რეგიონში ამჟამინდელი „დუღილის“ ფონზე საქართველოში ახალი ანტითურქული პროპაგანდისტული გზავნილები ყალიბდება

23-06-2021 17:30:20 მითები და რეალობა ,ანალიზი

როგორც ჩანს, ნარატივმა „ყარსის ხელშეკრულების“ მე-100 წლისთავზე თურქეთი პრეტენზიას განაცხადებს აჭარის რეგიონზე”, თავი ამოწურა და ახალი პროპაგანდისტული გზავნილების შექმნა გახდა საჭირო. მსგავსი მორიგი ნარატივი ამოქმედდა თურქეთის პრეზიდენტის მიერ საეჭვო პერსპექტივის მქონე 6–წევროვანი პლატფორმის ინიცირების გაჟღერებისა და აზერბაიჯან-თურქეთის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციის გაფორმების შემდგომ. კერძოდ, რიგი ჯგუფების მხრიდან აქტიურდება პროპაგანდისტული გზავნილი რუსეთ-თურქეთის გარიგების თაობაზე: თითქოს ოფიციალური ანკარა “ამ დრომდე აჭარისა და ისტორიული მესხეთის მისაკუთრებისგან თავს რუსეთის ფაქტორის გამო იკავებდა, გარიგების შემდეგ კი მას მსგავსი დაბრკოლება აღარ აქვს და მეტიც, საქართველოს ამ ნაწილების საკუთარ იურისდიქციაში მოქცევის შემდეგ თურქეთი ქვემო ქართლის საშუალებით სტრატეგიულ პარტნიორს – აზერბაიჯანს სახმელეთო გზით დაუკავშირდება”.

მიუხედავად ოფიციალური ანკარის პოზიციონირებისა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო საქართველოში თურქეთის ელჩმა „სიბეცე და აშკარა ტყუილი“ არაერთგზის უწოდა პროპაგანდისტულ გზავნილებს „ბათუმის უკან დაბრუნებისა“ და „სამცხე–ჯავახეთში თურქული სამხედრო ძალების შესაძლო გაგზავნის“ შესახებ, მსგავსი ნარატივები ქართულ საზოგადოებაში პერიოდულად აქტიურდება, ხოლო საფუძვლად სხვადასხვა გარემოებები იქცევა ხოლმე. არც რიგი პოლიტიკოსები არიდებენ თავს ანტითურქული განწყობების გაღვივების მცდელობებს. მსგავსი აქტივობები კი პროცესზე დამკვირვებელთა მხრიდან დანახულია ქართულ საზოგადოებაში ეჭვების გაჩენის მცდელობად, დაკარგოს მთავარი ფოკუსი – ვინ/რა არის დღეს ქვეყნის მთავარი საფრთხე და დასვას ტოლობის ნიშანი თურქეთსა და ოკუპაციის განმახორციელებელ რუსეთს შორის.

როგორც ამასწინათ თურქეთის ელჩმა ფატმა სერენ იაზგანმა აღნიშნა, თავადაც დაინტერესდა პროპაგანდის გამავრცელებელი წყაროებით და აღმოაჩინა, რომ გზავნილები ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყალიბდება:

„ვეცადე, მიმეკვლია ვებ–გვერდებისთვის. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ესენი გახლავან ჯგუფები საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომლებიც ამის პედალირებას ახდენენ. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობები კავკასიის რეგიონში სტაბილურობის ჩონჩხია: როდესაც გეოსტრატეგიულ ლანდშაფტს შეხედავ, დაინახავ, რომ იგი თურქეთიდან მოდის, საქართველოდან მიდის კასპიის ზღვის მიმართულებით.

მათ [დეზინფორმაციის ავტორებს–რედ.] სურთ, ეჭვის შექმნა! ბათუმის უკან დაბრუნებას არ მოვითხოვთ, სამცხე–ჯავახეთში სამხედრო ძალებს არ გავაგზავნით – ეს ღიად შემიძლია, გითხრათ“.

სადაც არ უნდა ყალიბდებოდეს მსგავსი ნარატივები, მთავარია, რომ დასაყრდენს ქვეყანაში პოულობენ, მსგავსი შეთქმულების თეორიების გაცნობისას კი მნიშვნელოვანია, დავსვათ კითხვები, რაც ნამდვილი ამბის დეზინფორმაციისგან გამიჯნვაში დაგვეხმარება: ვის ინტერესში შედის დაუსაბუთებელი ეჭვების გაჩენა ქვეყნის მიმართ, რომელიც საქართველოს #1 სავაჭრო, სამხედრო (მათ შორის, შეიარაღების კუთხით) პარტნიორი, საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების მხარდამჭერია? ერთადერთი მეზობელია, რომელთანაც საქართველოს ტერიტორიული დავა არ აქვს, ათასობით ქართველი მუდმივად თუ დროებით სამუშაოდ გადადის, ფუნქციონირებს „მწვანე დერეფანი“.

„ნუ ვეძებთ მტრებს იქ, სადაც არ გვყავს!“,– ამბობს თემის კომენტირებისას „აქცენტთან“ ქართველი მკვლევარი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი გობრონიძე და საკუთარ მოწოდებას რამდენიმე არგუმენტით ამყარებს:

  • თურქეთს საქართველოსთვის, მიუხედავად საქართველოში არსებული ყოვლად დაუსაბუთებელი ანტითურქული ისტერიისა, „ზურგში“ დანა არ ჩაურტყამს – არ დაურღვევია აქამდე დადებული არც ერთი ხელშეკრულება და პირობა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც ცალკეული თურქი მეწარმეები (ძირითადად ჩრდილოკავკასიური დიასპორის წარმომადგენლები) ცდილობენ აფხაზეთის ტერიტორიაზე აქტივობას. ეს შესაძლოა, ჩვენთვის საინტერესო იყოს იმ თვალსაზრისით, რომ რუსული ეკონომიკური გავლენები შერბილდეს რეგიონში, თუ ოდესმე გვექნება აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებით ჩამოყალიბებული ხედვა. ბოლო პერიოდში კი თურქეთი ძალიან ცვლის თავის მიდგომას, მათ შორის, ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში: არათუ ეკონომიკურ აქტივობას ზღუდავს, არამედ თუ ადრე დიასპორული ორგანიზაციების მიწვევით აფხაზეთიდან ჩასული ანსამბლები გამოდიოდნენ, ქართული მხარის თხოვნის საფუძველზე ახლა ხშირად იბლოკებიან. მეორე საკითხია, ამგვარი მიდგომა რამდენად აწყობს ქართულ მხარეს და რა ხედვას ეფუძნება, მაგრამ თურქეთი ჩვენს თხოვნას და ინტერესს ითვალისწინებს.
  • თურქეთი ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ღიად უჭერს მხარს, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო–ს წევრი. ის დაინტერესებულია საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებით: ამ შემთხვევაში ნატო–რუსეთის პირდაპირი საზღვარი გაჩნდება, რაც თურქეთს უსაფრთხოების დამატებით გარანტიას მისცემს. ამდენად, თურქეთის ინტერესია, შეინარჩუნოს საქართველო, როგორც ზღუდე რუსეთსა და მას შორის. მითია, რომ თურქეთი ნატო–დან გავა: მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი არ არის ორდინალური მოთამაშე, თავად არის რეგიონული ძალის ცენტრი ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში, ნატო კი კარგი საშუალებაა რუსეთის შესაკავებლად. რუსეთი არ ეცდება, გამოსცადოს ნატო–ს მე–5 მუხლი (პლუს, ნატო–ს მეორე არმიასთან). ამდენად, თურქეთს კარგად ესმის, რომ სანამ ის ნატო–შია, სამხრეთ კავკასიაში, ასევე ახლო აღმოსავლეთში სამხედრო უპირატესობა ყოველთვის მის მხარეს იქნება. პრობლემა გავლენებშია, რომელიც რუსეთს ისტორიულად აქვს შექმნილი და ინერციით შენარჩუნებული დაწყებული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, დამთავრებული სომხეთის სატელიტიზაციით.
  • თურქეთი არის ერთადერთი მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც დღეს საქართველოს ტერიტორიული დავა არ აქვს.
  • მოდით, თეორიულად დავუშვათ, რომ თურქეთმა ბათუმის პორტი „წაიღო“ და რას მიიღებს? პოზიციები აკლია? შავი ზღვის სამხრეთ სანაპირო მთლიანად თურქეთი არ არის? მეორეც, თუ ისტორიას გადავხედავთ, რუსეთი სწორედ რომ ჯავახეთის ტერიტორიაზე ცდილობდა ადგილობრივი სომხების გამოყენებას, რათა ჩრდილოეთის მხრიდან ოსების სეპარატიზმის და ქართულ–სომხური დაპირისპირების შექმნით მიეღო შესაძლებლობა. თუ რამ ინტერესი აქვს ამ შემთხვევაში რუსეთს, არის ის, რომ პირდაპირი სახმელეთო დერეფანი გაიჭრას და ულიმიტო წვდომა მიიღოს სამხრეთ კავკასიაში მის ერთადერთ სატელიტზე. მაშ რაზე „შეთანხმდნენ“? რუსეთი ეუბნება თურქეთს, თავის უძლიერეს რეგიონულ კონკურენტს, რომელიც შავ ზღვაზე ჰეგემონია, „სტრატეგიულ ამოცანას შეგასრულებინებ რეგიონში და მე გავალო?“. პირიქით, რუსეთის ინტერესია, არ დაუშვას თურქეთის აზერბაიჯანთან დაკავშირება.
  • არსებობს სამმხრივი (საქართველო–თურქეთ–აზერბაიჯანის) ეკონომიკური კავშირი: ბაქო–ჯეიჰანის ნავთობსადენი, გაზსადენების პროექტი, ყარსი–ახალქალაქის რკინიგზა. საქართველოს გავლით თურქეთი შეუზღუდავად უკავშირდება აზერბაიჯანს ახლაც, მათ შორის, არ აქვს პრობლემა სხვადასხვა გზებით დაკავშირების.
  • თურქეთს ბევრი პრობლემა აქვს, არ არის რეგიონში პოზიტიური აქტორი და აქვს თავისი ინტერესები, მათ შორის ეკონომიკური: თურქეთი თვლის (და ეს ჯერ კიდევ დავუთოღლუს დოქტრინაში ეწერა), რომ სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო მსოფლიო ეკონომიკაში უნდა იქნას ინტეგრირებული თურქეთის დახმარებით და მას არ უნდა ჰქონდეს არც ერთ მეზობელ ქვეყანასთან. ის არაა დაინტერესებული პრობლემის შექმნით. დიახ, ის რეგიონში ძალის ცენტრია, ჩვენ სუსტი ძალა ვართ, აქედან გამომდინარე, ჩვენი პარტნიორობა ვერ იქნება სიმეტრიული, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერ–ჯერობით თურქეთს საქართველოსთან დადებული არც ერთი ხელშეკრულება არ დაურღვევია.
  • რაც შეეხება შუშის დეკლარაციას და აზერბაიჯანში თურქულ ბაზას, მისი ერთადერთი ფუნქცია სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზის დაბალანსება, აზერბაიჯანისთვის დამატებითი დახმარების აღმოჩენა და მისთვის დამატებითი ბერკეტის გაჩენაა: ამ მიმართულებით, თურქეთი რუსეთის და ირანის შევიწროებაზეა გადასული.
  • თურქეთი არაა დაინტერესებული საქართველოს დანაწევრებით. პირიქით, სწორედ ესაა მთავარი, რომ მისთვის ეს „დაშლა“ წამგებიანია, რადგან ეს იქნება „დაშლა“ რუსული პირობით. მას კი უნდა, რომ კავკასიიდან რუსეთი გავიდეს და ასეც ხედავს თავის მომავალს.
  • და ბოლოს, თურქოფობია ემსახურება, შეიქმნას ანტაგონისტური განწყობა ერთადერთ სახელმწიფოსთან მიმართებით, საიდანაც საქართველოს რუსეთთან ომის შემთხვევაში, თეორიული შანსი აქვს, მიიღოს დახმარება. აჭარაში რომ არ შემოვიდნენ რუსები, შეიძლება იმაზე ვილაპარაკოთ, რომ მათ თურქეთს გაუწიეს ანგარიში. აქ ძალიან ბევრი ფაქტორი თამაშობდა თავის როლს და სწორედ აჭარამ იხსნა საქართველო მაშინ სრული ბლოკადისაგან, რადგან ფოთი რუსებს აღებული ჰქონდათ. ამას დანახვა უნდა!

ახალი ამბები

სხვა სიახლეები