კადიროვი ჩეჩნეთ–საქართველოს გზას კვლავ უმიზნებს: რას ფიქრობენ თბილისში?

24-06-2021 17:31:31 კავკასია ,ანალიზი

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა “ინსტაგრამში” ამასწინანდელი პირდაპირი ჩართვისას ჩეჩნეთიდან საქართველოსკენ გზის აღდგენის საკითხი წამოჭრა და აღნიშნა, რომ იგი “განხილვის დონეზეა”:

“ჩვენ ამ საკითხს ვაყენებთ, განვიხილავთ. თუ უფლის ნება იქნება, გზას აუცილებლად გავიყვანთ”.

ინფორმაციისთვის: საუბარია ჩეჩნეთის ხელისუფლების მიერ 1998 წელს რუსეთის ბლოკადის გარღვევისა და საქართველოს გავლით გარე სამყაროსკენ დერეფნის შექმნის იმედით გაყვანილ გზაზე. მაშინ მოსკოვისა და თბილისისთვის მოულოდნელად, ჩეჩნურმა ავტოსაგზაო ტექნიკამ მდინარე არგუნი გადმოკვეთა და ქართულ ტერიტორიაზე გზის სოფელ შატილამდე გაგრძელების სამუშაოები წამოიწყო. თბილისმა გროზნოს საქართველოს ტერიტორიიდან ტექნიკის სასწრაფოდ გაყვანა მოსთხოვა. ეს ინციდენტი ამ მთიან მხარეში ქართველი მესაზღვრეების მუდმივმოქმედი საგუშაგოს ორგანიზების მიზეზად იქცა. ამავე რაიონში მდებარეობს სადღეისოდ რუსეთის სასაზღვრო ჯარების სამხედრო ბაზაც.

ეს ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის აღდგენის შესახებ კადიროვის პირველი განცხადება როდია. 2014 წელს მან ეს საკითხი მოულოდნელად წამოჭრა პრეს-კონფერენციაზე.

"საქართველოსკენ როგორც საავტომობილო, ისე რკინიგზის გაყვანას ვგეგმავთ. ამჟამად ამაზე მთავრობა მუშაობს" – განაცხადა ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა და იქვე დასძინა, რომ “მანამდე ამას ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უშლიდა ხელს”.

2019 წლის ნოემბერში კადიროვმა გზა კვლავ გაიხსენა და განაცხადა, რომ “მისი გახსნა საქართველოსთან ლოჯისტიკის ჩამოყალიბების შესაძლებლობას შექმნიდა”.

"ჩეჩნურ დაბა იტუმ-ყალიდან საქართველომდე სულ 40-50 წუთის სავალია და იქ ჩვენ გზა გვქონდა. თუ გზა გაიხსნება, იქიდან თურქეთის გავლით ადამიანი უკვე ევროპამდე ჩავა. ჩრდილოეთ კავკასიისთვის ეს აუცილებელი გზაა, ისევე, როგორც რკინიგზა", – აღნიშნა მან.

იმავე წელს გამართულ დიდ წლიურ პრეს-კონფერენციაზე კადიროვის გეგმებს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც დაუჭირა მხარი, რომელმაც გზის აღდგენას “მიზანშეწონილი” უწოდა.

საკითხის წამოჭრის შემდეგი ჯერი საქართველოსთან საზღვარზე მდებარე ჩეჩნურ სოფელ ვედუჩიში სამთო-სათხილამურო ბაზის მშენებლობას უკავშირდება. ხელისუფლების აზრით, ამ რაიონს ტურისტების მიზიდვის კარგი პოტენციალი აქვს.

თბილისის პოზიცია

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეც–წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე თემის კომენტირებისას „აქცენტთან“ ამბობს, რომ საკითხი „არსად განხილულა და არც განიხილება“:

„არსად არ განხილულა მსგავსი რამ. მეც მხოლოდ მედიაში წავაწყდები ხოლმე ცნობებს“.

„სხვა დროს და სხვა მოცემულობაში, მაგრამ არა ახლა“

ქართველი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ხსენებული გზა შესაძლოა, საქართველოსთვის საინტერესო ყოფილიყო მაგალითად, იჩქერიის [ჩეჩნეთის რესპუბლიკა, რომელიც მხოლოდ საქართველომ აღიარა 1991 წელს და დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა – რედ.] არსებობის პირობებში: იმხანად საქართველოს შეეძლო, ჩეჩნეთი რუსეთისგან სრულად დისტანცირების პროცესში ჩრდილოეთ კავკასიაში სტრატეგიულ მოკავშირედ განეხილა. თავად ჩეჩნეთისთვის კი ამ გზას დანარჩენ სამყაროსთან რუსეთისგან დამოუკიდებლად დამაკავშირებელი ერთადერთი არტერიის პოტენციალი ექნებოდა, მაგრამ დღეს მოცემულობა კარდინალურად განსხვავებულია: იჩქერია აღარ არსებობს, ჩეჩნეთს კი კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი მართავს და არსებობს ხსენებული მონაკვეთის, მათ შორის, სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების საფრთხეც. ამიტომ, საქართველოში, მიუხედავად რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე – ლარსზე კლიმატური პირობების გამო ხშირად შექმნილი პრობლემებისა, ახალი გზების საკითხს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან. ანალოგიური მღელვარება მოჰყვა ავარო–კახეთის [დაღესტნიდან საქართველოსკენ მომავალი – რედ.] გზის შესაძლო განახლებაზე საუბარსაც.

„ჩემი ინფორმაციით, აქტიურად მიდის კობის გზაზე მუშაობა და დასრულების შემდეგ ლარსის გამტარიანობასთან დაკავშირებული პრობლემები მნიშვნელოვანწილად მოიხსნება. მოიხსენა ალტერნატიული გზების საჭიროებაც“,– უთხრა „აქცენტს“ თემის კომენტირებისას კონფლიქტოლოგმა გიორგი კანაშვილმა.

კონფლიქტოლოგს ესმის კადიროვის ინტერესი, მათ შორის, თემის შიდა პოლიტიკურ კონტექსტში გამოყენების, საქართველოს პორტებზე სწრაფი წვდომის, საქართველოს გავლით თურქეთში გადასვლის შესაძლებლობის თვალსაზრისით, მაგრამ ამბობს იმასაც, რომ არსებულ მოცემულობაში ეს გზა საქართველოსთვის საინტერესო არაა.

„ეკონომიკური თვალსაზრისით ნებისმიერი დამატებითი გზა, იქნება ეს ჩეჩნეთთან, დაღესტანთან თუ ა.შ. დამაკავშირებელი, თეორიულად საქართველოსთვისაც მომგებიანი იქნება, მაგრამ არა ახლა და არსებულ მოცემულობაში: არავისთვისაა სიახლე, რომ არსებობს უსაფრთხოების საკითხები – ვიცით, რა ვითარებაა ზოგადად ჩრდილოეთ კავკასიაში, მათ შორის, ჩეჩნეთში, ვინ ხელმძღვანელობს მას და როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს იქნება ბატონი კადიროვი თანამდებობაზე. ამდენად, არსებობს სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის, უსაფრთხოების საკითხები, მოსახლეობისგან დაცლილი ტერიტორიების ათვისების რისკი“,– ამბობს კონფლიქტოლოგი და დასძენს, რომ მისი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება ჩეჩნეთ–საქართველოს დამაკავშირებელი გზის გახსნის ალბათობას ამ ეტაპზე არ განიხილავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები