სასამართლოს ნაცვლად „ქურდებთან“: რატომ ირჩევენ კრიმინალურ გზას ბიზნესმენები?

11-06-2021 16:00:46 სამართალი ,ანალიზი

10 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, თელავსა და ქუთაისში ჩატარებული სპეც–ოპერაციის ფარგლებში „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 13 პირი, მათ შორის, ორი ბიზნესმენი დააკავეს.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბიზნესმენებს შემოსავლის დანაწილების კუთხით წარმოექმნათ პრობლემები და საქმის გასარკვევად „კანონიერ ქურდებს“ მიმართეს. პროცესებში საზღვარგარეთიდან ჩაერთო კრიმინალურ სამყაროში გავლენიანი პირი – ზაალ მახარობლიძე, მეტსახელად „გლეხოვიჩი“,საქმის გარჩევის ორგანიზება საკუთარ ვაჟს დაავალა და 16 აპრილის „ღონისძიებაზე“ ერთ–ერთ მოდავეს მეორესთვის 80 000 ლარის გადახდაც დაეკისრა. „მსაჯულები“, დამსწრენი და მოდავეები დააკავეს, „გლეხოვიჩს“ „ანგარიშზე“ კი კიდევ ერთი ბრალი „ჩაირიცხა“, რადგან როგორც ღია წყაროებიდან ირკვევა, ეს მისი ჩართულობით „მოგვარებული“ პირველი ბიზნესდავა არაა: მაგალითად, 2019 წელსაც დააკავეს ბიზნესმენი, რომელმაც ბიზნესდავის გადაჭრა პარტნიორთან, მათ შორის, მახარობლიძის ჩართულობით სცადა. რაც შეეხება არაოფიციალურ ინფორმაციას, კულუარულად ხშირად საუბრობენ კრიმინალებთან, მათ შორის, მსხვილი ბიზნესების წარმომადგენელთა ვიზიტების და ზოგადად, ქვეყანაში მსგავსი პრაქტიკის არსებობის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დასჯადი არა მხოლოდ „ქურდული სამყაროს“ წევრობა, არამედ დახმარება და მიმართვაც კი დასჯადი გახდა. და მაინც, რატომ უნდა ირჩევდეს კრიმინალურ გზას, დაუსრულებელ ანგარიშვალდებულებებში თავის გაყოფას ბიზნესმენი, რაც მას გაცილებით მსხვილი ფინანსური რესურსის გაცემასაც ავალდებულებს, ვიდრე მაგალითად, პროცესების სასამართლოში წარმართვა მოითხოვდა?

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების მქონე სპეციალისტები გვირჩევენ, რომ სურათს ფართო კონტექსტში შევხედოთ და გვახსენებენ რამდენიმე გახმაურებულ ფაქტს:

  • 2019 წელს რუსთავში მტკვარმა 35 წლამდე კაცის ცხედარი გამორიყა, რომელსაც ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. ისედაც დრამატულ ამბავი იმითაც იყო შემზარავი, რომ პრაქტიკულად, მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი პოლიციელი დააკავეს. როგორც გაირკვა, პოლიციელებმა პირი გაიტაცეს და მკვლელებს მიჰგვარეს. მედია წერდა, რომ მათ შესრულებული საქმისთვის „ქურდული სამყაროს“ წევრებისგან სოლიდური გასამრჯელოც აიღეს.
  • კიდევ ერთი დრამატული კრიმინალური აქტი მიმდინარე წლის იანვარში მოხდა: ოფიციალური მონაცემებით, ყოფილმა პოლიციელმა – გიორგი მენაბდიშვილმა 16 იანვარს კასპში, ქვის საამქროში, რომლის წილსაც თავადვე ფლობს, მძევლები აიყვანა. ის ოკუპირებული ტერიტორიების გავლით რუსეთში გადაყვანას ითხოვდა. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ ის სამართალდამცველებს ჩაბარდა. ირკვევა, რომ ამ მძიმე შემთხვევას პრეისტორია აქვს: ოჯახის წევრები ყვებიან, რომ კაცი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რადგან კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ემუქრებოდნენ: მენაბდიშვილმა სამსახურიდან [ქვის საამქროდან, რომლის 10%-იან წილს ფლობდა], გაათავისუფლა პირი, რომელმაც საქმეში სწორედ კრიმინალები ჩართო და მუქარებიც ამის შემდეგ დაიწყო. მენაბდიშვილმა დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართა კასპის პოლიციას, შემდეგ – თბილისის მთავარ სამმართველოს (შსს–შიც ადასტურებენ, რომ გამოძიება დაიწყო), თუმცა, ჯამში უშედეგოდ – „ჩვენ ყველაფერს არ გვეუბნებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ცოლ-შვილი სასწრაფოდ გაიყვანა სახლიდან. საჩივარი შეიტანა კასპის პოლიციაში, გაუკეთეს იგნორირება, „წადი აქედან, ბიჭოო". - თქვა გიორგი მენაბდიშვილის დედამ.
  • იხსენებენ ასევე დმანისის მოვლენებს, სადაც კულუარული ცნობებით, აზერბაიჯანული თემის დაშოშმინება ვინმე „გაბილას“ ჩართულობით მოხერხდა.
  • კრიმინალურ სამყაროს და თანხის გამოძალვას უკავშირებენ ქვემო სვანეთში ახლახანს მომხდარ სასტიკი მკვლელობის ფაქტსაც.

„პრობლემა სისტემურია“ – გვეუბნება წყარო ძალოვანი უწყებიდან და დასძენს, რომ „დღეს პოლიცია, კრიმინალური სამყარო, პოლიტიკა ერთმანეთში არეული“.

„თუ წარსულში მიდგომა მკაცრი იყო, მაგრამ გაჩნდნენ ელიტური გამომძალველები, დღეს არ არსებობს მსხვილი ტენდერი, სადაც „ქურდის“ სახელით ვინმე არ იყოს წარმოდგენილი და ისინი ანაწილებენ შემდეგ მოგებული ტენდერისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს. როგორ ფიქრობთ, მილიონები როგორ ქრება? ასევე არსებობს გარკვეული ანგარიშვალდებულებაც, მაგალითად, საარჩევნოდ ხმების მოზიდვა და ეს ყველა ხელისუფლების დროს გამოყენებული ძალიან მანკიერი პრაქტიკაა“ – გვიზიარებს თავის დასკვნას წყარო და გვიმხელს იმასაც, რომ არსებობენ მისაღები“ და მიუღებელი კრიმინალები. როგორც ირკვევა, არსებობს აუცილებლად დასაცავი ერთგვარი ზღვარი:

„მაგალითად, დღეს ახმეტაში კრიმინალური სამყაროს ორი წარმომადგენელი ცხოვრობს – ცოცხალაშვილი მეტსახელად „კახეტინსკი“ და თიღილაური, რომელიც „მონათვლის“ მოლოდინშია. „ლავასოღლი“ კი, რომელიც ამჟამად ბელარუსში იმყოფება, ქვეყანაში არ შემოუშვეს, რადგან ზღვარს გადავიდა, ხელისუფლების წინააღმდეგ აქციები დააორგანიზა, იხმაურა. ჯამში სურათი მძიმეა: ახალგაზრდები უყურებენ, რომ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები თავისუფლად შემოდიან და მოძრაობენ ქვეყანაში, მეტიც, აქვთ ფული, მაგალითად, ჩემს მიერ ნახსენები თიღილაური „პორშეთი“ გადაადგილდება და ფიქრობენ, რომ მათთან კავშირი, ასე ცხოვრება საქმეა. ფიქრობთ, რომ ამასწინანდელი შემთხვევა, როდესაც სკოლაში მისურ მანდატურს მოსწავლეებმა დაფაზე დაახვედრეს წარწერა – „ქურდებს სიცოცხლე“ – ლოკალურად განსახილველია?!“

შსს–ს ანალიტიკური სამსახურის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი მთავარ პრობლემას სისტემის სისუსტეში ხედავს:

„შესაძლოა, კერძო პირებს, ბიზნესმენებს შორს არსებობდეს არაფორმალური შეთანხმება და ამიტომ ირჩევდნენ ამ გზას, მაგრამ ძალიან ხშირია, როდესაც ბიზნესმენებს თანხას სძალავენ. როდესაც ამ დროს პოლიცია არაეფექტურია, ირჩევენ სხვა გზას. „ქურდებს“ ჰქონიათ, რომ მათი დრო მოვიდა (ერთს გადაახდევინეს, ხმა ვერ ამოიღო, შემდეგ მეორეს გადაახდევინეს, ვინც არ გადაიხადა, მანქანა დაუწვეს), ბიზნესმენები კი შეშინებულები არიან და იძულებულები ხდებიან, ფული გადაიხადონ. ნახეთ აბა ბათუმში რა ხდება – სამ თვეში ერთხელ ხოფაში ჩააქვთ ფული „ლავასოღლის“ ხალხთან. ბათუმში ის ბევრად უფრო გავლენიანია, ვიდრე სასამართლო, პროკურატურა და ა.შ. სახელმწიფო არ თუ ვერ ერთვება, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ნულოვანია ეფექტურობა. როდესაც სისტემა სუსტია, პრობლემას ვეღარ უმკლავდება, ხოლო პრობლემა სერიოზულია. რა თქმა უნდა, არც ერთ პოლიციელს არ სურს, „ქურდები“ დაისვას თავზე, მაგრამ როდესაც სისტემაა სუსტი, ეს თავისთავად ხდება“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები