ბავშვები გულგრილი სისტემის წინააღმდეგ: რას შეცვლის პრეცედენტული საქმე?

15-06-2021 18:58:39 სამართალი ,ეს საინტერესოა

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სამი წლის წინ ოჯახში სოციალური სამსახური შევიდა და მიიჩნია რა, რომ სამი ბავშვი არასათანადო პირობებში ცხოვრობდა, რისი საფუძველიც სიღარიბე იყო, 15 და 8 წლის და–ძმა დედას დააშორა, თუმცა რატომღაც მსგავსი გადაუდებელი საჭიროება ბავშვების მცირეწლოვანი ძმის მიმართ ვერ დაინახა.

ბავშვებს არ ესმოდათ, რა ხდებოდა მათ თავს, მაგრამ ერთი წლის გატარება თავშესაფარში მოუხდათ, შემდეგ კი მინდობით აღზრდაში გადავიდნენ. მდგომარეობას ართულებდა ისიც, რომ სახელმწიფომ ბავშვებს ცხოვრება სრულიად სხვა რეგიონში განუსაზღვრა, ისედაც მძიმე სოციალური გამოწვევების წინაშე მყოფი დედა კი უამრავი კილომეტრის დაფარვას და ბავშვების თუნდაც კვირაში ერთხელ მონახულებას ვერ ახერხებდა.

როგორც ირკვევა, სისტემასთან ბრძოლის გზების მოძიება თავად ბავშვებმა სცადეს, როდესაც ერთ–ერთი მათგანი გასულ წელს სოციალური ქსელის მეშვეობით მათ შორის, ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ დაუკავშირდა იურიდიული დახმარების მიღების მიზნით. პირველ ეტაპზე დახმარება მოხერხდა იმით, რომ მშობელს აღუდგა სახელმწიფოს მიერ შეზღუდული უფლება – ბავშვების მოთხოვნისამებრ, ისინი დაბრუნდნენ დედასთან. ამის შემდეგ კი დაიწყო ბრძოლის შემდეგი ეტაპი, რამაც საქმე პრეცედენტულად აქცია: ბავშვებმა სახელმწიფოსგან მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს და დავა მოიგეს კიდეც.

„სწორედ მათი ტექსტი ჩაიწერა ბავშვზე მორგებულ სარჩელის გამარტივებულ ფორმაში – რომ განიცდიდნენ მდგომარეობას, დედასთან დაშორებას და არ ესმოდათ, სახელმწიფო რატომ არ აბრუნებდა მათ მშობელთან. საბოლოოდ გაიგეს, რომ მიზეზი იყო სიღარიბე, ისინი კი თვლიდნენ, რომ ამ მიზეზით მათი დედასგან დაშორება არ იყო სამართლიანი, რომ ჰქონდათ სურვილი, დედას დახმარებოდნენ და იმთავითვე არ გაეყვანათ ოჯახიდან“,– ამბობს „აქცენტთან“ PHR–ის ერთ–ერთი იურისტი სოფო მენაბდიშვილი.

იურისტი გვიამბობს, რომ სარჩელი სასამართლომ მიიღო, ოჯახში მყოფ სამივე ბავშვს გაესაუბრა და 8–თვიანი პროცესის შემდეგ გადაწყვეტილებაც მიიღო: ბავშვებმა პროცესზე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს გადაწყვეტილებები, რომლის საფუძველზეც ისინი სახელმწიფო ზრუნვის ფორმებში გადავიდნენ და მოსამართლემ გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს ბავშვებისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 35 000–ლარიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა, ყველა ხსენებული გადაწყვეტილება ბათილად და უკანონოდ სცნო.

PHR–ის იურისტები სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ

ინფორმაციისთვის: ბავშვზე მორგებული სარჩელის ფორმა შეიქმნა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით „პარტნიორობა კარგი მმართველობის“ ფარგლებში, ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღების შემდეგ.

როგორია პრაქტიკა

„ეს ერთი მაგალითია საქართველოში არსებული სამწუხარო პრაქტიკის – ძალიან ბევრი ბავშვი დღეს სახელმწიფო ზრუნვაში სწორედ იმ მოტივითაა, რომ მათ ოჯახებს არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობები“,– გვეუბნება მენაბდიშვილი.

პრაქტიკა კი ამგვარია: ბავშვი ოჯახში უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, შესაბამისად, მისი სხვადასხვა სახის საჭიროებები, მათ შორის, სამედიცინო, კვება, სათანადოდ არაა უზრუნველყოფილი, მსგავს შემთხვევებში კი სახელმწიფო ამბობს, რომ ბავშვები მშობლის მხრიდან უგულებელყოფის მსხვერპლნი არიან, რაც ძალადობის ერთ–ერთი ფორმაა და არ იკვლევს პრობლემის სათავეს, რომ მთავარი მიზეზი სიღარიბეა და არა მშობლის გამიზნული ქმედება. შესაბამისად, სახელმწიფო მიდის ბავშვის ტრავმირების გზით, მეორეს მხრივ, კი ოჯახიდან სიღარიბის მიზეზით გაყვანილ ბავშვზე ხარჯავს რესურსებს: როგორც მენაბდიშვილი გვეუბნება, მინდობით აღზრდის პროგრამა თითო ბავშვზე თვეში 600 ლარს და სხვადასხვა სახის საშეღავათო პირობებს ითვალისწინებს.

გამოსავალი

ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები დიდი ხანია, სახელმწიფოს მსგავსი შემთხვევების კონტექსტში ბავშვების საუკეთესო ინტერესებს ახსენებენ და მიიჩნევენ, რომ უპირველესი გზა ბავშვის ოჯახის გაძლიერება, კერძოდ, იგივე ბენეფიტების მსგავს ოჯახებთან მიმართებაში დაშვებაა, რასაც, მათ შორის, მინდობით აღზრდის პროგრამა გულისხმობს. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ დრამატულ მონაცემებს (ჩვენი თანამოქალაქეების 21.3% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა იმყოფება), მსგავს პროგრამებს სოლიდური ფინანსური რესურსი, შესაბამისად, მერკანტილური ინტერესებისგან დაცლილი პოლიტიკური ნება სჭირდება. მენაბდიშვილი მაინც იტოვებს იმედს, რომ პრეცედენტულ საქმეს სისტემურ მიდგომაზე გარკვეული სახის გავლენა ექნება, რასაც დრო აჩვენებს, მაგრამ ერთ–ერთი ინდიკატორად ალბათ ისიც უნდა აღვიქვათ, ამ კონკრეტულ საქმეში სააგენტო შემდგომ ინსტანციებში დავას ჯიუტად გააგრძელებს, თუ გადაწყვეტს, მოუსმინოს ბავშვებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები