ევროპარლამენტი "ჟან მონეს დიალოგის“ ფარგლებში საქართველოს დახმარებას სთავაზობს

19-05-2021 17:25:54 პოლიტიკა ,ციტატა

ევროპარლამენტში საუბრობენ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების სრულფასოვნად განხორციელების მნიშვნელობაზე და "ჟან მონეს დიალოგის" ფორმატის ფარგლებში ქვეყნისთვის დახმარების მზაობას გამოთქვამენ.

როგორც „აქცენტს“ ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელმა, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდმა განუცხადა, 19 აპრილის შეთანხმება ზედმიწევნით უნდა შესრულდეს:

„ევროკავშირის შუამავლობით მიღებული შეთანხმება, რომელსაც მხარეთა უმეტესობამ ხელი 19 აპრილს მოაწერა, ამ კრიზისიდან გამოსვლის გზას სთავაზობდა. ახლა პოლიტიკოსებმა უნდა იპოვონ პარლამენტში კონსტრუქციული წესით მუშაობის გზა – ასე მუშაობენ განვითარებული დემოკრატიები. შეთანხმება ზედმიწევნით უნდა შესრულდეს – სიტყვით და სულისკვეთებით“.

„თავის მხრივ, ევროპარლამენტი მზად არის დასახმარებლად, მაგალითად, მედიაციის საშუალებით, როგორიცაა "ჟან მონეს დიალოგი", – დასძინა კალიურანდმა.

რა არის "ჟან მონეს დიალოგი"

"ჟან მონეს დიალოგი" ნახსენებია 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების მეოთხე პუნქტში, რომელიც პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებას ეხება.

„პარტიები იზრუნებენ "ჟან მონეს დიალოგის" ფორმატის შექმნაზე ევროპარლამენტთან“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ჟან ომერ მარია გაბრიელ მონე (1888-1979) გავლენიანი ფრანგი დიპლომატი იყო, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთ დამფუძნებელ მამად მიიჩნევა. მისი სახელობის დიალოგს საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა მონეს სახლში. „ჟან მონეს დიალოგი“ საპარლამენტო მედიაციისა და დიალოგისთვის ევროპარლამენტის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტია. იგი დიალოგის პლატფორმაა პოლიტიკური ლიდერებისთვის, რათა მათ კონსენსუსს მიაღწიონ ეროვნული პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხებზე.

  • „ჟან მონეს დიალოგი“ არ არის ერთჯერადი შეხვედრა, იგი მოლაპარაკებათა პროცესია.
  • ფორმატი გულისხმობს ყველა მონაწილის შეთანხმებას როგორც განსახილველ თემებზე, ისე შემდეგ ცხრა აუცილებელ წესზე:
  • მედიაციის პრინციპები საჭიროებისამებრ იქნება გამოყენებული;
  • ყველა პოლიტიკური პარტია მონაწილეობს თანაბარ პირობებში;
  • ნულოვანი შედეგი გამოირიცხება;
  • წინასწარ არაფერია დაწესებული და/ან გამორიცხული;
  • არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ შეთანხმდება;
  • არანაირი კომუნიკაცია მედიასთან, სანამ კონკრეტული შედეგი არ იქნება;
  • წინასწარ არ უნდა იყოს წარმოდგენილი წინადადებები ან კანონპროექტები;
  • თუ თემაზე არსებობს პოლიტიკური შეთანხმება, დაიწყება მისი დამუშავება;
  • ნებისმიერი შეთანხმებული საერთო პროექტი მხარეებს შეუძლიათ, წარმოადგინონ ერთობლივად;

ქვეყნები, რომლებთანაც ევროპარლამენტმა „ჟან მონეს დიალოგის“ ფორმატი გამოიყენა

ევროპარლამენტმა ხსენებული ფორმატი დღემდე სამ ქვეყანასთან – უკრაინასთან, ჩრდილოეთ მაკედონიასა და სერბეთთან თანამშრომლობის ფარგლებში გამოიყენა,

ახალი ამბები

სხვა სიახლეები