„კავკასიაში 100 წლის განმავლობაში პირველად, ვითარება არსებითად იცვლება“ – ძალთა გადანაცვლება რეგიონში

14-06-2021 20:00:23 კავკასია ,ინტერვიუ ,ანალიზი

ორიოდ დღის წინ უჩვეულო და ცალსახად პოზიტიურ მოვლენასთან გვქონდა საქმე, შევიტყვეთ, რა რომ სომხებისთვის მტკივნეულად პრობლემატური საკითხი ნაწილობრივ მაინც გადაწყდა – აზერბაიჯანმა სომხეთს სამხედრო ტყვეები გადასცა და როგორც ირკვევა საქართველოს ფასილიტაციითა და აშშ–ის ჩართულობით.

სომეხი ტყვეები აზერბაიჯანს საქართველოს გავლით ტოვებენ

უჩვეულო იმიტომ, რომ ოფიციალური თბილისის პოლიტიკის საჯარო ნაწილი ხშირად ტოვებს რეგიონში მიმდინარე მწვავე მოვლენებისგან დისტანცირების მცდელობის შთაბეჭდილებას და ამ მიზეზით უწევს კიდეც მმართველ გუნდს კრიტიკის მოსმენა, თუმცა ამჯერად როგორც პროცესში ჩართულმა მხარეებმაც დაადასტურეს, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, რომელსაც პოლიტიკურ ოპონენტებთან თავად დასჭირდა ევროპელი ფასილიტატორი, ომგადახდილ მხარეებს შორის ფასილიტატორად მოგვევლინა. როდესაც მუდმივად ისმის წუხილები გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოს როლის, ფუნქციის გამოკვეთის თვალსაზრისით მმართველი პოლიტიკური გუნდის პასიურობაზე, უსაფუძვლოა, ეჭვქვეშ დავაყენოთ თავად ფაქტის პოზიტიურობა, მაგრამ არსებობს კითხვები, როგორ „მოვირგეთ“ როლი? იყო ეს კონკრეტული ფაქტი თუ პროცესს ვადევნებთ თვალს? საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გვარწმუნებს, რომ ვინაიდან საერთაშორისო საზოგადოება სწრაფად „ცხელ თემებზე“ რეაგირებს, თბილისს დიდი ჯაფა სჭირდება, ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე პრიორიტეტულ თემებს შორის დარჩეს და ამისთვის სხვადასხვა მეთოდებს იყენებს, ხოლო ერთ–ერთია დიდ მოთამაშეებს რეგიონში საქართველოს ფუნქცია დაანახვოს. ამ კონტექსტში განიხილავს ზალკალიანი სომეხი ტყვეების გათავისუფლებაში ირაკლი ღარიბაშვილის ჩართვის საკითხს.

ზალკალიანი ამბობს, რომ მედიაციის მცდელობა ბოლო ორი–სამი თვეა დაიწყო, ხოლო აქტიურ ფაზაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში შევიდა, როდესაც ღარიბაშვილი იმყოფებოდა აზერბაიჯანში, სომხეთში და თურქეთში: „განიხილებოდა უსაფრთხოება და ახალი გეოპოლიტიკურ ვითარების საკითხი – ჩვენი როლი, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა“.

ზალკალიანი არ იზიარებს შენიშნვებს საერთაშორისო დღის წესრიგიდან საქართველოს თემის ჩახსნის თაობაზე და ამ კონტექსტში კვლავ სომეხი ტყვეების გათავისუფლების საკითხს ასახელებს: ამბობს, რომ ფასილიტაცია „დიდი შვიდეულის“ ფორმატის ფარგლებში მიმდინარეობდა, ლიდერები მოვლენებით იყვნენ დაინტერესებულნი და თბილისიდან იღებდნენ შეტყობინებებს.

„საქართველოს ფუნქცია, როლი, მნიშვნელობა გამოიკვეთა“,– ასკვნის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი სომხეთიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გვიამბობს, რომ ტყვეებს გაცვლის საკითხში ხელჩასაჭიდი მოცემულობა 4 ივნისის შემდეგ გაჩნდა, როდესაც ყარაბაღში სომხურ ნაღმებზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტები აფეთქდნენ, ბაქომ კი ნაღმების კონტექსტში შესაბამისი რუკების გადაცემა მოითხოვა.

„საგნობრივი მსჯელობა, როგორ შეიძლება გაცვალონ ტყვეები ისე, რომ აზერბაიჯანმა სახე შეინარჩუნოს, ამის შემდეგ დაიწყო“,– ამბობს „აქცენტთან“ ზაქარეიშვილი.

ზალკალიანისგან განსხვავებით კონფლიქტოლოგი შიშობს, რომ აქტი ერთჯერადია:

„სამწუხაროდ, ვერ ვხედავ დინამიკას, ვერ ვხედავ განწყობას, ხელში აიღონ მედიაცია, ელაპარაკონ ბაქოსა და ერევანს, თუმცა ძალიან გამიხარდება, თუ პროცესები ამგვარად წარიმართება: საქართველოს ბუნებრივი როლი აქვს კავკასიაში, რომელსაც ვერ იყენებს!“.

საქართველოს როლი რეგიონში

„გეოპოლიტიკური განლაგება, დემოკრატიის მიმართ ხალხის სწრაფვა – ჯამში ყველაფერი ეს საქართველოდან უნიკალურ პერსპექტივებს იძლევა, რომელსაც ქართველები ვერ იყენებენ, პარტნიორები კი ამას ხედავენ და ესმით ჩვენი როლი. რაც მოხდა, მშვენიერი მაგალითია რეაქტიულობისა – ამერიკამ გვიბიძგა და ცოტა უცნაურია, უარი რომ არ ვუთხარით. ეს ის იშვიათი სიურპრიზია, რომელსაც დღევანდელი „ქართული ოცნებიდან“ არ ველოდი“,– ამბობს კონფლიქტოლოგი.

ზაქარეიშვილის ხედვით, 30 წლიანი უშედეგო მოლოდინის შემდეგ, კავკასიაში თურქეთის შემოსვლა, ხელი შეუწყო აზერბაიჯანს, განეხორციელებინა თავისი ამოცანები, რუსეთი კი, ვინაიდან მას დაპირისპირება არა აზერბაიჯანთან, არამედ თურქეთთან უწევდა, იძულებული გახდა, აეტანა მსხვილი მოთამაშე:

„დღეს კავკასიაში რუსეთთან ერთად თურქეთია და შემოდის ამერიკაც – ეს ბრწყინვალეა! ორ დღეში ვნახავთ, რამდენად პრინციპული საუბარი ექნება აშშ–ის პრეზიდენტს კრემლის ლიდერთან, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკას სურს, რაღაცნაირად მეტი დასავლეთი შემოიტანოს კავკასიაში“.

რატომ არ დაეხმარა რუსეთი სომხეთს ტყვეებს საკითხში?

„ვფიქრობ, პუტინი „ძირავს“ ფაშინიანს [სომხეთის პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი – რედ.]და ქოჩარიანის [სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, რომელიც მონაწილეობას აპირებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში–რედ.]. ალბათ გეგმავდა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერთი ხელის მოსმით გაეთავისუფლებინა ტყვეები. რა თქმა უნდა, საელჩოებმა, აშშ–ში სომხურმა "ლობმა" იმუშავეს და ვფიქრობ, გარკვეული ხაზებით ამერიკამ თავის თავზე აიღო რაღაც ვალდებულებები: სომეხ ხალხს ამ წუთას ყველაზე მეტად აწუხებს ტყვეების საკითხი და ეზრუნათ მათზე. აზერბაიჯანსა და სომხეთს კი არ უნდოდათ, რუსეთის მეტოქედ პირდაპირ შემოეყვანათ ამერიკა და ამიტომ დათანხმდნენ საქართველოს როლზე: გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული არსებობენ ტყვეები, ამ 7 თვის განმავლობაში საქართველოს ხელი არ გაუნძრევია, მაგრამ როგორც კი აშშ–ის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი ჩამოვიდა, საკითხი გადაწყდა. ამდენად, დარწმუნებული ვარ, ეს აშკარად ამერიკული საქმეა, საქართველომ კი მხარი აუბა, რათა აშშ პირდაპირ არ გამოჩენილიყო და რუსეთს ფაშინიანი არ გაემტყუნებინა, თუმცა ამას ხედავს“– ამბობს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და ამ კონტექსტში განიხილავს სომხეთის პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 13 ივნისის განცხადებებს სომხეთისა და რუსეთის მყარ ურთიერთობებსა და აზერბაიჯანისთვის რუკების მხოლოდ ნაწილის გადაცემის თაობაზე.

ერდოღანის მხარდაჭერა საქართველო–სომხეთ–აზერბაიჯანის ფორმატისადმი

თვის დასაწყისში საქართველოს პრემიერ–მინისტრის ანკარაში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ახსენა, მათ შორის, ქართულ–სომხურ–აზერბაიჯანული ფორმატი და განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს მსგავსი ფორმატის არსებობას. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მეორე ეპიზოდის მიმდინარეობისას, ოფიციალურმა თბილისმა დაპირისპირებულ მხარეებს შესთავაზა დიალოგისთვის საკუთარი ტერიტორია, თუმცა საბოლოოდ მხარეები რუსეთში მიუსხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას.

კონფლიქტოლოგი ერდოღანის განცხადებას უშუალოდ სომეხ ტყვეებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს არ უკავშირებს, თუმცა პოზიციურად აფასებს თავად განცხადებას და ფიქრობს, რომ მსგავსი ფორმატის ჩამოყალიბების პერსპექტივა „საქართველოს ხელშია“:

„სომხეთში მეტადაა ანტითურქული განწყობები, ვიდრე თურქეთში – ანტისომხური. თურქეთი მოწადინებულია, სომხეთი ჩართოს კავკასიურ თამაშებში. ის არ ემუქრება სომხეთის სუვერენიტეტს, მზადაა, ერევანთან საზღვრების დადგენას ხელი მოაწეროს, რასაც სომხეთი არ აკეთებს“.

ზაქარეიშვილის დაკვირვებით, თურქეთი არაა დაინტერესებული რუსეთთან ღია დაპირისპირებით, მათ შორის, გარკვეული ფორმატებიდან მისი „ამოგდებით“, საქართველოს, კი, როგორც რუსეთისგან ყველაზე მეტად დაზარალებულს აქვს შესაძლებლობა იგივე „6–წევროვან“ ფორმატზე (რომლითაც მათ შორის, რუსეთიც დაინტერესებულია) უარი განაცხადოს, პარტნიორ თურქეთსა და აზერბაიჯანს კი მოქმედების შესაძლებლობა მისცეს.

კონფლიქტოლოგს „კავკასიაში უნიკალური მნიშვნელობის გეოსტრატეგიული ძვრებისას“ მიუღებლად მიაჩნია იმგვარი თემებით მანიპულირება, მათ შორის გარეჯის საკითხით, რომლებიც პირობითად, ორიოდ დღეში ვერ გადაწყდება:

„ამ ფონზე თურქეთს დახმარება სჭირდება – უნდა გავხდეთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შუამავლები, სადაც თურქეთს ეცოდინება, რას ვაკეთებთ. ეს ჩვენი როლის უნიკალური ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ „ქართლ ოცნებაში“ მსგავს განწყობებს და ხალხს ვერ ვხედავ: გარდა სტატუსისა მოტივაცია, საკითხს ცოდნა და ნდობაა საჭირო, მე კი ვეჭვობ, საქართველოში, მაღალ პოლიტიკაში იყოს ხალხი, რომელთაც ბაქოსა და ერევანში თანაბრად ენდობიან“.

მიუხედავად აშშ–სა და ევროკავშირთან დაძაბული ურთიერთობებისა, კონფლიქტოლოგის ანალიზით, ერთი, რომ ანკარა პროცესებში ვაშინგტონის ჩართულობას ხელს ვერ შეუშლიდა, მეორეც – აშშ ნატო–ს ფორმატში მისი მოკავშირეა, აცნობიერებს, რომ მისთვის რუსეთია გამოწვევა (მათ შორის სირიისა და ლიბიის კონტექსტში ), ვიდრე აშშ და კავკასიაში ნატო–ს გაძლიერება, შესაბამისად, რუსული გავლენის შესუსტება მის ინტერესებში შედის:

„თურქეთი იქცევა კორექტულად, გონივრულად და მიკვირს, რომ საქართველოში პოლიტიკურ კონტექსტში მაინც არის უსაფუძვლო ანტითურქული განწყობები: თურქეთს ძალიან აწყობს საქართველოსთან სტრატეგიული ურიერთობები, რადგან თავისი გეგმები აქვს საქართველოს მიღმა – აზერბაიჯანი, კასპიის ზღვა, ცენტრალური აზრია – საქართველო კი მისთვის მყარი ხიდი იქნება. ამიტომ, თუ სადმე ვხედავ რუსეთს, ესაა ანტითურქული, ანტიაზერბაიჯანული, ანტიისლამური განწყობები – სწორედ ამ ნაპრალების გაფართოებას ცდილობს რუსეთი, რათა საქართველო რეალობიდან ამოაგოს, ამერიკელებმა კი ამ რეალობაში „ჩაგვსვეს“.

რა პროცესს ვადევნებთ თვალს?

„100 წლის განმავლობაში პირველად, კავკასიაში არსებითად იცვლება ვითარება რუსეთის არა განდევნის, მაგრამ მისი გავლენების შევიწროების მიმართულებით, რაც შემდეგ შესაძლოა, განდევნის წინაპირობაც გახდეს“,– ამბობს კონფლიქტოლოგი და ნატოს კონტექსტზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, ნატო–ს ინტერესზე შავ ზღვის უსაფრთხოების მიმართ და საქართველოსა და უკრაინის ალიანსის წევრობისკენ სწრაფვაზე.

ზაქარეიშვილის ხედვით, საკითხის გადაწყვეტის პირველი ეტაპი იქნება ოთხი წლის შემდეგ, როდესაც დადგება დრო, აზერბაიჯანმა გადახედოს ხელშეკრულებას, ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების ყოფნის შესახებ:

„ვფიქრობ, აზერბაიჯანი რუს სამშვიდობოებს დატოვებს, მაგრამ რაღაცით ივაჭრებს – ეს იქნება სიტუაციის პირველი გამოცდა, თუ როგორ დაიძაბება რუსეთ–აზერბაიჯანის ურთიერთობები და ამ შემთხვევაში მას თურქეთი სჭირდება. ამდენად, ჩვენ ვხედავთ რუსეთის შევიწროების გონივრულ ფორმებს, საქართველო კი ამ დროს გასულია „მომსახურების ზონიდან“ (პირველად მოხდა ამერიკელ;ების მხარდაჭერით პროცესში ჩართულობა), ვერ ვხედავ მონდომებას, ვიყოთ პროაქტიულები. პოლიტიკა, ეკლესია და გეოპოლიტიკა ერთმანეთს დაემთხვა: გვაქვს უნიკალური შანსი, მოვწყდეთ რუსულ ეკლესიას და გადავიდეთ ბერძნულ კონტექსტში უკრაინის ეკლესიის აღიარებით – გადავდგათ ახალი ცივილიზაციური ნაბიჯი; ასევე გადავდგათ მეორე ნაბიჯი – ვიყოთ პროაქტიულები როგორც ნატო–ს მიმართულებით, ისე რეგიონში – მუდმივად გვქონდეს კონტაქტი ბაქო–ერევან–ანკარასთან. საგარეო საქმეთა მინისტრი თუ არა, მისი მოადგილე მუდმივად ამ ქალაქებში უნდა იყოს და მათ სხვადასხვა ვარიანტებს სთავაზობდეს. კარგი შანსი გაჩნდა პატიმრების გათავისუფლების კონტექსტიდან გამომდინარე და ხელიდან არ უნდა უნდა გავუშვათ, თუმცა ვშიშობ, რომ გავუშვებთ“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები