„მეუფე იაკობის განცხადებები დასჯადია!“ – რატომ არ ერიდება სასულიერო პირი პოლიტიკურ პოზიციონირებას?

10-06-2021 17:15:47

სკანდალური განცხადებებით ცნობილმა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და მორიგი პოლიტიკური განცხადებები შემოგვთავაზა. ამჯერადაც მისი კრიტიკის ობიექტები ექს–პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდნენ.

მეუფე, რომელიც თავად არ ერიდება პოლიტიკურ განცხადებებს, მათ შორის, დააანონსა, რომ „ჩვენ მოვიყვანთ ახალ ძალადო“ და პროცესის დამკვირვებლები მას ხშირად მიუთითებენ კონკორდატზე, ექს–პრემიერს საეკლესიო საქმეებში უხეშ ჩარევაში თავად სდებს ბრალს.

„ბატონი გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ზედმეტ პატივად მიმაჩნია გახარიაზე ბევრი ვილაპარაკო. მე ის მიკვირს - ეკლესიას ისე ექცეოდა, როგორ შეიძლება რომ მობრუნდეს. ადამიანი, რომელიც პრემიერი ან შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა. მასზე არაფერი ტყუილი არ მაქვს ნათქვამი. გიდასტურებთ, რაც ვთქვი. ხომ იძახოდით ჩემზე, „ნასვამმა თქვაო“, ფხიზელი გეუბნებით ამას. ვინც „ოცნებას“ უჭერდა მხარს, გახარიას რატომ უნდა მისცეს ხმა. გადახედეთ, ვინ უდგას გვერდით. ან სრული „ლოკდაუნი“ გინდათ? თუ გინდათ, სხვასაც შეუძლია მაგის გაკეთება. რა აქვს გაკეთებული, სტრატეგია ჰქონდა სწორი?“,- განაცხადა მეუფე იაკობმა. ამათი შეცდომა ის იყო, პიარი უკეთეს “კრიზის მენეჯერი“ , მე გეუბნებით, რომ კრიზის მეიკერია და არა მენეჯერი. ვითომ „ოცნების“ ჩაჩოჩება უნდათ და ამათი მოყვანა. კარგად გადახედეთ, ვინ საიდან, ვისგან იმართება, ვისგან არიან წარმოგზავნილები“,– განუცხადა ჟურნალისტებს მეუფე იაკობმა.

მიხეილ სააკაშვილს კი „გაქცეული“ უწოდა და ურჩია, რომ სასულიერო პირეს არ ეუხეშოს:

„რომ გინდა ისევ ქვეყანაში პირველკაცობა და მობრუნება, იქიდან რომ გვეუხეშები... გაიხსენოს, აქ თუ მიბედავდა რამეს, დამალული რომაა. ჩამოვიდეს აბა და შემხვდეს. ბელადომანიას უნდა მოვეშვათ. ბიძინა ხომ წავიდა, ისიც წავიდეს და მელიაც [ენმ–ის თავმჯდომარე] სხვაგვარად მოიქცევა. გაიხსენონ 2012–2013 წლის არჩევნები და რატომ წააგეს?. დამიპირისპირდნენ და ნახავენ რასაც მიიღებენ. თუ უნდათ ასე მაჩანჩალები იყვნენ, კი ბატონო, მაგრამ თუ უნდათ, საქართველოსთვის კარგი აკეთონ, წესიერად მოიქცნენ“.

თეოლოგი გოჩა ბარნოვი თავად განცხადებების შინაარსს სერიოზულად არ აღიქვამს, მაგრამ ფიქრობს, რომ მეუფე საპატრიარქოს სურვილებს აჟღერებს.

„ძალიან დაახლოებული პირია საპატრიარქოსთან, მჭიდრო კავშირი აქვს პატრიარქის დასთან“,– აღნიშნავს „აქცენტთან“ თეოლოგი.

ბარნოვი საეკლესიო კანონებზე მიუთითებს და ამბობს, რომ მეუფის ქმედება დასჯადია:

„რამდენად აღსრულებადია მისი სურვილები, მეორე თემაა (ყოველ შემთხვევაში, მე მისი აღსრულებული მუქარები არ მახსენდება), მაგრამ თავად ის გარემოება, რომ მსგავსი განცხადებები მღვდელმთავრების მხრიდან ჟღერდება, მიანიშნებს საქართველოს ეკლესიაში მღვდელმთავრების მორალურ კრიზისზე. გვახსოვს, ამას წინათ თქვა[მეუფე იაკობმა], რომ არ დაუშვებს სააკაშვილის ჩამოსვლას, იარაღს აისხამენ და შეებრძოლებიან – ეს ძალიან ცუდი განცხადებაა, სასულიერო პირის პოლიტიკურ, საერო საქმეებში ჩარევა, რაც მკაცრადაა აკრძალული საეკლესიო კანონებით: არსებობს მოციქულთა კანონები, მეოთხე და მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრებების კანონები. ამიტომ, მისი ქმედება დასჯადია – ის სინოდის მიერ უნდა დაისაჯოს, მაგრამ ვიმეორებ, რომ ის საპატრიარქოსთან ყველაზე მეტად დაახლოებული პირია“.

თეოლოგი ამბობს, რომ საეჭვო რეპუტაციის სასულიერო პირების აღზევება და მათ მიერ განუზომელი ძალაუფლების დაუფლება წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და ის ყურადღებას კონკორდატის გაუქმების აუცილებლობაზე საუბრობს:

„სწორედ 2008 წლიდან იწყება ასეთი ადამიანების ეპისკოპოსების რანგში აღზევება, როდესაც 2 მილიონი უცებ 25 მილიონი გახდა [საპატრიარქოს ბიუჯეტიდან დაფინანსება]. ისინი ფეოდალებად იქცნენ –ფლობენ დიდ ფულს და ძალაუფლებას, იქცნენ წარმონაქმნებად, რომელთაც თავის დროზე დავით აღმაშენებელმა დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა. ვფიქრობ, ხელისუფლებამ, რომელიც იქნება პროდასავლური, მან ქართული საქმე სწორედ მსგავსი ტიპის ეპისკოპოსების განკვეთით და საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემით უნდა დაიწყოს, რადგან დარწმუნებული ვარ, უმეტეს მათგანს უამრავი ფინანსური დარღვევა აქვს – იქნება ეს „ატკატები“, ფულის გათეთრება, გარიგებები სახელისუფლებო პირებთან... კანონი ყველასთვის უნდა მოქმედებდეს. კონკორდატი – ეს ბუნდოვანი დოკუმენტი მავნებლურ გავლენას უპირველესად, სწორედ ეკლესიაზე ახდენს. უნდა გაუქმდეს ეს დოკუმენტი ისევ და ისევ ეკლესიის სასიკეთოდ, რათა მან თავისი საქმე აკეთოს. სხვაგვარად სახელმწიფო ვერ შედგება: ეპისკოპოსების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის აგენტურაა“.

თუმცა თეოლოგი აღიარებს, რომ დღეს უკვე მსგავსი პროცესების დაძვრა ძალიან რთულია:

„როდესაც რუის–ურბნისის საეკლესიო კრება იმართებოდა, აღმაშენებელს სამეფო ჯარი იცავდა. რატომ? ეპისკოპოსები ისე იყვნენ გაზულუქებულები, რომ თავიანთი ჯარები და ბანდები ჰყავდათ. თითქმის ასევეა დღესაც: ბევრ ეპისკოპოსს „შავი სამყაროდან“ ასობით ადამიანის გამოყვანის რესურსი აქვს საკუთარი პოზიციების დასაცავად. ამდენად, სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლიათ, თუ სახელმწიფო თავის სიმაღლეზე არ დადგება!“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები