ბათუმში გამართულ დასაქმების ფორუმზე კომპანიებმა 1000–ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინეს

15-06-2021 22:03:32 საზოგადოება

15 ივნისს, ქალაქ ბათუმში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტომ, საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, მასშტაბური დასაქმების ფორუმი გამართეს. აჭარის რეგიონში არსებულმა 65–მა მცირე, საშუალო და მსხვილმა ბიზნესმა 1000–ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში გაიმართა.

სამუშაო ადგილები ადმინისტრაციული მომსახურების, სავაჭრო, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, საფინანსო, სადაზღვევო, ჯანდაცვის და განათლების სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს სასწავლებლებმაც, რომლებმაც სამუშაოს მაძიებლებს პროფესიული უნარების განვითარების პროგრამები შესთავაზეს. გარდა ამისა, ღონისძიებაზე სასწავლებლებს და დამსაქმებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაემყარებინათ კავშირები და დაეგეგმათ სამომავლო თანამშრომლობა.

ფორუმამდე 100–მდე სამუშაოს მაძიებელს ჩაუტარდა მოკლევადიანი უფასო ტრენინგ–სემინარი, სადაც მათ შეისწავლეს რეზიუმეს სწორად შევსება და სამოტივაციო წერილის შედგენა და მიიღეს ინფორმაცია დამსაქმებელთან კომუნიკაციის ეტაპებისა და ეფექტური გასაუბრების ტექნიკების შესახებ.

„შემთხვევითი არ არის რომ დღევანდელი ფორუმი ბათუმში სწორედ ტურისტული სეზონის გახსნის დღეს იმართება. ფორუმი ევროკავშირის პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის“ ფარგლებში იმართება და მიზნად საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ახალგაზრდების განათლებასა და დასაქმებას. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება პროექტები, რომლის მეშვეობითაც ვცდილობთ ახალგაზრდებს შევძინოთ ის ცოდნა–უნარები, რომელიც მათ მომავალში განათლებაში ან ბიზნესის წამოწყებაში დაეხმარება,“ – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერმა, ნინო ყოჩიშვილმა.

„დღევანდელი ფორუმის მიზანი არის სივრცის შექმნა, სადაც სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები პირისპირ დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ახლოს გაიცნობენ ერთმანეთს. სამუშაოს მაძიებლებს მიეცემათ საშუალება რომ ვაკანსიების ამ მრავალფეროვანი არჩევანიდან რაც დღეს არის წარმოდგენილი აირჩიონ მათი კვალიფიკაციის შესაფერისი და მათთვის სასურველი ვაკანსია. ჩვენ ასევე გვაქვს დიდი იმედი და მოლოდინი, რომ სამუშაოს მაძიებლების მხრიდანაც იქნება დაინტერესება და მოვლენ დასაქმების ფორუმზე, რათა დამსაქმებლებსაც მიეცეთ საშუალება იპოვონ მათთვის სასურველი და შესაფერისი კანდიდატი, რომელსაც მომავალში დაასაქმებენ“, - განაცხადა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა.

„დღევანდელი დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც უკვე ექვს თვეზე მეტია საქართველოს ექვს რეგიონში, მათ შორის აჭარის რეგიონში მიმდინარეობს. აღნიშნულ პროექტს აჭარაში ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია აჭარის დასაქმების სააგენტო ახორციელებს. დასაქმების ფორუმი არის უნიკალური მეთოდოლოგიით შემუშავებული ღონისძიება, რომელიც საშუალებას აძლევს დამსაქმებელს და სამუშაოს მაძიებელს პირდაპირი კავშირები დაამყარონ ფორმალური პროცედურების გარეშე. ღონისძიების შედეგიანობა არ იზომება მხოლოდ დღეს წარმატებული შეთანხმებების რაოდენობით, რადგან ფორუმზე სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა აქვთ დამსაქმებლებთან ურთიერთობის ღირებული გამოცდილება მიიღონ, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ,“ – განაცხადა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ლია კილაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები