ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: „ენკასთან” მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ხელშეკრულებაში მიწის გასხვისების ვადის შემცირებაზე"

12-06-2021 10:14:10 პოლიტიკა ,საზოგადოება

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, კომპანია „ენკასთან” მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ხელშეკრულებაში მიწის გასხვისების ვადის შემცირებაზე.

მისი თქმით, „ნამახვანჰესი” უნდა აშენდეს, ოღონდ ისე, რომ გამოირიცხოს ყველა კითხვა ამ პროექტის უსაფრთხოებასთან და გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით.

"ჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს. ეს არის ის ობიექტი, რომელიც დასაყრდენი იქნება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის. ჰესი უნდა აშენდეს, ოღონდ ისე, რომ გამოირიცხოს ყველა კითხვა ამ პროექტის უსაფრთხოებასთან და გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ასეა, მაგრამ გვინდა, ამის დემონსტრირება მოვახდინოთ ყველა დაინტერესებული მხარისთვის. რაც შეეხება ხელშეკრულებას და იმ ნაწილს, სადაც საუბარია მიწის გადაცემის საკითხზე, მიმდინარეობს კომპანია „ენკასთან” მოლაპარაკებები, რათა შემცირდეს ეს 99 წელი. ვერ გეტყვით, სადამდე იქნება შემცირებული, მაგრამ პოზიტიური პროცესია და უნდა დაველოდოთ შედეგებს. ჩვენ ვართ კონსტრუქციულად განწყობილი ”,- განაცხადა თვალაბეიშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი "ნამახვანიჰესის" პროექტთან დაკავშირებით დღეს მედიაციის პირველ შეხვედრას მართავს. შეხვედრას ესწრებიან ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები და “რიონის ხეობის მცველები”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები