ბავშვები ნინოწმინდის პანსიონიდან: რას ყვებიან ყოფილი აღსაზრდელები სოცმუშაკებთან?

04-06-2021 14:05:50 საზოგადოება

ნინოწმინდის ბავშვთა სახლის დრამა გრძელდება: მიუხედავად კანონით მინიჭებული უფლებისა, სახალხო დამცველს ამ დრომდე არ ეძლევა მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა და არც სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ ნაწილში კანონის აღსრულებას. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ნინოწმინდის თავშესაფრიდან გაჰყავთ ბავშვები, რომელთაც შესაბამისი სურვილი გამოთქვეს – ამ წუთებში დაწესებულებაში სოციალური მუშაკები იმყოფებიან. ირკვევა, რომ დაწესებულება რამდენიმე დღის წინ 6–მა ბავშვმა დატოვა, 10–თან კი მუშაობა გრძელდება. მათი ასაკი 10–დან 16 წლამდეა. ბავშვები, რომელთაც თავშესაფარი უკვე დატოვეს, გადაწყვეტილების ოფიციალურ მიზეზად ქალაქთან ახლოს ყოფნის სურვილს ასახელებენ, თუმცა ინდივიდუალური ინტერვიუებისას სხვადასხვა მიზეზები იკვეთება, მათ შორის, შესაძლო ძალადობა. ამ ეტაპზე ამ ეტაპზე ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის პანსიონში 47 ბავშვი რჩება

სოციალური ზრუნვის სააგენტოს ხელძღვანელი მერი მაღლაფერიძე ამბობს, რომ ბავშვებთან სპეციალისტები მუშაობენ, შესაძლო ძალადობის თაობაზე კი შსს ინფორმირებულია.

„მათთვის რთულია როგორც ძალადობაზე საუბარი, ისევე მედიის მხრიდან მათ მიმართ მაღალი ინტერესი“ – ამბობს მერი მაღლაფერიძე.

მაღლაფერიძე იზიარებს არასამთავრობოების აქცენტს დიდი დაწესებულებების საოჯახო ტიპის სახლებად ქცევის აუცილებლობას, ამბობს, რომ ამაზევე მიანიშნებს პრობლემები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში და თავად რომ იყოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, ექნებოდა იგვე მოთხოვნა, რომ ბავშვები ნინოწმინდის პანსიოდიდან სასწრაფოდ გადმოიყვანონ.

მისივე თქმით, გასული წლის 10 თვის განმავლობაში სოციალურ მუშაკებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლის უფლება შეზღუდული ჰქონდათ, იყო ბენეფიცირებთან მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია, რაც სურათის რეალური ასახვის შესაძლებლობას არ იძლევა:

„მსგავსი პანსიონები დიდი ხანია, ფუნქციონირებს, თუმცა 2015 წელს მათი ლიცენზირება მოხდა და დაიწყო ბაშვების შეფასებისა და ოფიციალურად ჩარიცხვის პროცესი. ამის შემდეგ სოციალურ მუშაკებს გასული წლის ზაფხულის დასაწყისამდე პრობლემა არ შექმნიათ. ვთვლი, რომ აუცილებელია, დიდი ზომის დაწესებულებები მონიტორინგდებოდეს ინტენსიურად და შესვლის შესაძლებლობა უნდა ეძლეოდეს ყველა იმ პირს, ვისაც ამის უფლება აქვს კანონით მინიჭებული. მონიტორინგი აუცილებელია სწორედ იმიტომ, რომ უფლებების დარღვევის რისკები მაღალია“.

თავად შსს–ში აცხადებენ, რომ 2016 წლიდან დღემდე, აღნიშნულ პანსიონატთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს. გამოძიების დაწყების საფუძველი ორ შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული წერილი, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან მომართვა გახდა.

ძალოვან უწყებაში ირწმუნებიან, რომ საქმის გარემოების დადგენისათვის აუცილებელი ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედები ჩატარდა, მათ შორის ექსპერტიზები, „თუმცა, ამ ეტაპზე საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი“:

„მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე მუდმივ რეჟიმში აგრძელებს საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, რათა სრულყოფილად და ობიექტურად იქნეს გამოძიებული დანაშაულის ყველა შესაძლო ჩადენის ფაქტი“.

ამასთან, შსს–მ მედიით გავრცელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტზე მორიგი გამოძიება დაიწყო..

ახალი ამბები

სხვა სიახლეები