მრავალმილიარდიანი "საჩუქარი" პუტინს თუ ნაბიჯი უკან მძიმე შეხვედრისთვის?

27-05-2021 18:43:55 ინტერვიუ

აშშ–ის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში არსებული ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უარი თქვა, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის (რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ აქტიურად უწევენ რეკლამას) წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებაზე და პროცესის რიგ დამკვირვებლებში გაჩნდა განცდა, რომ ამით ბაიდენმა დისონანსი შეიტანა კრემლთან მიმართებით საკუთარ პოზიციონირებაში. თავად ბაიდენმა კი გადაწყვეტილება ორი არგუმენტით ახსნა:

  • პროექტი დასკვნით ფაზაშია და რომ ამ ეტაპზე სანქციების შემოღება კონტრპროდუქტული იქნებოდა;
  • ახალი სანქციები აშშ–ს ევროპელ პარტნიორებთან დაუძაბავს ურთიერთობებს.

„იმთავითვე ამ პროექტის წინააღმდეგ ვილაშქრებდი, თუმცა გერმანიას ვერ განვუსაზღვრავ, რა აკეთოს და რა არა. ვაშინგტონი ევროპელ მოკავშირეებთან პროექტის მომავალზე მსჯელობას გააგრძელებს", თქვა ბაიდენმა, თუმცა მის თანაპარტიელი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბობ მენენდესი უკმაყოფილო ჩანს: "ვერ ვხედავ მტიცებულებას, როგორ შეუწყობს ხელს დღევანდელი გადაწყვეტილება აშშ-ის ძალისხმევას, შეაჩეროს ევროპაში რუსეთის აგრესია",– იკითხა ბაიდენის თანაპარტიელმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბობ მენენდესმა.

„რესპუბლიკელმა“ სენატორმა ტედ კრუზმა კი გადაწყვეტილებას "პუტინისთვის მრავალმილიარდიანი საჩუქარი" უწოდა:

"მაინტერესებს, მოვა თუ არა ბაიდენის ამ მრავალმილიარდიანი საჩუქრის შემდეგ პუტინი 16 ივნისს მასთან მოლაპარაკებებზე საზეიმო ტორტით?!".

რა არის პროექტი "ჩრდილოეთის ნაკადი -2"

პროექტი "ჩრდილოეთ ნაკადი-2", რომელიც რუსული გაზის გერმანიისკენ ბალტიის ზღვის ფსკერით ტრანსპორტირებას ითვალისწინებს, თითქმის დასრულებული იყო, როდესაც ამერიკული სანქციების გამო “გაიყინა”. 2019 წლის დეკემბრიდან სამუშაოები შეწყდა. თუმცა 2020-ის მაისის დასაწყისში გაჩნდა ცნობა: რუსეთი გეგმავს, მშენებლობა უცხოელი კონტრაქტორების გარეშე, ხომალდ "Академик Черский"-ს მეშვეობით დაასრულოს, რომელიც გერმანულ პორტ მუკრანის აკვატორიაში ჩამოდგა. ამ ცნობის საპასუხოდ აშშ რუსული “გაზპრომისა” და რამდენიმე ევროპული ენერგოკომპანიის ერთობლივ პროექტს ახალი სანქციებით დაემუქრა. თავის ბოლო სამუშაო დღეს, 19 იანვარს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სანქციები დაუწესა რუსულ კომპანია KVT-RUS-ს, რომელიც ზღვის ფსკერზე მილების გამყვანი გემის მფლობელია. ამერიკაში არჩევნებისა და ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, კერძოდ, 5 თებერვლიდან „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის პროცესი კვლავ განახლდა. მშენებლობის შესაჩერებლად ამერიკის კონგრესის ორპარტიული თანხმობით, კონგრესმენები და სენატორები ჯო ბაიდენისგან მოითხოვდნენ, რომ მას ამ პროექტის წინააღდმდეგ დამატებითი სანქციები დაეწესებინა. 20 მაისს ცნობილი გახდა, რომ აშშ–მა "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებელ კომპანიას "ჩრდილოეთ ნაკადი 2 AG" სანქციები მოუხსნა. ამასთან, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მათიას ვარნინგისთვის დაწესებული სანქციებიც გააუქმა და ბაიდენმა ახალ სანქციებზე უარი განაცხადა.

“ჩრდილოეთ ნაკადი 2" მოწოდებულია, უზრუნველყოს რუსული ენერგორესურსების მიწოდება კიევისგან დამოუკიდებლად, რომელთანაც მოსკოვს უკვე მრავალწლიანი კონფლიქტი აქვს, მათ შორის – გაზის ტრანზიტის საკითხთან დაკავშირებით.

„ჩდილოეთის ნაკადი 2“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა გაზსადენია, რომელიც 1,200 კილომეტრის სიგრძისაა და წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრის გაზის გადაქაჩვა შეუძლია რუსეთიდან გერმანიაში.

ბაიდენის „მწვანე შუქი“ პუტინის საამაყო პროექტს?

აშშ–ის „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი სტივენ ბლენკი გადაწყვეტილებას სერიოზული შეცდომად და აშშ-ის მიერ რუსეთთან ურთიერთობებში უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

როგორც ამერიკელი მკვლევარი „აქცენტთან“ განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომით, მოკავშირეებთან ურთიერთობა პრიორიტეტულია, გადაწყვეტილება აშშ–ისა და ევროპის მიმართ უკრაინის ნდობას ძირს უთხრის, რუსეთს კი „ეუბნება, რომ იგი დასავლეთის ალიანსიდან გერმანიის „გაყვანას“ ახერხებს“:

„აღნიშნული ნაბიჯი აჩვენებს, რომ გერმანია და საფრანგეთი არც ძალიან ზრუნავენ უკრაინაზე და პრივილეგიებს რუსეთთან კავშირებს ანიჭებენ. საბოლოო ჯამში, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ზრდის ევროპის ენერგოდამოკიდებულებას რუსეთზე და უფრო მეტად უთხრის ძირს ევროპის ერთიანობას არა მარტო ენერგეტიკულ, არამედ, რა თქმა უნდა, სხვა საკითხებზეც“.

ევროპის ერთიანობის თვალსაზრისით ცვლილებებს არ ელის ქართველი მკვლევარი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი გობრონიძე, ფიქრობს, რა რომ ზოგადად, ერთსულოვნების მიღწევას ევროპის რიგი სახელმწიფოების რუსეთთან პარტნიორობის მიზანშეწონილობისადმი დამოკიდებულება ართულებს:

„სახელმწიფოთა ნაწილისთვის რუსეთთან პარტნიორობა მიზანშეწონილია და ისინი ამ პროექტით [ ჩრდილოეთის ნაკადი 2–რედ. ] არიან დაინტერესებულნი. სახელმწიფოთა ნაწილისთვის კი რუსეთი საფრთხეა. ჯამში ეს განლაგება არ შეიცვლება“.

„ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოების ფონდის“ დირექტორი ოტო ტაბუნსი იზიარებს ბლენკის შეფასებას აშშ–ის დამოკიდებულებას პარტნიორებისადმი, თუმცა თვლის, რომ გადაწყვეტილების საფუძველი რამდენიმე ფაქტორი გახდა:

„შიდა საფრთხეს მოკავშირეებს შორის დაყოფის თაობაზე უფრო მეტი პრიორიტეტი მიენიჭა, ვიდრე გარე საფრთხე რუსეთს. რა თქმა უნდა, გერმანია ფორმალურად და პრაქტიკულად ამერიკისთვის უფრო ახლო პარტნიორია, ვიდრე უკრაინა. ახლა მნიშვნელოვანი იქნება ის მოქმედებები, რომლებიც მოჰყვება ამ გადაწყვეტილებას. ვაშინგტონმა შესაძლოა, აირჩიოს კიევის მხარდაჭერის სხვა გზა, რომელიც ბერლინისთვის ნაკლებად პრობლემური იქნება“.

გიორგი გობრონიძემ კი აშშ–ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება 16 ივნისისთვის პუტინთან დაანონსებული შეხვედრის წინ კონსტრუქციული გარემოს შექმნის მცდელობად აღიქვა, მთავარ გადაწყვეტილებებს კი სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ ელის.

„ამერიკამ პირველი ნაბიჯი გადადგა და ელოდება შემხვედრ ნაბიჯს, რომელიც დაგეგმილ შეხვედრაზე გამოიკვეთება. ძალიან რთული შეხვედრა იქნება: ბაიდენი არ არის პუტინთან ტრამპის მსგავსად კონსტრუქციულ დიალოგზე ორიენტირებული პოლიტიკოსი. მთავარ გადაწყვეტილებებს შეხვედრის შემდეგ ველოდები და შეხვედრის შედეგები გამოაჩენს, რა მოხდა იქ რეალურად. არც ამერიკელ დიპლომატებს და ანალიტიკოსებსაც, არც რუსებს აქვთ პასუხი, რა კონკრეტული შედეგით შეიძლება, გამოვიდეს ერთი ან მეორე მხარე, რადგან საკმაოდ რთული მოლაპარაკება ელოდებათ. ასეთი რთული მოლაპარაკება ვფიქრობ, ცივი ომის რეჟიმის შემდეგ არ ყოფილა“,– ამბობს „აქცენტთან“ გობრონიძე.

ის ფიქრობს, რომ აშშ–ის ადმინისტრაციას რუსეთისგან საფრთხის ქვეშ მდგომი პარტნიორების ინტერესების გათვალისწინება მოუწევს:

„იმ პირობებში, როდესაც უკრაინა ჯერ კიდევ ამხელა პრობლემების წინაშე დგას, ბუნებრივია, გადაწყვეტილება [ჩრდილოეთის ნაკადი 2–თან მიმართებაში] შეშფოთებას გამოიწვევდა და არა მხოლოდ უკრაინის: დარწმუნებული ვარ, ევროკავშირში რუსეთის მუდმივი ოპონენტები და ქვეყნები, რომლებიც რუსეთისგან საფრთხის ქვეშ დგანან, საკმაოდ უკმაყოფილონი იქნებიან. შესაბამისად, აშშ–ის ადმინისტრაციას იმის გათვალისწინებაც მოუწევს, რომ არ დააზარალოს და ჩრდილი არ მიაყენოს თავის ურთიერთობას აღმოსავლეთ და ჩრდილო–აღმოსავლეთ ევროპაში თავის ახალ მოკავშირეებთან“.

„სანქციების ალტერნატივა, რათა პროექტი პუტინისთვის უპირატესობის მიმცემი არ იყოს

„ჩემი აზრით, ამ პროექტის შეჩერების ერთადერთი გზა, შესაძლოა იყოს კოორდინირებული საერთაშორისო შემზღუდველი ზომები, რომელიც მის მხარდამჭერს ეროვნულ ზარალს მოუტანს“,– ამბობს „აქცენტთან“ ოტო ტაბუნსი, თუმცა იქვე დასძენს, რომ „მსგავსი სურვილი მინიმუმამდეა დაყვანილი პანდემიის ეკონომიკური შედეგებისა და სხვა საკითხების გამო“:

„შესაბამისად, ვითარების შეცვლის სურვილი შესაძლოა, სწრაფად არ გამოჩნდეს“.

გიორგი გობრონიძის დაკვირვებით კი, მართალია, რუსეთს საკუთარი ენერგორესურსებით მანიპულაციის შესაძლებლობა აქვს და ამ ბერკეტების გამოყენებისგან კრემლი თავს არ იკავებს, თუმცა მეორეს მხრივ, ევროკავშირსაც აქვს დივერსიფიცირების შესაძლებლობა:

„როდესაც შენი მომარაგება დივერსიფიცირებულია, იქ პრობლემები ნაკლებია. მთავარია, დივერსიფიკაცია რამდენად სწორად მოხდება. არავინ უარყოფს, რომ ეს პროექტი საფრთხეებს შეიცავს და რომ შესაძლოა, საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად იქნეს პრაქტიკაში გამოყენებული, თუმცა ამისგან თავის დაცვის მექანიზმებიც არსებობს პროექტის არაკრძალვის პირობებშიც: შესაძლოა, ძვირი ჯდება, მაგრამ იგივე გერმანიამ მოახდინა რუსული ენერგორესურსების დივერსიფიცირება და არაა რუსულ ნავთობსა და გაზზე იმგვარად დამოკიდებული, როგორც ადრე იყო – გაჩნდნენ სხვა მიმწოდებლებიც. ამას რაღაც დოზით საქართველოც კი ახერხებს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები