Accentnews.ge
რატომ აგროვებენ პოლიციელები მოზარდების პერსონალურ მონაცემებს?

რატომ აგროვებენ პოლიციელები მოზარდების პერსონალურ მონაცემებს?

15/07/2021 14:10:05 სამართალი

უბრალოდ ვიდექით რამდენიმე მეგობარი, ვსაუბრობდით. მოვიდა პოლიციელი, გვითხრა, „ფოტოები უნდა გადაგიღოთო“, არც განუმარტავს, რისთვის, რატომ... გვკითხა სახელი და გვარიც. მოვერიდეთ მასთან კამათში შესვლას და გადავაღებინეთ ფოტოები, ვუთხარით ვინაობა. პრინციპში, არც ვიცოდი, ამის უფლება ჰქონდა თუ არა, მაგრამ მოვერიდეთ გამწვავებას“,– უყვება „აქცენტს“ ერთ–ერთი მოზარდი თბილისიდან.

მსგავსი გამოცდილების შესახებ ყვება „აქცენტთან“ მოზარდი რუსთავიდან. არასრულწლოვანი ამბობს, რომ მას საცხოვრებელი სახლის მისამართიც ჰკითხეს, უთხრეს, რომ „არსებობს კანონი“, რომლის თანახმადაც, ის „ბაზაში უნდა დაარეგისტრირონ“, თუმცა მოზარდისთვის ბუნდოვანი გახდა მასთან კომუნიკაციის არსი.

დარწმუნებული ვარ, ყველას ფოტო აქვთ, რადგან მეც გადამიღეს და მინახავს, როგორ უღებენ სხვებს. ერთხელ ვნახე, ბიჭი ცუდად იყო და მასაც გადაუღეს ფოტო“,– უყვება „აქცენტს“ კიდევ ერთი მოზარდი.

მსგავსი პრაქტიკის შესახებ ჯერ კიდევ სამი წლის წინ საუბრობდა ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა აბაშიძე, როდესაც ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში სისტემურ პრობლემებზე მიუთითებდა:

„ვიცი, რომ მოზარდ ბიჭებს ქუჩაში აჩერებენ, პოლიციის მანქანაში სვამენ ისე, რომ სამხრე კამერები გამორთულია და ხორციელდება ტერორი. მათ [შსს–ს] რომ ჰკითხოთ, ეს „პრევენციაა“, რეალურად კი - საბჭოური გადმონაშთი: დააშინე, დაჩაგრე და ვითომ აირიდე სავარაუდო რაღაც,– პოლიციას ბავშვებთან მიმართებაში ამგვარი მიდგომა აქვს“.

თუ მოზარდების ნაამბობიდან და უფლებადამცველებზე დაყრდნობით ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, ძალოვანი უწყება მსგავს პრაქტიკაზე უარს კვლავაც არ ამბობს.

იურისტი ანა თავხელიძე „აქცენტთან“ იხსენებს შემთხვევას, როდესაც მოზარდმა საკუთარი უფლებების დაცვა სცადა, ამის გამო გაღიზიანებულ პოლიციას კი მოზარდი აღშფოთებულმა გამვლელებმა გამოგლიჯეს ხელიდან:

„რამდენიმე მსგავსი შემთხვევა გვქონდა, მათგან ერთი, შედარებით მძიმე: როდესაც ბავშვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდა და ამის შესახებ უთხრა პოლიციელს, ასევე დასვა შეკითხვები, რის საფუძველზე აჩერებდნენ და ითხოვდნენ ფოტოს გადაღებას, მოითხოვა კანონის მითითება, ამან პოლიციელები გააღიზიანა და დაუპირეს პოლიციის განყოფილებაში ძალის გამოყენებით გადაყვანა. ეს ისეთი ფორმით მოხდა, რომ ბავშვს დაზიანებები ჰქონდა სხეულზე. გამვლელები ჩაერთნენ საქმეში, ბავშვი ფიზიკურად გამოსტაცეს პოლიციას ხელიდან და გამოარიდეს. ამ საქმეს ჩვენ ეროვნულ დონეზე ვწარმოებდით, მაგრამ გამოძიება არ დაიწყო, მიუხედავად ვიდეომასალის და ბავშვის სხეულზე დაზიანებების არსებობისა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ რომელიმე საერთაშორისო მექანიზმში გავაგრძელოთ უახლოეს მომავალში დავა“.

„აქცენტი“ დაინტერესდა, აღნიშნული პრაქტიკის მოტივის და კანონიერი საფუძვლების თაობაზე და შესაბამისი კითხვით შსს–ს მიმართა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია. მანამდე კი ვეცადეთ, იურისტთან გაგვერკვია, არის თუ არა უფლებამოსილი სამართალდამცველი, კომუნიკაციაში შევიდეს მოზარდთან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე და შეაგროვოს პერსონალური მონაცემები.

როგორც თავხელიძე განმარტავს, პირის, მათ შორის მოზარდის შეჩერებისთვის უნდა არსებობდეს დასაბუთებული სამართლებრივი საფუძველი, სხვა შემთხვევაში კომუნიკაცია უკანონოა:

„მსგავსი შემთხვევები იშვიათი არაა და ხშირად ვაწყდებით, რომ პოლიცია ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ახდენს ბავშვების გაჩერებას. იდენტიფიცირების მიზანს კი უთითებს, მაგრამ სამართლებრივად ამას თავისი საფუძველი უნდა ჰქონდეს. მაგალითად, უნდა არსებობდეს ეჭვი, რომ დავუშვათ, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ინახება მასთან, ან დანაშაულში მხილებულ პირს მიამსგავსეს და ა.შ. – რაღაც კონკრეტული საფუძველი უნდა ჰქონდეს ადამიანის გაჩერებას. შემდეგ თავი უნდა წარუდგინონ ბავშვს, განუმარტონ რის თაობაზე აჩერებენ და ა.შ. მაგრამ პრაქტიკაში სამართლებრივი მხარე მთლიანად ჩახსნილია ხოლმე. როგორც წესი, არც სამხრე კამერები აქვთ ჩართული, აბსოლუტურად არანაირი ჩანაწერი არ არსებობს და ბავშვის სიტყვა პოლიციელის სიტყვის პირისპირ რჩება, რაც პრობლემაა და როგორც სრულწლოვნის, ისე ბავშვის შემთხვევაში უფლების დარღვევას წარმოადგენს“.

თავხელიძე განმარტავს, რომ როგორც კი პოლიციელისთვის ცნობილი ხდება, რომ საქმე ეხება ბავშვს:

  • მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უნდა უზრუნველყოს, რომ ბავშვს ჰყავდეს წარმომადგენელი, საქმეში ჩართოს სოციალური მუშაკი, რომ სისტემის წინაშე ბავშვი მარტო არ დარჩეს;
  • უნდა ხდებოდეს პროცესის დოკუმენტირება – შესაბამისი ოქმის შედგენა მაშინვე;
  • და თუ პოლიციელი 16 წლამდელი მოზარდისთვის გეგმავს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას, იგივე პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის, ეს შეუძლებელია, რადგან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას კანონი 16 წლის ჩათვლით ასაკის პირისთვის ითვალისწინებს:

„ბავშვებმა უნდა უთხრან პოლიციის თანამშრომელს, რომ მათ აქვთ ადვოკატის ყოლის უფლება, რომ მათთან კომუნიკაციას წარმომადგენელი უნდა ესწრებოდეს და უნდა მოსთხოვონ, განუმარტონ, რა საფუძვლით მოხდა მათი შეჩერება და რას ეყრდნობა მათი მოთხოვნა. ფოტო გადაღება ხდება მაშინ, როდესაც პირი იდენტიფიცირებადი არაა. როცა ბავშვი თავს იდენტიფიცირებადს ხდის, მისთვის ფოტოს გადაღება არ შეიძლება, უბრალოდ ამის მტკიცება შემდეგ პრობლემა არის ხოლმე, რადგან არ არსებობს ჩანაწერი. ასე რომ არ ხდებოდეს, სავალდებულო წესით პოლიციელი კომუნიკაციის ჩანაწერს უნდა აკეთებდეს, რომ შემდეგ ორივე მხარისთვის მარტივი იყოს მტკიცება, რა მოხდა მათ შორის სინამდვილეში“.

თუმცა, როგორც თავხელიძე ამბობს, მსგავსი ტიპის საპოლიციო ღონისძიებას ძირითადად კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ახორციელებენ, რომელთაც დავისას არგუმენტად მოჰყავთ, რომ არ არიან სამხრე კამერებით აღჭურვილნი, შესაბამისად, ვერ ახორციელებენ კომუნიკაციის კამერაზე ასახვას.

ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ვარაუდობს, ვარაუდობს, აღნიშნული მონაცემები ძალოვან უწყებას სამომავლოდ, ამა თუ იმ დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში პირის იდენტიფიცირებისთვის შესაძლოა სჭირდებოდეთ.

„ეს არის არაპროფესიონალიზმის გამოვლინება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ისინი დაინტერესებულნი არიან, გაიმარტივონ საქმე. სავარაუდოდ, დაინტერესებულნი არიან, ჰქონდეთ ახალგაზრდების ფოტო–გამოსახულება, რომ როდესაც დასჭირდებათ, მარტივად მოახდინონ იდენტიფიცირება. მსგავსი მეთოდებით მუშაობა ხელს უწყობს იმ მცირე ნდობის გაქრობასაც კი, რომელიც დღეს პოლიციის მიმართ არსებობს. პოლიციის მიმართ ნდობა კი წლების განმავლობაში ძალიან პრობლემურია, მით უფრო არასრულწლოვანებისთვის, რომელთაც პოლიცია უნდა ასწავლიდეს კანონის, უფლებების დაცვას, პატივისცემას ქვეყანაში მოქმედი ნორმების“,– ამბობს „აქცენტთან“ ნანუაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S