ვასაძე-დუგინის ფანდი კრემლის ახალ წინასაარჩევნო თამაშში

04-06-2021 01:45:38 მითები და რეალობა ,ინტერვიუ

„ტანკები თბილისზე“ – ამ ცნობილი ფრაზის ავტორმა, კრემლის პროპაგანდისტმა ალექსანდრე დუგინმა, როგორც ჩანს, უკანასკნელ პერიოდში ანტიდასავლური განწყობებით ცნობილი ქართველი „რაინდის“ ლევან ვასაძის „პიარ–მენეჯერობაც“ იტვირთა, ცდილობს რა, მათ შორის, კრემლისთვის ავტორიტეტულ ფიგურად წარმოჩენას. თავად ვასაძესთან აფილირებული მედიასაშუალებები და ფეისბუქ–გვერდები კი „შრომობენ“, დუგინი რუსეთში გადაწყვეტილების მიმღებ ფიგურებთან ახლო კავშირში მყოფ, გავლენიან პერსონად შემოგვთავაზონ, რაც, თუ სურათს ფართო კონტექსტში დავინახავთ, ქართულ საზოგადოებაში რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების შანსის მორიგი ილუზიის შექმნის მცდელობას უფრო ჰგავს, რომ ეს „შანსი“ თითქოს სწორედ ვასაძეს უკავშირდება.

ვიდრე კრემლის მორიგ წინასაარჩევნო განტოლებაში დუგინი–ვასაძის ტანდემის როლის დეტალურ განხილვას შევუდგებოდეთ, გთავაზობთ ამონარიდს დუგინის ერთ–ერთი უკანასკნელი ინტერვიუდან, რომელიც მან «ალტინფოს» მისცა და რომელიც რუსული პოლიტიკური ელიტისთვის გარკვეული მსჯელობის შეთავაზების საფარქვეშ, ვასაძის სასარგებლოდ ამომრჩეველთა მობილიზების მცდელობას ჰგავს კრემლის ტრადიციული პროპაგანდსტული გზავნილებით – „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება – ევროატლანტიკურ კურსზე უარის თქმისა და ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ», ასევე ფანდებს „ერთმორწმუნეობისა“ და „ერების ისტორიული სიახლოვის“ თაობაზე:

„იმ ღრმა შინაგანი კულტურისა და ქართული თავაზიანობის მიუხედავად, რომელსაც ბატონი ვასაძე აზრის დაფიქსირებისას იჩენს, იგი არსად და არასოდეს წასულა კომპრომისზე იმ საკითხში, რომ საქართველო უნდა იყოს ერთიანი — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით. ასეთი იყო და არის მისი ხედვა. შესაბამისად, ჩვენც [რუსეთს — რედ.] გვმართებს, ამ საკითხში ჩამოვყალიბდეთ: ან ვინარჩუნებთ ამ ანკლავებს (რომელთა მომავალი თავად რუსეთისთვის, პერსპექტივაში, ცოტა არ იყოს, გაუგებარია) და ამით მუდმივად ცეცხლზე ნავთს ვასხამთ ქართველებთან ურთიერთობაში, ან ვფიქრდებით, რა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ვასკვნით, რომ ეს სუვერენული საქართველოს ნამდვილი ნეიტრალიტეტია. ჩვენთვის კი საქართველოს ნეიტრალიტეტი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა არ იყოს დამოკიდებული დასავლეთზე და არ იყოს ნატო-ს წევრი — რუსეთისთვის ეს საკმარისია. თუმცა ეს საკმაოდ რთული დილემაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისურვებდით, რომ ყველაფერი მთლად ევრაზიულად ყოფილიყო. მაგრამ იცით, მეც კი, რაც მეტად ვსწავლობ ისტორიას, მით მეტად ვრწმუნდები, რომ იყო იმპერია — ეს ხელოვნებაა და როცა ჩვენ მეტისმეტად ვახვევთ ვინმეს თავს ჩვენს ერთპიროვნულ ნებას (იგივეს აკეთებდნენ თავის დროზე რომაელები, ბიზანტიელები და ა.შ.), ეს კანონზომიერად ნეგატიურ დამოკიდებულებას წარმოშობს ჩვენთან ინტეგრაციის მიმართ. თუ ჩვენ იმპერიათმშენებლობის უნარს დავკარგავთ, ადრე თუ გვიან, შესაბამის შედეგებს მოვიმკით. ამ მხრივ ის, რაც საქართველოსთან ურთიერთობებში ხდება, ჩვენი ბრალია. ამიტომაც ვამჯობინებ, რომ რუსეთს სუვერენულ, სრულფასოვან, დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან ჰქონდეს საქმე, რომლებიც არ იდგებიან ჩვენი მტრების მხარეზე და იქნებიან ან ნეიტრალურები, ან — კიდევ უკეთესი - ჩვენს მიმართ მეგობრულები, ვიდრე უშუალო ვასალებთან. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ვასალიზაციაზე — ეს არის გაკვეთილი, რომელიც რუსეთის თანამედროვე ისტორიიდან გამოვიტანე“.

ვინ არის დუგინი

„ქართველებს რუსეთში დუგინის გავლენის გაზვიადება გვჩვევია. მეინსტრიმული აზრი, რომ „დუგინი კრემლის მთავარი იდეოლოგი, პუტინის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველია“, მნიშვნელოვანწილად მცდარია. კრემლის აკადემიურ წრეებში მას გარკვეული გავლენა ნამდვილად აქვს, გარკვეული კავშირი აქვს სახელისუფლებო წრეებთან და ამასთანავე, ჰყავს თავისი „მრევლიც“ – „მუშაობს“ საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველზე, ასრულებს კრემლის გარკვეულ დაკვეთებს, ანუ აკეთებს საქმეს, რაშიც ფულს უხდიან. თუმცა ამავე საქმეს აკეთებს უამრავი სხვაც. დუგინი რეალურად, საშუალო გავლენის მქონე პროპაგანდისტია, თუმცა, რა თქმა უნდა, სხვებზე არანაკლები ბოროტება“ – ამბობს „აქცენტთან“ "საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი დავით ბრაგვაძე.

მორიგი სახიფათო ილუზია

ბრაგვაძის დაკვირვებით, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში მართლაც არსებობს მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზების განწყობა. ამას ანალიტიკოსი არც თავად ეწინააღმდეგება, თუმცა რეალური და არა ილუზორული შესაძლებლობების გამოყენებით. ვასაძესთან აფილირებული მედიის მიერ „რაინდის“ მოსკოვური კონტაქტების მნიშვნელობის გამიზნულ გაზვიადებას, მათთან ვასაძის შეხვედრების ერთგვარ საჯაროობას კი იგი სწორედ ილუზორული შესაძლებლობების წარმოსახვის კონტექსტში განიხილავს:

„ვითარების იმგვარად წარმოჩენა, რომ ვასაძის მოსკოვური კონტაქტი კრემლის მთავარი იდეოლოგია, არა უბრალოდ ილუზიაა, არამედ სახიფათო ილუზიაც: ეს აჩენს მცდარ განცდას, რომ ვასაძეს პირდაპირი წვდომა აქვს რუსეთის სახელისუფლებო წრეებთან, რაც რეალობას არ შეესაბამება. ვასაძე არ არის ამ მასშტაბის ფიგურა (ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსი, რომელზეც შეიძლება, ვთქვათ, რომ პირდაპირი წვდომა ჰქონდა კრემლთან, არის ნინო ბურჯანაძე, მსგავსი მასშტაბის სხვა პრორუსი პოლიტიკოსი არ ყოფილა) და არც დუგინია ის პერსონა, რომელიც ვასაძის სათქმელს მიიტანს კრემლთან: ვიღაცასთან ალბათ, კი მიიტანს, ის ვიღაც – კიდევ ვიღაცასთან. უშუალოდ ვასაძე კი როგორც ჩანს, ქართულ პოლიტიკაში „პატრიოტთა ალიანსის“ ალტერნატივა, ახალი პროექტია – ფიგურა, რომელსაც ბიოგრაფია გაცილებით უფრო მეტად აკავშირებს რუსეთთან, ვიდრე იგივე ირმა ინაშვილს, და ეს ყველაფერი შეფუთულია „კონსერვატიულ ნაციონალისტურ“ საბურველში – «ქართველი პატრიოტი», «ეკლესიის ჭეშმარიტი შვილი» და ა.შ., – მთელი «თაიგულია» სტერეოტიპული ქართველის თვისებებისა, რომლებიც მოსწონთ რუსეთში და თვლიან, რომ ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილშიც იწვევს დადებით ემოციას. სიახლე აქ მხოლოდ ისაა, რომ ვასაძის კონტაქტი არა უშუალოდ პოლიტიკური ფიგურაა, არამედ რუსეთის აკადემიური წრეებიდან (იქაური სტანდარტებით), რომლის გავლენაზეც ჩვენთან აშკარად გაზვიადებული წარმოდგენები არსებობს“.

დავით ბრაგვაძე კიდევ ერთ სახიფათო გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ვასაძე არ მალავს საკუთარ კონტაქტებს, მეტიც, თუ მის გზავნილებს დააკვირდებით, ერთ-ერთი მთავარი ასე ჟღერს: „მე უკვე შევაცვლევინე საქართველოზე აზრი რუსეთში ერთ-ერთ გავლენიან ფიგურას – დუგინს, ეს კი ნიშნავს, რომ მთლიანობაში რუსეთში იცვლება საქართველოს მიმართ პოზიციაო“... დუგინის ბოლოდროინდელ „სინქრონებში“ შესაძლოა, მართლაც ვხედავდეთ საქართველოს მიმართ ტონის ერთგვარ შეცვლას, თუმცა ეს რეალურად, შესაძლოა, იმაზე მიანიშნებდეს, რომ ახალ გზავნილებს „ტესტავენ“ – „თუ ვასაძე კრემლის მთავარ იდეოლოგს“ გარკვეულ საკითხებზე მოსაზრებებს შეაცვლევინებს, ეს ნიშნავს, რომ კრემლი და პუტინი იცვლიან დამოკიდებულებას“, რაც ცალსახა ტყუილია! ერთი რომ, როგორც უკვე ვთქვით, დუგინი (სრულიადაც გულწრფელი რომც იყოს) არაა ამ მასშტაბის ფიგურა და მეორეც, ვინც არ უნდა იყოს ქართველი პოლიტიკოსების კონტაქტი რუსეთში, რუსული რეალური პოლიტიკა ამ პროპაგანდისტული გზავნილებისგან ცალსახად განსხვავებულია“.

როგორია კრემლის რეალური პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში

რუსეთი ამ დრომდე არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმებას და არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს; აგვისტოს ომის შემდეგ ათასობით ქართველი იქცა დევნილად საკუთარ სამშობლოში და ამ საკითხის დაყენებისას რუსეთის წარმომადგენლები ყოველ ჯერზე დემარშით ტოვებენ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში გამართულ შეხვედრებს; სადღეისოდ არსებული მოცემულობით, რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ორ განუყოფელ ნაწილზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე; მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ უშვებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას; კრემლმა საქართველოს ეს ორი რეგიონი აღიარა "დამოუკიდებელ სახელმწიფოდ" და არათუ არ განიხილავს ამ გადაწყვეტილების უკან გაწვევის შესაძლებლობას, არამედ ანექსიისკენაც დგამს რეალურ ნაბიჯებს; გრძელდება მცოცავი ოკუპაცია საქართველოს ტერიტორიის მავთულხლართების შემოღობვის სახით (და ეს ყოველდღიურობად იქცა), რის გამოც უკვე ომის შემდეგ მოქალაქეებმა დაკარგეს სახლები და სახნავ-სათესი მიწები; საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან, მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადიდან, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს; ოკუპაციას უკანასკნელ წლებშიც ჰყავს მსხვერპლი ოთხოზორიას, ტატუნაშვილის, ბაშარულისა და კვარაცხელიას სახით – არც ერთ აღნიშნულ საქმეზე მართლმსაჯულება არ განხორციელებულა! ყურადღებას ამ შემთხვევაში აღარ გავამახვილებთ ეკონომიკურ ბერკეტებზე, რომლებსაც რუსეთი ყოველი შესაძლებლობისთანავე იყენებს საქართველოს წინააღმდეგ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები