო მეუბნება, „შენ უნდა იცოდე სახელმწიფო ენა, იცნობდე ქართულ კულტურას, პოლიტიკურ დღის წესრიგს, მიიღო მონაწილეობა ქვეყნის მშენებლობაში“, მეორეს მხრივ – ვხედავ, რომ ვარ „ბურთი“ საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის ოფიციალურ წარმომადგენლობასა თუ მთავრობას შორის. რა გაცდა და იმედი უნდა მქონდეს? ეს ნიშნავს, რომ მე ვერაფერს შევასმენ ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე ჩემს ხელისუფლებას და თუ პრობლემის მოგვარება მინდა (თუნდაც დროებით), აზერბაიჯანთან უნდა დავიჭირო საქმე – ესა თუ ის პრობლემა ჩემმა ხელისუფლებამ აზერბაიჯანის გავლით უნდა მომიგვაროს. არის თუ არა ეს ანტისახელმწიფოებრივი განცხადება თავის არსში?! არის თუ არა ეს დეზინტეგრაციის, დისონანსის შემომტანი თანაცხოვრებაში?! ძალიან იმედგაცრუებული ვარ!“.
ქაზუმოვის დაკვირვებთ, სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკურ ინტერესებში არ შედის საზოგადოება, რომელიც საერთო სოციალურ პრობლემატიკის ირგვლივ ერთიანდება, გამოხატავს პროტესტს, შესაბამისად, მისთვის მომგებიანია გათიშულობა, შიდა დაპირისპირება, სადაც თავად „უფროსი ძმის“ რანგში მოგვევლინება.
„ამ როლსაც ვერ ასრულებს“,– დასძენს ქაზუმოვი.
"ვალი" არჩევნებისთვის – გარანტირებული ხმები
სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ზაურ ხალილოვი კი „აქცენტთან“ სახელისუფლებო გუნდის ვიწრო პარტიულ–პოლიტიკური ინტერესებით ხელმძღვანელობაზე ამახვილებს ყურადღებას:
„წლებია, ვამბობთ, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა მორჩეს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ისტორიულ სამშობლოსთან გაიგივებას! ბოლო 30 წლის განმავლობაში ხომ შევთანხმდით, ვინაა საქართველოს მოქალაქე სამართლებრივად?!
წარმოიდგინეთ, აზერბაიჯანის ელჩი და „სოკარის“ პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ–მინისტრს ხვდებიან მარნეულში მასპინძლის რანგში, ესაა ყველაზე დიდი უბედურება! ამაზე აზერბაიჯანელები რომ ლაპარაკობენ, საქართველოს ხელისუფლება ვგონებ, უნდა დაფიქრდეს, „თუ ამ ხალხსაც არ აწყობს ეს, მე რატომღა მივერეკები ამ ადამიანებს იქითკენ?“ წლებია ენერგიას, საერთაშორისო რესურსებს ვხარჯავთ, რომ ინტეგრაციის პოლიტიკა განვახორციელოთ და ადამიანები ქართულ პოლიტიკურ, საინფორმაციო, ეკონომიკურ სივრცეში ჩავრთოთ. შედეგებს ნაბიჯ–ნაბიჯ ვიღებთ, მაგრამ პარალელურად რომ ამბობ „აზერბაიჯანია სტრატეგიული პარტნიორიო“, უკაცრავად, მე საქართველოს მოქალაქე ვარ! დავიღალეთ მუდმივი მტკიცებით, რომ ეს ქვეყანა ჩვენ არანაკლებ გვიყვარს! მუდმივად ეჭვის თვალით რატომ უნდა მიყურებდნენ, როდესაც არაფერი დამიშავებია?!“
ზაურ ხალილოვის ანალიზის თანახმად, ორივე მხრიდან ძალადობის, ერთმანეთისთვის როგორც ფიზიკური, ისე ქონებრივი ზიანის მიყენების ფონზე, რასაც იდეაში სისხლის სამართლებრივი კვალიფიკაცია უნდა მიეცეს, კიდევ ერთი „ვალი“ ჩამოყალიბდა, რომელსაც წინასაარჩევნოდ ლოიალური სახელისუფლებო გუნდი სწორედ არჩევნებზე „ჩაიბარებს:
„მოვა არჩევნები და როგორც გასულ წლებში, აზერბაიჯანიდან ჩამოიყვანეს ხელისუფლების, „სოკარის“ წარმომადგენელს და კარდაკარ დაიწყებენ სიარულს! მანკიერი ტრადიცია ჩამოყალიბდა! ნორმალურ საარჩევნო პირობებში, ხალხთან უნდა გქონდეს კომუნიკაცია, კრიტიკული პოზიციაც მოისმინო, უპასუხო და რატომ შეიწუხებ თავს, როდესაც მარტივი გზაც არსებობს?! ჯერ შევარდნაძე იძახდა, „სასამართლო რეფორმას ჩავატარებო“, შემდეგ – სააკაშვილი, შემდეგ – „ქართული ოცნება“, რომელიმემ სისტემა შეცვალა? ყველა ცდილობს, სასამართლო „ჯიბეში“ ჰქონდეს, ისევე, როგორც ეთნიკური უმცირესობა, რათა გარანტირებული ხმებით უზრუნველყოს საპარლამენტო უმრავლესობაში ყოფნა. მხოლოდ ბოლო ათი წელია, რაც რადიკალური ძვრები მოხდა ქვემო ქართლში და ხელისუფლებას მონოპოლია აღარ აქვს“.
„რა შუაშია დმანისთან აზერბაიჯანი?“– კითხულობს შს მინისტრის პოზიციის კომენტირებისას კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი და ასევე იტოვებს იმედს, რომ აზერბაიჯანის საელჩოს განცხადებაში დმანისელებს თანამემამულეებად მოხსენიება თარგმანის პრობლემა იყო:
„დმანისელი აზერბაიჯანელები ჩვენი თანამემამულეები არიან, ისევე, როგორც, მაგალითად, ინგილოები აზერბაიჯანელთა თანამემამულეები. იმედია, როგორც ოფიციალური თბილისში (და აქ ჩემთვის მთავარი თბილისია), ასევე ბაქოში, გაიგებენ, რომ საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები პოლიტიკურად ქართველები არიან და ქართული ერის/ნაციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ (თუმცა ქართულ სახელმწიფოს ეს ჯერ კიდევ საქმით დასამტკიცებელი აქვს)“.
“ქართველ მუსლიმთა კავშირის” ყოფილი თავმჯდომარის ტარიელ ნაკაიძის დაკვირვებით კი, რომელიც წლებია, რელიგიური უმცირესობების საკითხებზე მუშაობს, შს მინისტრის განცხადებით „კიდევ ერთხელ დადასტურდა სახელმწიფო პოლიტიკის რეალური შინაარსი – საკუთარი მოქალაქეების სხვა სახელმწიფოსთან დაკავშირება და ამ რიტორიკაზე დაფუძნებული ხედვა, რომელიც მისი შეფასებით, არსებითად აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული, თანასწორი და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფას:
„სახელმწიფომ უარი უნდა თქვას მოქალაქეების ჩვენებად და სხვებად დაყოფაზე და თანასწორი მიდგომით უზრუნველყოს სამართლის აღსრულება. ამასთანავე, სახელმწიფომ შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად უნდა უზრუნველყოს კონფლიქტის ტრანსფორმაცია და ნდობის აღდგენა მოქალაქეთა შორის”.
"დროებითი ღონისძიებები გაუცხოების პრობლემას ვერ მოაგვარებს!“
ქაზუმოვი პრობლემის აღმოფხვრის მექანიზმებს რამდენიმე მიმართულებით აქტიურობაში ხედავს:
„საკითხი კომპლექსურია. სასკოლო სახელმძღვანელოები კრიტიკას ვერ უძლებენ: ჩნდება განცდა, რომ ეთნიკური უმცირესობები მარსიდან „ჩამოცვივდნენ“ და საქართველოში საქართველოსთვის არაფერი შეუქმნიათ. მხატვრები, კომპოზიტორები, მომღერლები, პოეტები – ხალხი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა მატერიალურ თუ სულიერ დოვლათს, გარიყულნი არიან, მათ შესახებ არ ისწავლება. დროებითი ღონისძიებები გაუცხოების პრობლემას ვერ მოაგვარებს!“.