წარსულის გამოცდილებით მომავლისკენ – ინტერვიუ საგარეო საქმეთა ექს–მინისტრთან

26-05-2021 00:12:04 ინტერვიუ

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის 30 წლისთავს აღნიშნავს, რომელსაც ქვეყანა მრავალგვარი გამოწვევებით, მათ შორის, სოციალური პროტესტებით, პოლარიზებული საზოგადოებით შეხვდება. ალბათ, სიმბოლურია, მაგრამ რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აღლუმის პარალელურად, სხვადასხვა ლოკაციაზე სხვადასხვა თემატიკის საპროტესტო ღონისძიებებია დაანონსებული, რომლებიც უპირველესად ხელისუფლებას მიემართება: ადამიანები კვლავ ითხოვენ ადამიანურ სამუშაო პირობებს, დამოუკიდებელ სასამართლოს, სახელმწიფო ქონების კაბალური პირობებით გასხვისებაზე უარის თქმას, უსაფრთხო გარემოს... მაინც როგორი ესახებოდათ 30 წლის წინ საქართველოს მომავალი, რამ შეაფერხა ამ მოლოდინების რეალიზება, რა ისწავლა საზოგადოებამ ტრავმული გამოცდილებიდან და რა პერსპექტივა გვაქვს წინ? – ამ და სხვა საკითხებზე „აქცენტი“ ესაუბრა ირაკლი მენაღარიშვილს, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში სხვადასხვა დროს იკავებდა სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობას, მათ შორის, 1995–2003 წლებში გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრი.

რა თქმა უნდა, უკეთესის მოლოდინი იყო: ყველას ჰქონდა უკეთესი ცხოვრების, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღორძინების იმედი – იყო მოლოდინი, რომ ეს სწრაფად და ეფექტურად მოხდებოდა, რომ ამით დასრულდებოდა ის შიდა დაპირისპირებები, რომელიც ქვეყანას ძალიან მწარედ ახსოვს. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ისეც არ აღსრულდა, როგორც გვსურდა. მიუხედავად ამისა, თავად ფაქტი იყო საოცრად ამაღელვებელი, მით უფრო, რომ ჯერ კიდევ ბევრს არ ქონდა რწმენა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას მოესწრებოდა: კარგად მახსოვს, ბატონმა აკაკი ბაქრაძემ ერთ–ერთ სტატიაში დაწერა, „დღევანდელი თაობა დამოუკიდებელ საქართველოს მოესწრებაო“ და ყველამ როდი დაუჯერა – მეტისმეტ ოპტიმიზმში ჩაუთვალეს, ბევრმა გაიღიმა კიდეც. მაგრამ ეს დღეც დადგა და ეს მოზღვავებული ემოციების დღე იყო. ახლა ძირითადად ემოციებზე გესაუბრებით, მაგრამ იმჟამინდელი საქართველოს მოქალაქეებს სწორედ ეს განცდა ჰქონდათ და ლბათ ყველგან – ქვეყნის შიგნით და გარეთაც.

ემოციებზე საუბრობდით. შემდეგი გზაც ამ ემოციებმაც განსაზღვრა? ეს რთული 30 წელი იყო...

გეთანხმებით. სამწუხაროდ, ჩვენს მაშინდელ ოპტიმიზმს ემოციური საფუძველი ჰქონდა, თუმცა დაფიქრების და ანალიზის, მომავალის სტრატეგიის გააზრების ნაკლებობა სულ მალე იქცა მწარე რეალობად. იცით, რაც მოხდა 1991 წელს [სამოქალაქო ომი – რედ.] და ამის მიზეზი ჩვენი საზოგადოების მოუმზადებლობა გახლდათ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. ყველა როდი იყო მზად, გაეკეთებინა ის, რაც უნდა გაეკეთებინა დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქეს, თუმცა ვიმეორებ, არსებობდა ამაღელვებელი ემოციები, იმედები, მაგრამ ეს ყოველთვის არ ეყრდნობოდა რეალობის ღრმა ანალიზს.

ბრძანეთ, საზოგადოების ნაწილი დამოუკიდებლობისთვის არ აღმოჩდა მზადო. როგორ ფიქრობთ, ამ თვალსაზრისით 2021 წელს არის ცვლილებები? 30 წელი შესაძლოა, სახელმწიფოს მშენებლობისთვის დიდი დრო არაა, მაგრამ საკმარისი დროა შეცდომების გასაანალიზებლად. ხშირად ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, მაგრამ გვავიწყდება, რომ ისინიც ამ საზოგადოების ნაწილნი არიან, ჩვენ ვაძლევთ ხმას, ჩვენ ვაძლევთ დაკვეთას, ჩვენ ვართ ფუნდამენტი...

დიახ, ეს ასეა, მაგრამ ხშირად ხელისუფლებას კარგად არ აქვს გააზრებული, მისგან რას ელის საზოგადოება და რა არის ქვეყნისთვის მთავარი – ესეც სამწუხარო რეალობაა. არ მინდა, ჩვენი საუბარი წარსულის შეცდომებზე წუწუნს დაემსგავსოს, რადგან ამ პერიოდში უამრავი ტკივილი გვქონდა, მაგრამ გვქონდა საამაყო მიღწევებიც და ვფიქრობ, ეს მიღწევები მომავალშიც წარმატებული განვითარების საფუძველი იქნება: ურთიერთობა მეზობლებთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ქვეყნის ეკონომიკის, პოლიტიკურ ცხოვრებაში გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები – ეს ყველაფერი დამოუკიდებლობის ამ წლების მონაპოვარია და ეს დღევანდელი საქართველოს სხეულია.

კითხვას რომ დავუბრუნდეთ, დამოუკიდებლობის აღქმას...

ვფიქრობ, სახელმწიფოებრიობის აღქმა დღეს ბევრად უფრო ღრმა და სერიოზულია, თუმცა ბუნებრივია, ყველა მოქალაქეს ასე ვერ დავახასიათებთ. ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და ეს რომ აუცილებელი იქნებოდა, 30 წლის წინ ძნელად წარმოგვედგინა, დღეს კი ვხედავთ, რომ სრულიად აუცილებელი ყოფილა, მტკივნეულად ზემოქმედებს ჩვენს რეალურ ცხოვრებაზე: ვგულისხმობ ღრმა ანალიზს, კრიტიკულ დამოკიდებულებას საკუთარი თავისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა განზომილებისადმი. ანუ ჩვენ ჯერ კიდევ ბოლომდე კარგად არ გვაქვს გააზრებული, გაცნობიერებული, რამდენად სერიოზული საქმეა დამოუკიდებელი ქვეყნის არსებობა და მისი შენარჩუნება. ამის გამოვლინება საკმაოდ ხშირად გვეღობება წინ და საჭიროა, ჩვენი სისუსტე რაც შეიძლება ეფექტურად დავძლიოთ.

ბრძანეთ, იყო მოლოდინი, „უკეთ ვიცხოვრებდითო“. თქვენ ინფორმაციაზეც გქონდათ წვდომა, მომავლის რაციონალურად განჭვრეტის უნარიც, რა იყო პროგრამა მინიმუმი, რაზეც ფიქრობდით, რომ დღეს – 2021 წელს უკვე მიღწეული იქნებოდა?

მიუხედავად იმისა, რომ შიდა დაძაბულობის ნიშნები საკმაოდ მწვავედ ჩანდა, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ქვეყანა თავის ტერიტორიულ მთლიანობას ვერ შეინარჩუნებდა: ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ მას გაუჭირდებოდა იმ პრობლემებთან გამკლავება, რომელიც დღეს ასე მწვავედ გვაწუხებს. ეს საკითხი ჩვენ მაშინ მოგვარებულად გვეჩვენებოდა, არ გვეგონა, რომ ის ასეთი მწვავე და მტკივნეული ამოჩნდებოდა და დღევანდელი სიტუაცია შეიქმნებოდა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს და საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციას, ისეც არა, როგორც დღეს, მაგრამ ვფიქრობდით, რომ სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ქვეყნის მომავალი. თუმცა, ჩემთვის ვინმეს 20–30 წლის წინ რომ ეთქვა, რომ ამ დონემდე ვიქნებოდით დასავლურ ინსტიტუტებთან დაახლოებული, დაჯერება ნამდვილად გამიჭირდებოდა. ვფიქრობ, მაშინ გამონაკლისი არ ვიყავი – ალბათ ასევე ფიქრობდა ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი.

პოლარიზებული საზოგადოების კონტექსტში, რომელიც სამწუხაროდ სახეზე გვაქვს და პოლიტიკური ფიგურებიც უწყობენ მის გაღრმავებას ხელს, ისმის ხოლმე პარალელები 1990–იან წლებთან. თქვენ გაქვთ მსგავსი ასოციაციები?

ვფიქრობ, ანალოგია უსაფუძვლოა: 1990–იან წლებში დაბრუნება მძიმე პროგნოზია, რომელიც უბრალოდ არა თუ არ მინდა, არ მგონია, რომ არსებული რისკების მიუხედავად, ამგვარი საფრთხე გვქონდეს: ვფიქრობ, დღეს ბევრად უფრო ჯანსაღი აღქმაა, რას ნიშნავს საზოგადოებაში ურთიერთდაპირისპირება. ასეთი დაპირისპირების მთელი ეტაპები გავიარეთ. ეს არ ნიშნავს, რომ ჭკუა ბოლომდე ვისწავლეთ და ყველაფერი ცხადად გვაქვს წარმოდგენილი, მაგრამ ამის აღქმა ჯამში ბევრად უფრო ნათელი, მკაფიოა და ვფიქრობ, საზოგადოება მზადაა, ამგვარი მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას არ დაეთანხმოს.

და რა გესახებათ დღეს არსებით გამოწვევად? არ ვგულისხმობ პანდემიას, რომელმაც კიდევ უფრო გაართულა სოციალურ–ეკონომიკური პრობლემები...

პანდემია ძალიან მძიმე გამოწვევაა, მაგრამ საბედნიეროდ, აქ სტრატეგიის მეტ–ნაკლებად სწორი გაგება გვაქვს – საზოგადოების ძირითად მასაში არსებობს შეთანხმება, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ, ვის დავუჯეროთ.

ვთქვით, რომ ჩვენი უამრავი სირთულე საზოგადოებაში მომავლის ხედვის, დაგეგმვის, ანუ სტრატეგიული აზროვნების კულტურის არქონამ გააჩინა. სამწუხაროდ, ეს ხარვეზი ჯერ კიდევ გვაქვს და მას მთელი საზოგადოების ძალისხმევით გადაჭრა სჭირდება. საზოგადოების ყველა ელემენტი უნდა ცდილობდეს და ვახერხებდეთ სწორი გადაწყვეტილების დროულ მიღებას და საფუძვლიან შეთანხმებას. ამგვარი რამ ნამდვილად საჭიროა.

სასურველი იქნებოდა, მაგრამ მსგავსი პერსპექტივა ამ ეტაპზე არც ჩანს. პოლარიზებულ საზოგადოებაში მსგავსი სურვილების რეალიზება რთულია...

გეთანხმებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ხელი ავიღოთ იმაზე, რაც აუცილებელია. მეტი ენერგია და ნებაა საჭირო, რომ რაც საზოგადოებას სჭირდება, მივაღწიოთ.

რაც შეეხება მომავალს, ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, ჩვენი მიზანი [დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია – რედ.] აბსოლუტურად რეალისტურია, თუმცა ამ გზაზე ალბათ, კიდევ უამრავი მტკივნეული მომენტი, გამოწვევაც იქნება. მიუხედავად ამისა, მწამს, რომ ჩვენი სურვილი მხოლოდ სურვილი არაა და რომ მას ქვეყანა, საზოგადოება მიაღწევს. თუ დააკვირდებით ყოველდღიური ცხოვრების ცალკეულ ასპექტებს, პოზიტიური დინამიკის შემჩნევა რთულად შესამჩნევი არ არის. მეორეც, საზოგადოებას უკეთესად ესმის ბოროტი ძალის დამანგრეველი საფრთხე და იმ სიკეთის აუცილებლობა, რომელიც ქვეყანას სჭირდება. დღეს საზოგადოება ბევრად განვითარებულია, რადგან მეტია ნაფიქრი, გადატანილი გამოცდილებად იქცა, არ დაიკარგა. ეს გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ ხვალ და ზეგ უფრო ეფექტურნი ვიქნებით მიზნისკენ სწრაფვაში.

დიახ, საზოგადოების უმრავლესობაც ფიქრობს, რომ გადარჩენის გზა დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციაა. ამასვე მოწმობს საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამისთვის კიდევ 30 წელი დაგვჭირდება?

ვთვლი, რომ პოლიტიკოსების საქმე არაა მსგავსი პროგნოზების კეთება. შეუძლებელია ამგვარი მისწრაფების რეალიზებისთვის აუცილებელი დრო ზუსტად გათვალო დღეებში, თვეებში, მაგრამ ვფიქრობ, ეს ბევრად უფრო სწრაფად შესაძლებელია, მოხდეს, ვიდრე ჩვენ დღეს გვგონია. ამის საფუძველს ჩვენი გამოცდილება მაძლევს – სწრაფად მოხდა ის, რაც ადრე ბევრად უფრო რთულად მისაღწევი გვეგონა. ამდენად, მოდით, ხელებს ნუ ჩამოვუშვებთ. ბრძოლად ღირს და ეს აუცილებელია!

ახალი ამბები

სხვა სიახლეები