ბარკალაია: "ნინოწმინდის პანსიონის დახურვა ავტომატურად მოხდება"

13-06-2021 16:58:49 საზოგადოება

საპატრიარქოს პრესამსახურისგან განსხვავებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონი დაიხურება.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა საპატრიარქოში ჯანდაცვის უწყების, Unicef-ის და World Vision-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ "პანსიონის დახურვა არ განიხილება".

ბარკალაიას განცხადებით კი, 2022 წლის 1 აპრილიდან ძალაში შედის ლიცენზირების კანონის ის ნორმები, რომლებიც მოიაზრებს დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვას და ალტერნატიული სერვისების ჩამოყალიბება.

"2022 წლის 1 აპრილი არის ყველაზე ბოლო ვადა, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული, მაგრამ მანამდე ჩვენ ვაგრძელებთ მათი პრობლემების იდენტიფიცირებას და ალტერნატიულ სერვისებში გადაყვანას.

ავტომატურად მოხდება პანსიონის დახურვა და ალტერნატიული სერვისების გაძლიერება მცირე საოჯახო სახლების სახით. დღევანდელ შეხვედრაზე იყო საუბარი, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე ყველასთვის". - თქვა თამარ ბარკალაიამ.

დღეისთვის ნინოწმინდის პანსიონში 23 ბავშვი რჩება. ბარკალაია ამბობს, რომ ახლა არის გარდამავალი პერიოდი, რაც ბავშვებისთვისაც რთულია.

"პანსიონში არიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ მიჯაჭვულობა იქაურ მზრუნველებთან, იმიტომ, რომ მათ აღიქვამენ, როგორც მშობლებს. მათი გარემოდან მყისიერი გამოგლეჯა პირველ რიგში ეწინააღმდეგება მათ ინტერესებს.

ვადების დასახელება რთულია, ვინაიდან ყველა ბავშვის საჭიროება და მათი შესაბამისი ალტერნატიული ზრუნვა არ არის შეფასებული.

მიმდინარეობს ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები ბავშვების შეფასება სოციალური მუშაკების მიერ, მათ შორის პანსიონში 24 საათის განმვალობაში. ასევე ვმუშაობთ ოჯახების მოძიებასა და გაძლიერებაზე იმისთვის, რომ მოხდეს, პირველ რიგში, ოჯახებში ინტეგრაცია". - თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

13 ივნისს, საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა - ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, გაეროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ნინოწმინდის პანსიონზე ისაუბრეს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, არ განიხილება ნინოწმინდის პანსიონის დახურვის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს განჩინებით, პანსიონიდან ყველა ბავშვი უნდა გაიყვანონ. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით "არ მოხდეს პრობლემის ზედმეტად უტრირება".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები