Accentnews.ge
მოსამართლეთა შერჩევის გაუმჭვირვალე პროცესი, გახმაურებული გამოძიებები, უკანონო დაკავებები – სახალხო დამცველი პარლამენტს 2020 წლის ანგარიშს აცნობს

მოსამართლეთა შერჩევის გაუმჭვირვალე პროცესი, გახმაურებული გამოძიებები, უკანონო დაკავებები – სახალხო დამცველი პარლამენტს 2020 წლის ანგარიშს აცნობს

18/06/2021 08:13:22 სამართალი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.

ანგარიში გასულ წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას ეხება.

დოკუმენტში მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.

ლომჯარიას ანგარიშში მოხვდა მოსამართლეთა შერჩევის გაუმჭვირვალე პროცესი, თავდასხმები ჟურნალისტებზე, კარტოგრაფების საქმე, შრომითი უსაფრთხოება, შაქარაშვილის საქმე, ხორავას ქუჩის საქმე, მაჩალიკაშვილის საქმე და სხვა არაერთი გახმაურებული გამოძიებები.

ომბუდსმენის ანგარიშში ასევე განხილულია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ვითარებაც. ანგარიშის თანახმად, ციხეებში არასათანადო მოპყრობის შესახებ 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატში 154 განცხადება დარეგისტრირდა, აქედან 77 შემთხვევაში არასათანადო მოპყრობის ჩამდენი პირები იყვნენ პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები. 60 შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები, 16 განცხადება პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პირობებს შეეხებოდა, 50 განცხადება კი - გამოძიების გაჭიანურებას.

"პენიტენციური სისტემის ფარგლებში, წინა წლების მსგავსად, უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს არსებული არაფორმალური მმართველობა, რომელიც, თავის მხრივ, დაწესებულებებში ძალადობრივ გარემოს ქმნის და პატიმართა დიდ რაოდენობაზე ახდენს გავლენას. 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა 2013-2020 წელს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებული ის საქმეები, სადაც პატიმრების მიმართვის საფუძველზე პროკურატურას მიეწოდა ინფორმაცია როგორც კრიმინალური სუბკულტურის, ისე მათი მფარველი ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ შესაძლო დანაშაულების ჩადენის კონკრეტულ ფაქტებზე. შესწავლილი საქმეების შედეგად დადგინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პატიმრები საგამოძიებო ორგანოებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ არაფორმალური კრიმინალური მმართველობის სქემის, ჩართული პირების, მათ მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების (მუქარა, ცემა, გამოძალვა, ეკონომიკური დანაშაულები, მოხელეთა მიერ უფლებამოსილების გადამეტება და სხვ.) თაობაზე, საქართველოს პროკურატურის ორგანოებს და პენიტენციური სამსახურის შიდა მონიტორინგის ორგანოს მსგავს საქმეებზე ეფექტიანი რეაგირებისა და პასუხისმგებელ პირთა დასჯის მოტივაცია არ ჰქონია და მრავალი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება ჩაუტარებელი რჩებოდა", - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, 2020 წელს ადმინისტრაციული დაკავებისას მოპყრობის გაუარესების ტენდენცია აღინიშნება, შესწავლილი 463 შემთხვევიდან 34.3%-ს აღენიშნებოდა დაზიანებები, რომელიც მიყენებული იყო დაკავებისას ან დაკავების შემდეგ:

"საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში სახეზე გვაქვს დაკავებული მოქალაქეების მიმართ მოპყრობის გაუარესების ტენდენცია. კერძოდ, 2018 წელს იგივე მაჩვენებელი 26.8%, ხოლო 2019 წელს - 31.8% იყო. შეკრება-მანიფესტაციისას და ყოველდღიურობაში ადმინისტრაციული დაკავების ხშირი გამოყენების პარალელურად, აუცილებელია დამატებითი საპროცესო გარანტიების შემოტანა, რათა არსებული სიტუაცია გამოსწორდეს და არასათანადო მოპყრობის რისკი შემცირდეს და გამოირიცხოს".

ნინო ლომჯარიას ანგარიშში ასევე მოხდა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მდგომარეობა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტები ჩართული არიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ისინი ვერ სარგებლობენ პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურებით.

ანგარიშის თანახმად, ფსიქიატრიული დაწესებულებებში 2020 წელსაც გამოვლინდა ძალადობის შემთხვევები, როგორც დაწესებულებების თანამშრომელთა მხრიდან პაციენტების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე თავად პაციენტთა შორის კონფლიქტებისა და ძალადობის ფაქტები. კვლავ პრობლემურია პაციენტების მიმართ ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვების გამოყენების ხშირი და მანკიერი პრაქტიკა. არასათანადო მოპყრობას უტოლდება ის საცხოვრებელი პირობები, რომლებშიც პაციენტებს უწევთ ცხოვრება და უტარდებათ მკურნალობა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, 2020 წელს სამედიცინო პერსონალის უფლებრივი მდგომარეობა უმძიმესი იყო.

"ჯანმრთელობის უფლების რეალიზაცების კუთხით 2020 წელს, მსგავსად ბევრი სხვა ქვეყნისა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც უდიდესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. კერძოდ, კვლავ პრობლემა იყო პაციენტთა უფლებების დაცვის მექანიზმების არაეფექტიანობა, განსაკუთრებით საგულისხმო იყო 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის და მკურნალობის შემთხვევები და ცალკეულ შემთხვევაში პაციენტების გარდაცვალება. სამწუხაროდ, ამ საქმეების შესწავლა და გატარებული ღონისძიებებისა და შესაბამისი შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირება დღემდე არ მომხდარა. უმძიმესი იყო სამედიცინო პერსონალის უფლებრივი მდგომარეობა. 2019 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, დამხმარე სამედიცინო პერსონალი 40 საათზე მეტს მუშაობს და მათი 84.6%-ის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია, ხოლო 100% არ იღებს ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურებას არც ჩვეულებრივ და არც უქმე დღეებში. გატარებული რიგი ღონისძიებების მიუხედავად, მოსახლეობას კვლავ ნაკლებად მიუწვდება ხელი იაფფასიან მედიკამენტებზე და ეს მაშინ, როდესაც საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, ფასები 9.7 პროცენტით არის გაზრდილი".

ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ კვლავ სისტემურ პრობლემად რჩება სამართალდამცავების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება პროკურატურის მიერ. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის მიერ 2013-2019 წლებში პროკურატურაში გაგზავნილი 107 წინადადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პასუხისგებაში მხოლოდ პოლიციის 3 თანამშრომელი მიეცა, დაზარალებულად მხოლოდ 1 პირი ცნეს.

სამართლიანი სასამართლოს უფლების თავში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსამართლეთა განწესებას, საქმეთა განაწილების ელექტრონულ პროგრამას, მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლო სისტემაში არსებული ინსტიტუციური გამოწვევების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გამოვლენილი უკიდურესი დარღვევებისა და გაუმჭვირვალობის გათვალისწინებით, არსებული ვითარება სამომავლოდ გზას უხსნის დისკუსიებს სასამართლოს სისტემაში უფრო რადიკალურ ჩარევასთან დაკავშირებით.

თანასწორობის უფლების დაცვის მიმართულებით, სახალხო დამცველი დადებითად აფასებს 2020 წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს.

დოკუმენტის თანახმად, ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ უარყოფითი გავლენა იქონია თანასწორობის უფლების ეფექტიან რეალიზებაზე. ყველაზე მეტი დაბრკოლება ქალებს, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, ლგბტ+ თემის წევრებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ექმნებოდათ.

2020 წელს სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 113 ახალი შემთხვევა განიხილა, საიდანაც 18% სქესის/გენდერის, 9% კი შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციას შეეხებოდა. 12% და 9% შეადგინა განსხვავებული მოსაზრების და პოლიტიკური შეხედულების გამო უთანასწორო მოპყრობასთან დაკავშირებით მომართვიანობის მაჩვენებელმა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით მედიაგარემო პლურალისტური, თუმცა საკმაოდ პოლარიზებულია. ჟურნალისტების განსხვავებული აზრის და ხელმძღვანელთა მიმართ ღიად გამოხატული კრიტიკის გამო, აჭარის ტელევიზიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სახალხო დამცველმა ჟურნალისტების შრომითი უფლებების დარღვევად ან/და პირდაპირ დისკრიმინაციად შეაფასა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "საანგარიშო პერიოდში პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფის სხვადასხვა შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის იყო საქართველოს პარლამენტის წევრის სალომე სამადაშვილის სავარაუდო უკანონო მიყურადების, აგრეთვე ტელეკომპანია „TV პირველის“ ჟურნალისტისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის სავარაუდო მიყურადების შემთხვევები. მიუხედავად სახალხო დამცველის მოთხოვნისა, კონფიდენციალური საუბრებისა და ჩანაწერების გასაჯაროების შემთხვევებზე არ მიმდინარეობს ეფექტიანი გამოძიება, რასაც საბოლოოდ დამნაშავის გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა უნდა მოჰყვეს".

ანგარიში, რომელიც 486 გვერდისგან შედგება ასევე მოიცავს საოკუპაციო ზოლთან უკანონო დაკავებებს.

"2020 წელი უმძმესი იყო კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობისთვის. ჯერ კიდევ კოვიდ 19-ის პანდემიამდე ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ, ე.წ. გამშვებ პუნქტზე სრულად შეზღუდა ადამიანების გადაადგილების თავისუფლება, რის გამოც უკვე 1 წელზე მეტია იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე სათანადო სამედიცინო სერვისის მიუღებლობის გამო გარდაიცვალა. ასევე, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის განმავლობაში, ადამიანების მცდელობას, გადაეცურათ ენგური და საოკუპაციო ხაზის შემოვლითი გზით ზუგდიდში მოხვედრილიყვნენ, 2 უბედური შემთხვევა მოჰყვა. ისევე, როგორც გასულ წლებში სახალხო დამცველი ამ თავში ყურადღებას ამახვილებს მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე, მათ შორის განხილულია ვაჟა გაფრინდაშვილის,გენადი ბესტაევის,ირაკლი ბებუას, ზაზა გახელაძის, რამაზ ბეღელურის, მირიან თაზიაშვილის დახვიჩა მღებრიშვილის დაკავების შემთხვევები.

სავალალო მდგომარეობაშია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალებისა და გოგოების უფლებრივი მდგომარეობა და განათლების უფლების რეალიზება", ნათქვამია დოკუმენტში

ანგარიშში დიდი ყურადღება აქვს დათმობილი ბავშვებსა და მათ უფლებებს, გარდა ამისა, ომბუდსმენი კრიტიკულად აფასებს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ვითარებასაც, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება სიღარიბე.

"ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით საანგარიშო პერიოდში კვლავ მაღალი იყო ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტები. 2020 წელს ბავშვთა მიმართ ძალადობის 1818 შემთხვევა გამოვლინდა. ამის მიუხედავად, უშუალოდ ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა მომსახურების მიზნობრივი სახელმწიფო სერვისი ამ დრომდე არ არის დანერგილი. კვლავ პრობლემურია ოჯახში ბავშვთა მიმართ ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლთა დაცვა და დახმარება, რისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების კადრების დროულ გაზრდას. მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 268 სოციალურ მუშაკსა და 12 ფსიქოლოგს უწევს სხვადასხვა პრობლემის მქონე ათასობით არასრულწლოვანთან მუშაობა. გამოწვევად რჩება ასევე, ბავშვთა სუიციდის პრევენცია. 2020 წელს არასრულწლოვანთა სუიციდის 14, ხოლო სუიციდის მცდელობის 54 შემთხვევა აღირიცხა. საკითხის სიმწვავის მიუხედავად, სახელმწიფოს ამ დრომდე არ შეუმუშავებია მისი აღმოფხვრის კონკრეტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

პრობლემები გამოიკვეთა დისტანციური სწავლების პროცესშიც, რაც რისკის ქვეშ აყენებს ბავშვების ნაწილის განათლების უფლებას, განსაკუთრებით რეგიონებსა და სიღარიბეში მცხოვრებ არასრულწლოვნებთან მიმართებით. კვლავ მაღალია მოსწავლეების მიერ სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ პანდემიამ მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონია ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. საქართველოში, 2020 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში, საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვიანი ოჯახების რიცხვი 71766-დან 87527-მდე, აღნიშნულ პროგრამაში ჩართული არასრულწლოვანი ბენეფიციარების რიცხვი კი 152353-დან 186131-მდე გაიზარდა.

სეზონურ სამუშაოებში, შინამეურნეობებსა და საზღვარგარეთ დროებითი შრომითი მიგრაციის დროს, არასრულწლოვნები არ არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. ამ პერიოდში მათ თავიანთი ასაკისა და ფიზიკური განვითარებისათვის შეუსაბამოდ მძიმე, დატვირთული გრაფიკით და არაჯანსაღ გარემოში უწევთ მუშაობა; ხშირად, ასევე არ აქვთ სათანადო საყოფაცხოვრებო პირობები. პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები.

კვლავ პრობლემად რჩება რელიგიურ სკოლა-პანსიონებში მცხოვრები არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის დაცვისა და მონიტორინგის საკითხი. საყურადღებოა ნინოწმინდის სკოლა-პანსიონის შემთხვევა, რომლის წარმომადგენლობა სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგია, რაც უკიდურესი საფრთხის ქვეშ აყენებს პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის საკითხს და ზრდის პანსიონებში ისედაც მაღალი ხარისხით არსებული ინსტიტუციური ძალადობის რისკს", – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ომბუდსმენი ასევე საუბრობს სოციალური დაცვის, შშმ და ხანდაზმულთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე, რელიგიის თავისუფლებაზე, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პრობლემებზე.

ომბუდსმენის წლიური ანგარიში სრულად იხილეთ აქ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S