აშშ-ევროკავშირი: "გადაჭრით ვუპასუხებთ მავნე საქმიანობის იმ მოდელს, რომელსაც რუსეთი ევროკავშირის აღმოსავლელი პარტნიორების წინააღმდეგ იყენებს"

15-06-2021 21:15:25 პოლიტიკა

აშშ-ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში საქართველოზეც არის საუბარი.

განცხადებაში დაგმობილია უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის ხელყოფის მიზნით რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები. ამასთან, აღნიშნულია, რომ აშშ-ევროკავშირი "გადაჭრით უპასუხებს მავნე საქმიანობის იმ მოდელს, რომელსაც რუსეთი ევროკავშირის აღმოსავლელი პარტნიორების წინააღმდეგ იყენებს".

"ჩვენ ერთსულოვანნი ვართ რუსეთის წინააღმდეგ პრინციპული მიდგომის საკითხში და გადაჭრით ვუპასუხებთ ნეგატიური ქცევისა და მავნე საქმიანობის იმ მოდელს, რომელსაც რუსეთი ევროკავშირის აღმოსავლელი პარტნიორების წინააღმდეგ იყენებს. ვგმობთ რუსეთის განგრძობად ქმედებებს, რომელიც უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის ძირის გამოთხრას ისახავს მიზნად. ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ ევროკავშირის აღმოსავლელი პარტნიორების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის რეფორმების გზას და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ვიმუშაოთ სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის, მდგრადობისა და სტაბილურობის დასამყარებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერების განცხადებით, ერთიანი პოლიტიკისა და ქმედებების კოორდინაციის მიზნით, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის რუსეთის შესახებ მაღალი დონის დიალოგი დაიწყება.

აშშ-ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში დღეს გაიმართა. ევროკავშირის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. სამიტში აშშ-ის მხრიდან ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იღებდა მონაწილეობას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები