როდის აისახება ეკონომიკური ზრდის ისტორიული მაჩვენებელი მოქალაქეების ყოფაზე?

31-05-2021 17:53:50 ეკონომიკა ,კომენტარი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ორიოდ დღის წინ წარმოდგენილი დრამატული მაჩვენებლის შემდეგ, რომ ჩვენი თანამოქალაქეების 21.3% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა იმყოფება, რაც გულისხმობს, რომ 72,000 ადამიანს ხელი არ მიუწვდება აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე, ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებში პოზიტიური დღის წესრიგი გაჩნდა: წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა, პირველი ოთხი თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა კი 8.1% შეადგინა.

მართალია, პრემიერ–მინისტრი გვარწმუნებს, "ეს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგიაო“, არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელის გიორგი კეპულაძის დაკვირვებით კი – ბუნებრივი პროცესი, როდესაც რეცესიას ეკონომიკური ზრდის გამოცოცხლება მოსდევს, მაგრამ შედეგისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა.

„აღდგენის ტემპი უფრო სწრაფად წავიდა, რასაც ეკონომისტები, კვლევითი ორგანიზაციები პროგნოზირებდნენ. მსოფლიოს თუ გადავხედავთ, ეკონომიკური ბუმია, ძირითად ვალუტებში საპროცენტო განაკვეთები (დოლარში, ევროში, ფუნტში) ისტორიულ მინიმუმზეა, ყველა ქვეყანა ცდილობს, მეტი დახარჯოს ეკონომიკის სტიმულირებისთვის და ჩვენც უნდა შევეცადოთ, რომ საერთო ეკონომიკური ბუმიდან „ტორტის ნაჭრები“ შეგვხვდეს, რომელიც, როგორც წესი, რეცესიას მოჰყვება ხოლმე“,– ამბობს „აქცენტთან“ კეპულაძე.

კეპულაძის ანალიზით, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ორი ფაქტორი იქნება:

„ამ ეტაპზე ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და მათთვის სათანადო გარემოს შექმნა იქნება და ადგილობრივი დაკრედიტება კომერციული ბანკების მხრიდან, რომელიც ამ წლის დასაწყისში ზომიერი ზრდის ტემპით ხასიათდება“.

ამასთან, კეპულაძე კორონავირუსის „მეოთხე ტალღის“ მოლოდინში ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებაზე და შეზღუდვების მოხსნის აუცილებლობაზე საუბრობს:

„აუცილებელია ვაქცინაცია, რეგულაციების მოხსნა, რის საშუალებასაც სწორედ ვაქცინაცია მოგვცემს და ასევე აუცილებელია წესების დაცვა, რაც გულისხმობს პირბადის ტარებას, პირად ჰიგიენას და დისტანციას. ვხედავთ, რომ დამატებითი რეგულაციები ეკონომიკისთვის მხოლოდ პრობლემებს ქმნის. საზღვრების გახსნისა და „კომენდანტის საათის“ სულ რაღაც ორიოდ საათით გადაწევის დაანონსებამაც კი ოპტიმისტური მოლოდინები შექმნა და ამან ლარის კურსზე დადებითად იმოქმედა. თუ ეს პოზიტიური მოლოდინები მაკრო–ეკონომიკური მონაცემებით გამყარდება, შესაძლებელია, ლარის კურსი კიდევ მეტად გამყარდეს და დასტაბილურდეს, მით უფრო გაზრდილი ტურისტული ნაკადების ფონზე“.

როდის აისახება ეკონომიკური ზრდა მოქალაქეზე?

როგორც კეპულაძე გვეუბნება, აღნიშნული მიმართულებით ცვლილებებს ახლო მომავალში არ უნდა ველოდოთ:

„სამწუხაროდ, ძალიან მალე ვერ აისახება მოქალაქეების „ჯიბეებზე“: საკმაოდ მაღალია ინფლაცია, ხარჯი გაზრდილია. ეკონომიკური რეალური ზრდის ეფექტი (მათ შორის, სამუშაო ადგილების გაჩენის, ხელფასების ზრდისა და ფასების სტაბილურობის კუთხით) რომ მოქალაქეებმა შეიგრძნონ (რაც მოქალაქის მთავარი ინტერესია), ამას დრო სჭირდება (თუმცა, როგორც ამას პრაქტიკა გვაჩვენებს, წლები სჭირდება ხოლმე): ზრდა უნდა იყოს მდგრადი, განგრძობადი და არა ციფრებით მანიპულაციის შედეგად მიღებული: უნდა დავაკვირდეთ ტენდენციას, როგორი იქნება მაისში ეკონომიკური ზრდა, როგორი იქნება კვარტალი და შემდეგ უფრო შეგვეძლება მსჯელობა. მაღალი ინფლაციის ფონზე ხარჯი გაზრდილია, შემოსავალი – შემცირებულია – ყველა სტატისტიკური მონაცემი თუ გამოკითხვა აჩვენებს, ამ მძიმე მდგომარეობას. ამდენად ეკონომიკური ზრდის დღევანდელი მაჩვენებელი არ ნიშნავს, რომ ეკონომიკური კრიზისი დავძლიეთ. აღდგენის პროცესი ადრე თუ გვიან დაიწყებოდა, მაგრამ ვისურვოთ, რომ უფრო სწრაფად წავიდეს ეს პროცესი, ვიდრე იყო მოსალოდნელი ან დაგეგმილი და იყოს მდგრადი“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები