„გიურზების შემოსევა“ არ გვაქვს – მითები და რეკომენდაციები ქვეწარმავლებთან დაკავშირებით

29-06-2021 11:25:38 საზოგადოება ,ეს საინტერესოა

ჰაერის ტემპერატურის მატებასა და თბილისის შემოგარენში ოთხი გიურზას დაჭერის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში ქვეწარმავლებისა და მათგან თავის დაცვის საშუალებები აქტიური მსჯელობის საგანია.

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში ადასტურებენ, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ცხელ ხაზზე შეტყობინებებმა იმატა, თუმცა ერთი, რომ რიგ შემთხვევებში შეტყობინება ცრუ აღმოჩნდება ხოლმე, მეორეც, სტატისტიკურად ბოლო 5 წლისგან არ განსხვავდება.

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელი რატი მამუკაშვილი მოქალაქეებს ამშვიდებს, რომ მართალია, ქალაქის გარეუბანში ოთხი გიურზას დაჭერა შეძლეს, თუმცა „გიურზების შემოსევასთან“ საქმე არ გვაქვს და არც პანიკის საფუძველი არსებობს.

როგორც სპეციალისტი აღნიშნავს, თბილისში რამდენიმე მცირე ლოკაცია მიიჩნევა გიურზების გავრცელების არეალად, თუმცა მისგან ადამიანის დაკბენის ფაქტი იშვიათია – ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ფიქსირდება.

ის რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს მოქალაქეებს, მათ შორის, გავრცელებული მითების შესახებაც:

  • ნუ შეეცდებით ქვეწარმავლის ხელით დაჭერას;
  • გიურზა არ არის აგრესიული ქვეწარმავალი, ამიტომ, თუ გადაადგილების შესაძლებლობას მისცემთ, თავს არ დაგესხმებათ;
  • იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, გიურზამ გიკბინათ, მინიმუმ სამი საათი გაქვთ, სამედიცინო დაწესებულებას მიმართოთ;
  • თბილისში ყველაზე მეტად გავრცელებულია ქვეწარმავალი ხოკერა, რომელსაც კბენის ინსტინქტი არ აქვს;
  • მითია, თითქოს ხმაურით ქვეწარმავლის დაფრთხობას შეძლებთ, რადგან როგორც ირკვევა, ქვეწარმავალს, ხოკერას გამოკლებით, სმენის აპარატი არ აქვს;
  • ასევე მითია საბურავების დაწვით, გოგირდის ახრჩოლებით შედეგის მიღება;
  • ქვეწარმავალი არ დაგედევნებათ;
  • თუ ქვეწარმავალს შეამჩნევთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე – 2 421 424.

Новости

Другие новости