რამდენად რეალურია საფრთხე, რომელზეც ერაყში მყოფი ქართველი ქალი საუბრობს?

30-06-2021 16:20:31 სამართალი ,ეს საინტერესოა

ერაყში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე – 25 წლის ეკატერინე ჭკადუა საქართველოს ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. როგორც ახალგაზრდა ქალი ყვება, მისი ოჯახი არაფორმალური დაჯგუფების „მილიშიას“ სამიზნე გახდა: ოჯახის თანხის გადახდა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკვლით ემუქრებიან.

ქალი დარწმუნებულია, რომ საფრთხე რეალურია, რადგან მისი ინფორმაციით, აღნიშნული დაჯგუფების წევრები ხშირად სძალავენ ადგილობრივ მოსახლეობას ფულს, იტაცებენ ადამიანებს და მათ წინააღმდეგობას ვერავინ უწევს. საქართველოს მოქალაქე იხსენებს ერთ–ერთ ფაქტს, რომელიც მას თავს ერაყის დედაქალაქში – ბაღდადში გადახდა.

„შინ ვბრუნდებოდით და პიკაპი დაგვხვდა სანომრე ნიშნების გარეშე. სამი ფორმიანი პირი დაგვესხა თავს. ჩემი ყვირილსა და ბავშვის ტირილზე ხალხი მოგროვდა, თუმცა რეაგირება არ მოუხდენიათ – უბრალოდ უყურებდნენ. ისინი მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ, თუმცა მოგვაძახეს, რომ კვლავ დაბრუნდებოდნენ“.

ინციდენტის შემდეგ ქალმა ერაყელ მეუღლესა და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ბაღდადი დატოვა და ახლომდებარე ქალაქში გადავიდა, თუმცა შიშობს, რომ საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს და იძულებულია, იზოლაციაში განაგრძონ ცხოვრება, მით უფრო, რომ სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

„არის მაღალი რისკი, რომ კვლავ მოგვაგნონ. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა ოჯახის რომელ წევრს გაიტაცებენ. შეიძლება მე ვიყო, ან ბავშვი. საკვებზე თუ გავალთ გარეთ, თორემ ბავშვს ვერც ვასეირნებთ“,– უყვება „ტვ პირველს“ ჭკადუა.

ქალი ამბობს, რომ დახმარება ვერც ადგილობრივმა შესაბამისმა უწყებამ აღმოუჩინა და ვერც იორდანიაში საქართველოს საელჩომ:

„საკონსულოს წარმომადგენელმა დამირეკა,“ჩემგან რას ითხოვ, ცოლად ხომ გაჰყვები, ის კი არ გამოგყოლიაო?!“.

მას შემდეგ, რაც ერაყის ხელისუფლებამ ქვეყანაზე კონტროლი აღადგინა, ხოლო ტერორისტული დაჯგუფება „აისისი“ პარტიზანულ ბრძოლაზე გადავიდა, რიგ შიიტურ დაჯგუფებებს „ღვაწლი“ დაუფასდათ, მათ შორისაა არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფება, რომელზეც ჭკადუა საუბრობს. კერძოდ, როგორც კონფლიქტოლოგი ალექსანდრე კვახაძე გვიყვება, მსგავსი არაფორმალური შიიტური დაჯგუფებების როლი მნიშვნელოვანია ერაყის ხელისუფლების მიერ, მათ შორის, მოსულსა და სხვა ქალაქებზე კონტროლის აღდგენაში.

მისი თქმით, მართალია, ეს დაჯგუფებები ოფიციალური ერაყის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში არ ირიცხებიან, თუმცა მხარს უჭერენ ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას, ებრძვიან „აისისს“ და სხვა ჯგუფებს, რომლების მიზნად ისახავენ სუნიტური შარიათული წესის დამყარებას. კვახაძე „აქცენტთან“ ამბობს იმასაც, რომ ხსენებული ჯგუფები იმართებიან ირანიდან – მათ წვრთნა ირანელი ინსტრუქტორების კოორდინაციის ქვეშ გაიარეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ერაყის ხელისუფლებაში ძირითადად შიიტები არიან წარმოდგენილნი და მათ ხელშია რეალური ძალაუფლება.

კონფლიქტოლოგის ინფორმაციით, სადღეისოდ, ძირითადად სუნიტურ რეგიონებში ხშირია ხსენებული ჯგუფების წევრების მიერ ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტები, თუმცა ხელისუფლება მათი „ღვაწლიდან“ გამომდინარე, თვალს ხუჭავს, ამდენად, ახალისებს კიდეც. უშუალოდ ბაღდადის მოსახლეობა რელიგიური თვალსაზრისით შერეულია. დედაქალაქი სტატუსიდან გამომდინარე გაძლიერებულ დაცვას საჭიროებს, და არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფები იქაც არიან მობილიზებულნი. ამდენად, კონფლიქტოლოგის აზრით, პრობლემა, რომელზეც საქართველოს მოქალაქე საუბრობს, არა გაზვიადებული, არამედ – რეალურია. თუმცა, როგორც ირკვევა, ასე არ ფიქრობენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

“საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს შესაბამისი უწყების მიერ განხილულ იქნა ერაყის მოქალაქისთვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ვიზის გაცემის შესაძლებლობა, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, საკითხი დასრულდა უარყოფითად აღნიშნულის შესახებ ოფიციალურად გაეგზავნა მოქალაქეს, სადაც უარის მიზეზი არის განმარტებული. ასევე, მითითებულია გადაწყვეტილების გასაჩივრების გზები“,– განუცხადეს "აქცენტს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები