
"ვერ დაგვადუმებენ!" - როგორ აისახება თავისუფალ სიტყვასთან კრემლის ბრძოლა აფხაზეთზე
26/06/2021 09:07:53 კონფლიქტები
ვის აღარ გამოუთქვამს საკუთარი აზრი აფხაზეთზე, მისი ცხოვრების წესზე, სტატუსსა და უამრავ სხვა რამეზე. და ხშირად ამ გამონათქვამებს, რომლებიც არა მხოლოდ ცალკეულ პერსონებს ან თუნდაც პირთა ჯგუფს ეხება, არამედ მთელს აფხაზ ხალხს, დაუფარავად შეურაცხმყოფელი ხასიათი აქვს. როგორც წესი, დღემდე მსგავსი ფაქტები აფხაზური საზოგადოების სამართლიან რისხვას იწვევდა, ხალხი კვირაობით განიხილავდა პრილეპინების, ზალეპინების, როგოზინებისა და სხვა რუსი მოღვაწეების სიტყვებს. აფხაზური ხელისუფლება კი დუმდა, იშვიათი გამონაკლისების გარდა.
იმ რუსი პოლიტიკური თუ საზოგადო მოღვაწეების წრეს, რომლებსაც ასე «შესტკივათ» აფხაზეთის მომავალზე გული, თითქმის დანიშნვისთანავე შეემატა რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსეი დვინიანინი. რუსი დიპლომატი უკვე მერამდენედ აძლევს თავს უფლებას, აფხაზური სახელმწიფოს შიდა საქმეებში უტიფრად ჩაერიოს.
თუმცა მის ბოლო განცხადებას, რომლითაც ელჩმა აფხაზ დეპუტატებს მოუწოდა, «შიში დაძლიონ» და მიიღონ მოსკოვის მიერ ნაკარნახები საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც «აფხაზეთისკენ რუსი ინვესტორების დიდ ფულად ნაკადებს გაუხსნის გზას», აფხაზური საზოგადოება რატომღაც პასიურად შეხვდა. გამონაკლისს მხოლოდ რამდენიმე ინტერნეტ-კომენტარი წარმოადგენს. და მსგავსმა «მშვიდმა» რეაქციამ ბევრი გააკვირვა.
დვინიანინის მორიგი პერფორმანსი, როგორც რუსეთის მორიგი უხეში ჩარევა აფხაზეთის შიდა საქმეებში
მაგრამ რეალურად, მიზეზი არა ნიჰილიზმშია, არამედ აი, რაში: 2014 წლიდან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ამუშავებდნენ კანონპროექტს «ანტირუსული» პუბლიკაციებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესების თაობაზე. სწორედ მაშინ სანქციების ქვეშ მოექცა მთელი რიგი მსხვილი რუსული მედიასაშუალებები, როგორიცაა «РИА Новости», «Дождь», «Росбалт», «Лента.ру». ნაწილს პირობითი ეკონომიკური მიზეზებით კეტავდნენ, ნაწილს — აშკარად პოლიტიკურით.
«როცა «РИА Новости»-ს ლიკვიდაციის შესახებ შევიტყვეთ, ცხადი გახდა, რომ შემდეგი «Ленты.ру» იქნებოდა — მასაც ზუსტად ასე, ერთ დღეში მოსპობდნენ. აღარავინ გაწელავდა ამ საქმეს ისე, როგორც «Газетой.ру»-ს შემთხვევაში, რომელსაც თვეების განმავლობაში უცვლიდნენ ხელმძღვანელებს, სანამ საბოლოოდ მათთვის სასურველი არ დაუსვეს. თუ ინტერნეტ-მედიაზე ვისაუბრებთ, მას ჯერ კიდევ 2012 წლის სექტემბერში ჩაავლეს ხელი, მიიღეს რა კანონი ასაკობრივი მარკირების თაობაზე და მიყოლებით კიდევ რამდენიმე სხვა კანონი, რომელიც როსკომნადზორს, გენპროკურატურასა და სხვა უწყებებს საფუძველს უქმნიდა, მედიასაშუალებები პროპაგანდისა და ექსტრემიზმის ბრალდებით დაეხურათ», - ამბობდა 2014 წელს Lenta.ru-ს რუბრიკა «ინტერნეტი და მედიის» ხელმძღვანელი კონსტანტინ ბენიუმოვი.
და მართლაც, «კუდიანებზე ნადირობა» რუსეთის ხელისუფლებამ სიტყვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების მიღებამდე ბევრად ადრე დაიწყო. მედიის სტატუსი გამოცემას მართალია, გარკვეული დაცვითაც უზრუველყოფდა, მაგრამ ბევრად უფრო წონად პასუხისმგებლობას აკისრებდა. თანაც ხსენებული დაცვაც მათ მოგვიანებით საერთოდ მოუხსნეს.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა მაშინ მოუწოდა ჟურნალისტებს, «არ გააბუქონ». მან განმარტა, რომ «აღნიშნული ზომები აუცილებელია იმ პირობებში, როცა მსოფლიო არენაზე დიპლომატიის ნორმები ირღვევა", - "ამ ნორმებს მოჩვენებითადაც კი აღარ იყენებენ — ისე ერევიან სხვა ქვეყნის შიდა საქმეებშიო».
ბევრად გვიან რუსეთის სახელმწიფო სათათბირო მიიღებს კანონს, რომელიც სიტყვისა და აზრის თავისუფლებას სრულად ზღუდავს. დაივიწყა რა რუსეთის კონსტიტუციის 29-ე მუხლი (რომელშიც მოქალაქეთათვის სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებაა გარანტირებული), ხელისუფლებამ აუკრძალა არა მარტო მედიას, არამედ რიგით მოქალაქეებსაც, გამოხატონ საკუთარი აზრი, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია.
და მთელი რუსეთის მასშტაბით გრიფით «უცხოეთის აგენტი» დაიწყო იმ მოქალაქეთა დევნა, რომელთაც კრემლის მთავარი ხაზისგან განსხვავებული აზრი გააჩნიათ.
რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს აფხაზეთთან? - პირდაპირი! მოსახლეობის პრაქტიკულად 80%-ს ხომ რუსეთის მოქალქეობა გააჩნია, ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის კანონები, განურჩევლად ბინადრობის ადგილისა, მათზეც ვრცელდება. ციხეში რუსეთის ხელისუფლება სავარაუდოდ, არ ჩაგვამწყვდევს, მაგრამ მარტივად შეუძლია, შეგვიქმნას უამრავი სხვა პრობლემა — მაგალითად, საზღვრის კვეთისას, რუსული პენსიისა თუ შემწეობის მიღებისას, პასპორტის შეცვლისას, თუნდაც ბილეთის აღებისას. და მსგავსი პრეცედენტები უკვე გვაქვს: გახსოვთ, მაგალითად, აფხაზი დეპუტატის — ალმასხან არძინბას შემთხვევა, რომელსაც საზღვრის კვეთისას რუსული ФСБ-ს თანამშრომლებმა რამდენიმესაათიანი დაკითხვა მოუწყვეს? და დარწმუნებული ვარ, მსგავსი შემთხვევა ბევრია. აფხაზეთის რუსეთის მოქალაქეობის მქონე მაცხოვრებლებზე ზემოქმედების ბერკეტი ხომ უამრავია. მთავარი მიზანია, დაგვადუმონ, გვაიძულონ, ხმა არ ამოვიღოთ აფხაზეთის სტრატეგიულ პარტნიორზე, დიდ მეზობელსა და მეგობარზე.
სწორედ ამიტომ ადევნებს აფხაზური საზოგადოება ელჩი დვინიანინის უტიფარ ქცევას, აფხაზეთის შიდა საქმეებში ასეთ თავხედურ ჩარევას თვალს მდუმარედ. თუმცა რამდენიმე გამონაკლისი იყო.
«წარმოუდეგენელი თანხედობაა! ეს ელჩი არავითარ ნდობას არ იწვევს...»; «დიპლომატი ასე არ უნდა იქცეოდეს, მეტისმეტის უფლებას აძლევს თავის თავს!» - ასე გამოეხმაურნენ სოცქსელების აფხაზური სეგმენტის რიგი მომხმარებლები რუსეთის ელჩის განცხადებებს.
«ძალიან უცნაური მიდგომაა ჩვენი ქვეყნის პოზიციის, ჩვენი შიდა პოლიტიკის საკითხების მიმართ. ჩვენი უძრავი ქონება (მიწა) და ენერგეტიკა არ იყიდება, მათ შორის — არც სტრატეგიულ პარტნიორსა და მის მეგობრებზე! დიახ, რუსეთი ჩვენი უსაფრთხოების გარანტია და აფხაზეთში ეს გვესმის. მაგრამ ნუ გვაიძულებენ გადაწყვეტილებების მიღებას არა ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან, არამედ ვიღაცის კერძო სურვილებიდან გამომდინარე!», - წერს Facebook-მომხმარებელი Zakhar Zakhar.
«ვისი კეთილდღეობისთვისო — ელჩმა? 28 წელია, მათ [რუსეთის — რედ.] მიერ ბოძებულ «კეთილდღეობას» ვადევნებთ თვალს! ხან რაღაც რწყილის გამო გვიშლიდნენ რუსეთში ციტრუსების გატანას, ხან — ფაროსანას გამო, მიზეზები არ ელევათ. «ელიტური თანამეგობრობაა» - ვერაფერს იტყვი!», - წერს სოცქსელის კიდევ ერთი მომხმარებელი ერგალი გერი.
ექსპერტები და უფლებადამცველები ყოველწლიურად აფიქსირებენ რუსეთში სისხლის სამართლის იმ საქმეების რაოდენობის ზრდას, რომლებიც ინტერნეტ-პუბლიკაციებს უკავშირდება. ინტერნეტ-მომხმარებლებს ასამართლებენ ფოტოების, კარიკატურების ან თუნდაც სხვისი კრიტიკული პუბლიკაციის მოწონების გამო. აფხაზეთში ჯერ-ჯერობით არც ერთი მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუმცა ოდესმე ყველაფერი პირველად ხდება. და ძალიან არ სურთ რესპუბლიკის მაცხოვრებლებს, რუსეთის ხელისუფლების სამიზნედ იქცნენ.
«სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა იგივეა, ადამიანს რომ სამართალი, ხმის უფლება, აზროვნების შესაძლებლობა წაართვა. ამით რუსეთი 1937 წელში დაბრუნდა - ხანაში, როცა ტერორი ყვაოდა და ადამიანებს მათ ირგვლივ მიმდინარე მოვლენების არმიღების გამო სიკვდილით სჯიდნენ. მას შემდეგ უკვე 80 წელია გასული, მსოფლიო დიდი ხანია, გასცდა იმ იზოლაციის ფარგლებს, რომელშიც მაშინ მოქალაქეები ცხოვრობდნენ. ყველა გასცდა, მაგრამ არა რუსეთი, რომელმაც იმ ისტორიიდან დასკვნები, როგორც ჩანს, ვერ გამოიტანა. ვუბრუნდებით იმ საშინელ დროს, როცა სამშობლოს ბედის გამო წუხილი ღალატსა და ტერორიზმს უთანაბრდებოდა», - თვლის ჩვენი რესპონდენტი ზურაბი.
«სად გაგონილა, სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეს ხმისა და არჩევნებში კენჭისყრის უფლებას ართმევდეს?! რისი ეშინიათ ამ დრაკონული ინიციატივების ავტორებსა და დამკანონებლებს?! თუ დაავიწყდათ, რა წერია რუსეთის კონსტიტუციაში?! გამოდის, მათი პირადი სურვილები უფრო მაღლა დგას, ვიდრე რუსეთის კონსტიტუცია, რომლითაც წესით, მთელი რუსეთი უნდა ხელმძღვანელობდეს. გამოდის, შტატებში RT-ს აკრძალვის გამო ამერიკისთვის შურისძიების ჟინით შეპყრობილები, საკუთარ მედიასა და მოქალაქეებს სჯიან?! წარმოუდგენელია პირდაპირ, რომ რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ამდენს საუბრობენ კანონის უზენაესობაზე, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, თავად არღვევენ ასე უტიფრად კანონმდებლობას», - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე სარია.
ჰოდა გამოდის, რომ დამოუკიდებელ აფხაზეთში მცხოვრებნი, როგორც რუსეთის მოქალაქეები, მოკლებულნი ვართ უფლებას, სამართლიანი პროტესტი გამოვხატოთ «დიდი ძმის» თვითნებობისა და უტოფრობის გამო, მაშინ, როცა ის ყველა ხერხითა და მეთოდით ჩვენი სამშობლოს განადგურებას ცდილობს. ჯერ-ჯერობით ამის გამო ხელს არ გვახლებენ, თუმცა ეჭვი მეპარება, ასე დიდხანს გაგრძელდეს.
და მაინც, დანებება არ შეიძლება. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენთვის აზრის გამოხატვის თავისუფლება აფხაზეთის კონსტიტუციითაა გარანტირებული. და ასეც რომ არ იყოს, უხმოდ ვერ შევეგუებით იმას, რასაც რუსეთი აფხაზეთის მიმართ სჩადის.
კრისტინა ავიძბა
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება
________________________________________________________________________________
მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება