მარიტა მუსელიანი აპირებს, "ენკას" სამუშაო პროცესს კვლავ ხელი შეუშალოს

15-06-2021 18:29:44 საზოგადოება

რიონის ხეობის აქტივისტთა ერთ-ერთ ლიდერ მარიტა მუსელიანის განცხადებით, ისინი არ აპირებენ იმ პირობის დადებას, რომ “კომპანიას ხელს არ შეუშლიან”, პირიქით, ისინი პროტესტს გააგრძელებენ.

ამასთან, მუსელიანის მტკიცებით, აქტივისტებს 7-თვიანი პროტესტის ფარგლებში კომპანიის ტექნიკა არ დაუზიანებიათ და ამას არც მომავალში გეგმავენ.

"ნათია თურნავას განცხადების შესახებ მითხრეს, თურმე, ჩვენგან პირობა სჭირდება, რომ კომპანიას ხელს არ შევუშლით. 12 მაისს გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლების მედიატორობით შედგა, განვაცხადეთ, რომ ამის პირობას არ დავდებთ, რადგან ეს ეწინააღმდეგება ჩვენი პროტესტის მთავარ მიზანს. იმის პირობას ვერ დავდებთ, რომ სამუშაო პროცესს ხელს არ შევუშლით! მთელი 7 თვე ის იყო ჩვენი პროტესტის მიზანი, რომ კომპანიის მუშა პროცესი შეგვეჩერებინა და რას ნიშნავს ეს?! ტექნიკა კი არც არასდროს დაგვიზიანებია და ამას არც მომავალში გავაკეთებთ”, – განმარტა მუსელიანმა.

მისი თქმით, აქტივისტების ეს უარი მისაღები იყო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ხელმძღვანელ დირკ ბუშლესთვისაც, რომელმაც პროტესტი გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები