რუსეთი სომხეთში ბაზას აფართოებს: რა იცვლება რეგიონში?

30-06-2021 19:54:55 კავკასია ,ინტერვიუ

ერევანი და მოსკოვი სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის გაფართოების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. რუსეთის დედაქალაქში სომხეთის თავდაცვის, საგარეო საქმეთა, ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, სომხურ-რუსული გაერთიანებული დაჯგუფებისა და საკადასტრო კომიტეტის მაღალჩინოსნების დელეგაცია იმყოფება. სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის 23 ივნისის ბრძანებულებაში ვკითხულობთ:

"სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსებისა და ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მიწის ნაკვეთებისა და უძრავი ქონების გადაცემის საკითხებზე მომუშავე სომხეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი კომისიის მე-13 სხდომაში მონაწილეობის მიზნით 2021 წლის 26 ივნისი-1 ივლისის პერიოდში რუსეთის ფედერაციაში (მოსკოვი) დელეგაცია გაემგზავროს“.

14-კაციან დელეგაციას თავდაცვის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი, სახელმწიფოთაშორის კომისიაში სომხური მხარის ლიდერი არმენ ავეტისიანი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობის ნახევარზე მეტი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელია, თუმცა ჟურნალისტების ყველა მცდელობა, ამ დღეებში უწყებაში დამატებითი ინფორმაცია მოეპოვებინათ, უშედეგო აღმოჩნდა. ერთი თვის წინ, 27 მაისს, მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, სომხეთში მოქმედი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსთვის სიუნიკის მხარეში გამოყოფილიყო 3,5 ჰა საერთო ფართის მიწის ნაკვეთები უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით. რუსი მესაზღვრეების სარგებლობაში სულ 7 ნაკვეთი გადადის, რომელიც სხვადასხვა სოფლებს ჩამოეჭრებათ.

• მთავრობის დასაბუთების თანახმად, “2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების შემდეგ აუცილებელია სომხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრების გამაგრება”.

• ინფორმაცია სომხეთში 102-ე რუსული სამხედრო ბაზის გაფართოების ან ახლის შექმნის შესახებ არახალია. განცხადებების დონეზე ამის შესახებ 44-დღიანი ომის დასრულებისთანავე ალაპარაკდნენ.

• 3 მაისს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ “ისევე, როგორც ომამდე, მის შემდეგაც სომხეთის გარე უსაფრთხოების სისტემის საფუძველს უპირველესად, სომხეთ-რუსეთის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფება წარმოადგენს”.

„დაისვა სიუნიკის უსაფრთხოების საკითხი, 102-ე სამხედრო ბაზის თემა. საიდუმლო არაა, რომ სიუნიკის მხარეში ჩამოყალიბებულია 102-ე რუსული სამხედრო ბაზის ორი ახალი საყრდენი პუნქტი. მათი დაარსება სიუნიკის მხარისა და მთლიანად სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებითი გარანტიაა“, - აღნიშნა მან.

სიუნიკის რეგიონი კვლავ რჩება "ცხელ წერტილად" სომხეთ–აზერბაიჯანის ურთიერთობებში. მხარეები პერიოდულად ინციდენტების შესახებ იუწყებიან და ერთმანეთს ადანაშაულებენ. სიუნიქი (ისტორიულად ამ მხარეს ჰქვია ზანგეზური) გახლავთ სომხეთის რეგიონი, რომელიც ესაზღვრება ირანს და რომელიც აზერბაიჯანს აშორებს ნახიჩევანის ავტონომიური ოლქისგან. ამ უკანასკნელს კი პირდაპირი საზღვარი აქვს თურქეთთან. მხარეები ჯერ კიდევ 9 ნოემბერს ხელმოწერილი დოკუმენტით შეთანხმდნენ დერეფნების განბლოკვაზე, თუმცა ფაშინიანი ამბობს, რომ მასში სიუნიკზე არაა საუბარი, ალიევი კი ამ მიმართულებით პრობლემების შექმნის შემთხვევაში ძალის გამოყენებითაც დაიმუქრა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ახლახანს აზერბაიჯანმა და თურქეთმა შუშაში დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელიც, მათ შორის, სამხედრო თანამშრომლობას ითვალისწინებს. იყო საუბარი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქული ბაზის განთავსებაზეც, რომლის მიზნადაც ანალიტიკოსები სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზის დაბალანსებას, აზერბაიჯანისთვის დამატებითი დახმარების აღმოჩენასა და მისთვის დამატებითი ბერკეტის გაჩენას განიხილავენ.

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ ბატიაშვილი ფიქრობს, რომ აქტივობა რეგიონულ კონტექსტში ვითარებას სტრატეგულად არ ცვლის – რუსეთი და თურქეთი პოზიციების გამყარებას ცდილობენ.

ანალიტიკოსი "აქცენტთან" ამბობს იმასაც, რომ თუ რეალურად განთავსდება თურქული ბაზა აზერბაიჯანში, ეს არ იქნება ნატო–ს ბაზა: ბატიაშვილი აღნიშნავს, რომ თურქეთს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები და ის შესაძლოა ყოველთვის არ მოდიოდეს თანხვედრაში ნატო–ს ინტერესებთან. ამ კონტექსტში ის თურქეთის მიერ რუსული ეს–400–ების შეძენის საკითხს იხსენებს, რასაც თურქეთ–აშშ–ს შორის ურთიერთობების დაძაბვა და ამერიკული სანქციები მოჰყვა:

„ამდენად, თურქეთი არის ნატო–ს აქტიურ წევრი ქვეყანა, მაგრამ თუ თურქული სამხედრო ბაზა გაჩნდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ეს ვერ და არ იქნება ნატო–ს ბაზა და რაც მთავარია, მასზე არ გავრცელდება ნატოს მეხუთე მუხლი“.

ამასთან, ანალიტიკოსი რუსეთისა და თურქეთის ინტერესების კვეთაზეც ამახვილებს ყურადღებას:

„რუსეთს და თურქეთს ერთმანეთში ბევრი მოუგვარებელი საკითხები აქვთ. თუ რუსეთმა გადაწყვიტა, რომ სჭირდება თურქეთთან ურთიერთობების გამწვავება, ეს შეიძლება გააკეთოს სირიაშიც, ლიბიაშიც, უკრაინაში (თურქეთი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას), კავკასიაშიც – ყარაბაღში. მაგალითად, შარშან დასჭირდა რუსეთს და სირიაში საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააყენა თურქეთი. თურქეთი კი არის ქვეყანა, რომელსაც რუსეთისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია, მათ შორის, სამხედრო თვალსაზრისით“.

რეგიონში მიმდინარე პროცესების კონტექსტში ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ საქართველოზე ზეწოლა განხორციელდეს ე.წ. 6–წევროვან ფორმატში ჩართვის თვალსაზრისით მიუხედავად საქართველოს მიერ უკვე დაფიქსირებული პოზიციისა. საუბარია თურქეთის პრეზიდენტის მიერ უკვე რამდენჯერმე ინიცირებულ ფორმატზე, რომელიც ექვსი ქვეყნის – თურქეთის, რუსეთის, ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს თანამშრომლობას ითვალისწინებს რეგიონულ საკითხებზე.

„ამ ფორმატში ჩვენი ადგილი ნამდვილად არ არის: მასში ანტიდასავლური თუ არა, დასავლეთისგან სანქცირებული ქვეყნები მოიაზრებიან: ირანს მსხვილი სანქციები ადევს, რუსეთს – საშუალო, თურქეთს – მცირე. მით უფრო იმ ფონზე, რომ მასში დასავლელი პარტნიორები არ იქნებიან წარმოდგენილნი, წამგებიანია ჩვენთვის. ამასთან, გრძელვადიანად შეუძლებელია თანამშრომლობა ქვეყანასთან, რომელსაც შენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და არ ცნობს შენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ამდენად, რთული წარმოსადგენია, რა საკითხებში შეიძლება, რუსეთმა და საქართველომ გრძელვადიანად ითანამშრომლონ. ზეწოლა იქნება, მაგრამ ეს ის საკითხია, რომელსაც არ უნდა დავთანხმდეთ და ამგვარი პოზიცია ოფიციალურადაც დაფიქსირებული აქვს საქართველოს“.

ბატიაშვილი ფიქრობს, რომ არსებულ მოცემულობაში საქართველოს ერთადერთი „თავშესაფარი“ დასავლეთია და ეს დროულად უნდა გააცნობიერონ ქვეყნის პოლიტიკურ ოპოზიციასა და ხელისუფლებაში, ძალისხმევა კი, როდესაც რუსეთის მიმართ დასავლის ქვეყნებში პოზიცია ერთიანი არ არის, ამ მიმართულებით და „საშინაო დავალების“ შესრულებისკენ მიმართონ, მით უფრო, რომ პარტნიორი ქვეყნებისთვის სულ ერთი არაა, რა ხდება საქართველოში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები