გენერალი ბენ ჰოჯესი: "საქართველო უკვე უნდა იყოს NATO–ში"

15-06-2021 20:20:06 პოლიტიკა

ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ "საქართველო უკვე უნდა იყოს ნატო–ში".

როგორც აშშ–ის არმიის ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა „აქცენტთან“ საუბრისას განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი აშშ–ნატო–ს მხრიდან შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის არარსებობაა.

"რუსეთის მზარდი დესტაბილიზაციის აქტივობების საპასუხოდ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე​ ნატო–საქართველოს თანამშრომლობა არ არის ადეკვატური. ამის მიზეზი შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის არარსებობაა – არც ნატო–ს და არც აშშ-ს არ აქვთ სტრატეგია რეგიონის მიმართ და შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს ადეკვატური პოლიტიკა საქართველოსათვის, უკრაინისთვის ან მოლდოვისთვის და გულწრფელად რომ ვთქვათ, არც თურქეთისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან უკმაყოფილონი ვართ იმით, რასაც კრემლი აკეთებს საქართველოში და შავი ზღვის დანარჩენ რეგიონში, მაგრამ რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეჩერდება, თუ შეაჩერებენ", – განაცხადა ჰოჯესმა.

რაც შეეხება ნატო–ს ახალ კომუნიკეში გაწერილ რუსეთის მიმართ პოზიციონირებას, ამერიკელი გენერალი აცხადებს, რომ "რამდენად ადეკვატურია ნატო–ს საპასუხო ზომები რუსეთის შეკავებისთვის ამას მომავალი გვიჩვენებს".

მისი თქმით, ალიანსმა მის ტერიტორიაზე შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით ძალიან დიდი სამუშაო გასწია, თუმცა ნატო–სა და ასევე აშშ–ს კრემლთან არ უწარმოებია "კარგი და თანმიმდევრული კომუნიკაცია, რომ მისი აგრესია უკრაინის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების მიმართ მიუღებელია".

"შესაბამისად, სანამ კრემლს არ დავუმტკიცებთ, რომ ჩვენ ნამდვილად სერიოზულები ვართ და რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა რეალური შედეგების წინაშე დადგება, მანამდე გააგრძელებენ ისინი [რუსები] თავიანთ ქმედებებს", – დასძინა ჰოჯესმა.

რაც შეეხება საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების საკითხს, ამერიკელი გენერალი მიიჩნევს, რომ ქვეყანა უკვე უნდა იყოს ალიანსში და რომ კრემლს არ სჭირდება "პროვოცირება", ის ისედაც იმას აკეთებს, რაც მოესურვება.

"ჩემი აზრით, საქართველო უკვე უნდა იყოს ნატო–ში. სადღეისოდ საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება იმის გამოხატულებაა, რომ ალიანსის ზოგიერთ ქვეყნას კრემლის რეაქციის ეშინია. მათი ნაწილი აცხადებს, რომ არ სურს რუსეთის "პროვოცირება". მიმაჩნია, რომ ეს არასწორი აზროვნებაა. კრემლს არ სჭირდება "პროვოცირება", ის აკეთებს იმას, რაც სურს და არ გაჩერდება, თუ არ დაინახავს, რომ ჩვენ სერიოზულები ვართ. ჩვენ გვჭირდება შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც ასევე მოიცავს რუსეთის მიმართ სტრატეგიას. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი პოლიტიკა გვქონდეს საქართველოსთვის. ვიდრე გერმანიისა და საფრანგეთის დარწმუნებას შევძლებთ, რომ საქართველო ნატო–ში უნდა იყოს, ვფიქრობ, შეერთებულმა შტატებმა უნდა გააძლიეროს და მტკიცედ დაუჭიროს მხარი ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოსა და უკრაინასთან", – განაცხადა ჰოჯესმა "აქცენტთან" საუბრისას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები