„საქართველოს ახლა აქვს უნიკალური შანსი, გაარღვიოს რკალი, რომელსაც საუკუნის განმავლობაში ვერ არღვევდა“

26-05-2021 15:40:26 ინტერვიუ

„აქცენტი“ გთავაზობთ ინტერვიუს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტიკის მეცნიერ, კვლევითი ორგანიზაცია „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელ კორნელი კაკაჩიასთან.

– მჯერა, 30 წლის წინ 20 წლის ახალგაზრდა აღმატებული განწყობით გახვედით სახლიდან რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ როგორ ხედავდით მაშინ ქვეყნის პერსპექტივას – როგორ ქვეყანაში უნდა გეცხოვრათ დღეს?

– მაშინ გვეგონა, რომ მთავარი საბჭოთა მარწუხებიდან თავის დაღწევა იყო – რომანტიზებული, იდეალიზებული იყო ყველაფერი. ჩვენი პოლიტიკური ლიდერებისგან ასე გვესმოდა, ჩვენც გვჯეროდა და არავინ ფიქრობდა, ამ ლოზუნგების უკან (იგივე, „ბორჯომი არჩენს საქართველოს“), იყო თუ არა რაიმე ხელჩასაჭიდი. საბჭოთა ეკონომისტები დისკრედიტირებულნი იყვნენ, ეროვნული მოძრაობის ძირითადი სახეები კი ჰუმანიტარები გახლდნენ და ძირითადად ლოზუნგების დონეზე საუბრობდნენ ქვეყნის მომავალზე, საზოგადოებაც ემოციურ ტალღაზე ვიყავით. ამდენად, პრაგმატული გათვლა, როგორი უნდა ყოფილიყო ქვეყანა, რა იყო დამოუკიდებლობის მიზანი, ამაზე არავინ ფიქრობდა. ყველას გვესმოდა, რომ ეს იყო ისტორიული მომენტი – დიდი იმპერია ინგრეოდა და შესაძლებლობების „ფანჯარა“ უნდა გამოგვეყენებინა. შემდეგ მძიმედ წარიმართა პროცესები: ყველაზე ბოლოს აღიარეს ჩვენ დამოუკიდებლობა, იყო სამოქალაქო ომი ... სამწუხაროდ, სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ საკუთარ შეცდომებზე მოგვიწია სწავლა და არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ბოლომდე ვისწავლეთ.

ეს პერიოდი ჯერ კიდევ არ არის შეფასებული, არის სპეკულაციებიც. რამდენად მნიშვნელოვნად გესახებათ გადააზრების აუცილებლობა?

– ვფიქრობ, ჯერ კიდევ დროა საჭირო, ემოციური ფონი კვლავ არსებობს და ჩვენი საზოგადოება ისტორიის კრიტიკული გააზრებისთვის მზად არაა. მეორეს მხრივ, ვკარგავთ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ იმჟამინდელი მოვლენების მომსწრენი. მე რომ ახალგაზრდა ისტორიკოსი ვიყო, ყველას ჩავწერდი (მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელი ბანაკიდან იყო, მათ შორის, სამოქალაქო ომის დროს), მრავალსაათიან ჩანაწერებს გავაკეთებდი. ეს უნიკალური წყარო იქნებოდა. კარგი იქნება, ამაზე უნივერსიტეტები ფიქრობდნენ და მათ სახელმწიფომაც შეუწყოს ხელი. უნიკალურ დროს ვკარგავთ, წყაროებს არ ვუფრთხილდებით. მაგალითად, ედუარდ შევარდნაძეს ბოლო წლებში ორიოდ ჟურნალისტმა თუ მიაკითხა, ისიც უცხოელებმა. მოგვწონს თუ არა შევარდნაძე, ის „ცივი ომის“ დროს ერთ–ერთი ფიგურა იყო, მასაც ხომ ჰქონდა თავისი სათქმელი?! მსგავსი ადამიანებისგან მაქსიმალური ინფორმაციის მიღება მნიშვნელოვანია, მათ შორის, ისტორიის გააზრებისთვის, თანამედროვე პოლიტიკისთვის.

ბრძანეთ, არ ვარ დარწმუნებული, ბოლომდე თუ ვისწავლეთ შეცდომებზეო...

– ბუნებრივია, საზოგადოება გაიზარდა, სახელმწიფო ინსტიტუტები გაჩნდნენ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული სახელმწიფო. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ – სოციალურს თუ რაიმე სხვა ტიპისასას. ამის მაგალითია, კონსტიტუციის მიმართ დამოკიდებულება – პერანგივით ვიცვლით. ჯერ ვერ ვიპოვეთ ჩვენთვის მისაღები სახელმწიფებრივი მოწყობა, რომელზეც შევჯერდებთ. მართალია, ამით უნიკალურები არ ვართ – საფრანგეთმაც გაიარა იგივე პროცესი, მაგრამ ისინი ჩამოყალიბდნენ, ჩვენ ჯერ კიდევ ძიებაში ვართ. ცუდი ის არის, რომ ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, ჩვენ კანონმორჩილებით დიდად არ გმოვირჩევით. რაც არ უნდა დემოკრატიული კონსტიტუცია გვქონდეს, ის ვერ იმუშავებს, თუ ხალხისთვის არ არის მისაღები.

ჯერ კიდევ არ გვაქვს გაცნობიერებული მოქალაქის როლი...

– საბჭოთა ცნობიერებიდან გამოგვყვა, რომ ჩვენს ნაცვლად სხვამ უნდა იფიქროს, მთავრობამ უნდა მოაგვაროს ჩვენი პრობლემები, არ გვსურს, თავად ავიღოთ პასუხისმგებლობა. წარმოიდგინეთ, ყველამ რომ თავისი საქმე აკეთოს, უკეთესობა ნამდვილად გვექნება. მაგრამ მაინც „მოკლე“ გზებით სიარულს ვარჩევთ და ასე ხდება ყველა სფეროში – ეკონომიკაში, პოლიტიკაში. ჩვენ ვერ ჩამოვაყალიბეთ ნორმალური პოლიტკური პროცესი. ხელისუფლების შესაცვლელად 30 წლის განმავლობაში გამოვდივართ მიტინგებზე – ქუჩიდან ხდება ხელისუფლების შეცვლა ან მთავრობისთვის ხმის მიწვდენა და წრეზე ვტრიალებთ. თავად პოლიტიკური პარტიებიც არ არიან კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებულნი. მაგალითად, „ნამახვანჰესის“ საკითხი ამომრჩევნების გარკვეულ რაოდენობას აწუხებს – ათასობით ადამიანი გამოვიდა პროტესტზე. სწორედ ეს უნდა იყოს პოლიტიკის პროცესის ნაწილი და არა ის, რამდენი დეპუტატი შევა პარლამენტში. პარტიების მოვალეობაა, წარმოადგენდეს სხვადასხვა სოციალურ და ინტერესთა ჯგუფებს და ეს ინტერესი შემდეგ პარლამენტში ასახოს, ჩვენი პარტიები კი ამას ვერ აკეთებენ, აღმოჩნდნენ არაკომფორტულ დგმარეობაში, მიხვდნენ რა, რომ ხალხის ინტერესი სხვაა, თავიანთი – სხვა. ამის გამოც ღრმავდება ნიჰილიზმი.

და მაინც, როგორ ვხვდებით დამოუკიდებლობის დღეს? რა რისკებით და პერსპექტივებით?

– საქართველო ახლა მართლა გზაგასაყარზეა, დღეს რეალურადაა ქვეყანა რისკის ქვეშ და ეს მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრება არაა: რუსეთი ძლიერდება, მისი გავლენები იზრდება მთელს მსოფლიოში, ჩვენ მის მეზობლად ვართ და მოგვიაზრებს გავლენის სფეროდ. ამ დროს საქართველოს არ აქვს ფუფუნება, ვიწრო საკითხებზე ორიენტირდეს (პარტიულ კინკლაობაში ჩაერთოს) და ამაში კარგოს დრო. პირიქით, შანსი, რომელიც ევროინტეგრაციის სივრცეში გაწევრიანების თვალსაზრისით გვაქვს, უნდა გამოვიყენოთ. ამას ხშირად პარტნიორები უფრო კარგად ხედავენ, ვიდრე ჩვენ და გვეუბნებიან კიდეც. თუ ეს შესაძლებლობების „ფანჯარა“ არ გამოვიყენეთ, შესაძლოა, ისევე დაიხუროს, როგორც ეს იყო პირველი რესპუბლიკის დროს და 1990–იან წლებშიც. ყველამ ვიცით, რომ რუსეთთან – ბირთვულ სახელმწიფოსთან ომს არავინ აპირებს. ამიტომ, ჩვენი ენერგია ახლა მაქსიმალურად უნდა იყოს წარმართული ნატო–სა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ დემოკრატიის განმტკიცებისა და ხალხის სოციალურ–ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხარჯზე, როგორც ეს ბალტიის სახელმწიფოებმა გააკეთეს. მაგალითად, გასულ კვირას საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ „ასოცირების ტრიოს“ მოაწერეს ხელი. ეს, რა თქმა უნდა, ის არაა, რაც ჩვენ გვსურს, მაგრამ სწორი მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯია: გეოპოლიტიკურ ჭრილში მნიშვნელოვანია, ხაზი მკაფიოდ გაივლოს, რუსეთი მიხვდეს, რომ ამ სამ ქვეყანასთან მიმართებაში მას შანსი არ აქვს. მაგრამ თუ თავად ვაზარალებთ თავს არასტაბილური ქვეყნის იმიჯით, დემოკრატიის მიმართულებით უკან სვლით, ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ჩაჭიდებით, არაფორმალური გავლენებით, ჩვენდამი მხარდაჭერა შემცირდება. საქართველოსადმი მთელი დასავლეთის სიმპათიას პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებთან შედარებით მორალური უპირატესობის ქონა განაპირობებდა – იყო დემოკრატიული რეფორმები. თუ ეს უპირატესობა დავკარგეთ, შესაძლოა, ჩვენდამი ინტერესიც გაქრეს.

ფიქრობთ, რომ საქართველოს თემით არ გადაღლილან?

– საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი კიდევ რომ გაგრძელებულიყო, ალბათ, ეს საკითხიც დადგებოდა. ჩვენ თუ გვინდა, რომ დემოკრატიული სივრცის ნაწილი ვიყოთ, იმავე წესებით უნდა ვითამაშოთ. არ შეიძლება, ერთის მხრივ, ინტეგრაცია გინდოდეს, მეორეს მხრივ – ფეოდალური აზროვნების ლიდერები გყავდეს. მსგავსი აცდენა ყოველთვის ქმნის საფრთხეს, შიდა კინკლაობით ყველას მოაბეზრო თავი. სწორედ ესაა რუსეთის ინტერესიც: როდესაც ქვეყნის შიდა და გარე განწყობები დაემთხვევა ერთმანეთს, გადადგას მისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის შემოსამტკიცებლად. სამწუხაროდ, ძალაუფლებისთვის ბრძოლებში ეს ხშირად გვავიწყდება.

ამ თვალსაზრისით თვითმმართველობის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება...

– რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნები ყოველგვარი ადმინისტრაციული რესურსების და მსგავსი მექანიზმების გამოყენების გარეშე ჩატარდეს. ეჭვიც რომ გაჩნდეს მსგავსი მეთოდების გამოყენების თაობაზე, ამან შესაძლოა, მთლიანად შეცვალოს საქართველოსადმი პარტნიორების დამოკიდებულება. მაგალითად, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი ისეთი ქვეყნის ნატო–ში გაწევრიანებას, რომელიც არჩევნებსაც ვერ ატარებს სათანადოდ?ეს ხომ შენზეა დამოკიდებული და თუ ამას ვერ ახერხებ, მაშ რაღაცაშია საქმე.

რუსული ინტერესები ახსენეთ. ფიქრობთ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ რესურსი ამოწურა, რომელსაც „რუსეთის არგაღიზიანებადაც“ აფასებენ? თქვენც ბრძანეთ, რომ ახლა მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვან საკითხებზე ორიენტირება, სახელისუფლებო გუნდის მიმართ კი ხშირად ისმის შენიშვნები, რომ მიუხედავად დეკლარირებული პოლიტიკისა, არასათანადო აქტივობების გამო მაინც ბუნდოვანი რჩება საგარეო ორიენტირები...

ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც ჰყავდათ მთავრობები, რომლებიც დაახლოებით, „ქართული ოცნების“ მსგავს პოლიტიკას ატარებდნენ, მაგრამ მათი სტრატეგია დროებითი იყო: იმავდროულად ძალიან აქტიურად მუშაობდნენ ევროკავშირსა და ნატოში საკუთარი წევრობის ლობირების მიზნით. სწორედ ამას ვერ ვხედავ ჩვენს შემთხვევაში. გასაგებია, რომ შესაძლოა, გეოპოლიტიკური კონიუნქტურაც არ გვიწყობს ხელს, ახლა რუსეთიც უფრო ძლიერია, მაგრამ მაქვს განცდა, რომ ჩვენს პოლიტიკურ ელიტას არ აქვს ხედვები, გვაქვს სტრატეგიული მოაზროვნეების ნაკლებობა, რომლებიც გააანალიზებენ, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ არაორდინალური ვითარებიდან. ამდენად, ჩვენი საგარეო პოლიტიკა ძირითადად რეაგირების რეჟიმშია, მივყვებით დინებას. გარდა ამისა, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ტრადიციული ხედვებიც გადასახედია: საგარეო პოლიტიკის პოსტულატების ჩამოყალიბების შემდეგ 30 წელი გავიდა, საგარეო პოლიტიკა კი იმდენად დინამიკურია, რომ გარკვეული შტრიხების შეტანას ყოველ 3–4 წელიწადში საჭიროებს.

საქართველოს ახლა აქვს უნიკალური შანსი, გაარღვიოს რკალი, რომელსაც საუკუნის განმავლობაში ვერ არღვევდა, თუ შევძლებთ ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და შესაძლებლობის გამოყენებას. ეს ყველაფერი კი შიდა პოლიტიკური ვითარების დალაგებით იწყება, რასაც შემდეგ საგარეო პოლიტიკა ეყრდნობა. ამიტომ, საჭიროა, შედეგებზე ვიყოთ ორიენტირებულნი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები