
„შეწუხებული ვარ“ – მეუფე სპირიდონი ბენეფიციარზე საუბრობს, რომელმაც ძალადობის შესახებ განაცხადა
10/06/2021 15:00:35 საზოგადოება
სპირიდონი აცხადებს, რომ განაწყენებულია იმ ბენეფიციარზე, რომელიც აცხადებს, რომ საპატრიარქოს უნივერსიტეტის ტერიტორიის დატოვება
მთავარეპისკოპოსი სპირიდონი აცხადებს, რომ განაწყენებულია იმ ბენეფიციარზე, რომელიც აცხადებს, რომ საპატრიარქოს უნივერსიტეტის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. საუბარია ლუკა ხაჩიძეზე, რომელმაც მანამდე ნინოწმინდაში ცხოვრების შესახებ პოლიციას ჩვენება მისცა.
ლუკა ხაჩიძის ამ განცხადებას მიტროპოლიტი სპირიდონი მამა-შვილი ფალავანდიშვილების ორგანიზაციის – „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ ფეისბუკ–გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ეხმაურება.
„მოგეხსენებათ, საჯარო სივრცეში, მასობრივი მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, პირველკურსელი გამოაგდეს უნივერსიტეტიდან, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს ახალგაზრდა არის ლუკა ხაჩიძე, რომელიც პანსიონატში მაშინ მიიღეს, როდესაც რამდენიმე დღის იყო და დედა ეკლესიამ ის გაზარდა, თავს ევლებოდა, არ აკლდა არაფერი, არც ჩაცმა, არც დახურვა და არც კვება. უზრუნველყოფილი იყო ყველაფრით, სკოლა დაამთავრებინა დედა ეკლესიამ და შემდეგ უნივერსიტეტში მოაწყო.
ისევ საპატრიარქოს უნივერსიტეტში, წმ. ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტში ხიჭაურში. პირველ კურსზე სწავლობდა. ჩვენ გაოცებული ვართ რამ აიძულა და შეუცვალა ასე გონება, რომ ასე მოიქცა. თურმე ურეკავდა ლომჯარიას, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათთან ჰქონდა მოლაპარაკებები. გაოცებული ვართ და ძალიან შეწუხებული. რამ შეუცვალა გონება?,“ – აცხადებს მეუფე.
ის „ცნობიერების შეცვლაში“ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის აპარატს ადანაშაულებს.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი აცხადებს, რომ პანსიონში ცხოვრებასთან დაკავშირებით პოლიციისთვის ჩვენების მიცემის შემდეგ, საპატრიარქოს უნივერსიტეტის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
“მე გამომიცხადეს, რომ ლუკა, შენ ბარგს აიღებ, ჩაალაგებ, დღეს ღამეს სხვაგან გაათევ და ხვალ წადი”, — აცხადებს პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი.
რაც შეეხება პანსიონში მის ცხოვრებას, ახალგაზდა ამბობს, რომ აღმზრდელები ბავშვებს ხის ჯოხსაც ურტყამდნენ:
“უშუალოდ შემსწრე ვიყავი, როგორ არტყმევინა კარადაზე თავი ბავშვს. შემდეგ ეს მიიჩქმალა, რადგან არც ზედამხედველს გაუგია მაშინ”.
გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.
ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.
არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თქმით, ეს რიცხვი სოცმუშაკის შესვლამდე (დაახლოებით, აპრილამდე) 53-ს უტოლდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უწყებამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო. ეს პროცესი დღემდე გრძელდება. პარალელურად, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაიწყო კონსულტაციები სამინისტროს, UNICEF-ს, ორგანიზაცია Worldvision-სა და საპატრიარქოს შორის, გამოსავლის მოსაძებნად. ვრცელდება ცნობები, რომ არსებობს შეთავაზება პანსიონის საოჯახო ტიპის სახლად გადაქცევის შესახებაც.