რას ფიქრობენ ოპოზიციაში საერთო კანდიდატებზე

21-07-2021 15:04:25 პოლიტიკა

თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციის ნაწილი საერთო კანდიდატების აუცილებლობაზე საუბრობს. ცნობილია, რომ ოპოზიციის გეგმა კვირს ბოლოსთვის გახდება ცნობილი, კულუარული ინფორმაციით კი ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას, საკრებულოს თავჯდომარეობის კანდიდატად კი ელენე ხოშტარიას განიხილავს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილის განცხადებებში ერთსულოვნება არ შეიმჩნევა. მაგალითად, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას თვითმმართველობის არჩევნებზე როგორც თბილისში, ისე საკვნძო ქალაქებში მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე კოორდინირება და შეთანხმება აუცილებლად მიაჩნია.

„აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“, ჩვენ პოლიტიკურ გუნდს, კოორდინირება და შეთანხმება ამ არჩევნებზე როგორც თბილისში, ისე საკვანძო ქალაქებსა და რაიონებში მერობის კანდიდატებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებზე. ჩვენი აზრით, დაგვიანდა ამ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე კიდევ უფრო გვიან, ან არასდროს.

ამიტომ, იმედი გვაქვს და ასე გვაქვს დაგეგმილი, რომ სულ ორიოდე დღეში ყველა ამ კითხვაზე იქნება გაცემული პასუხი. ის გვარები, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, აბსოლუტურად ლეგიტიმურად განხილვის საგანი იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და საბოლოო გადაწყვეტილებას ყველას მოგახსენებთ ორიოდე დღეში”, - განაცხადა ბოკერიამ.

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ სწორი იქნება, ჩამოყალიბდეს მესამე ძალა და მან წარადგინოს მერობის კანდიდატი, თუმცა არ აკონკრეტებს, ვის მოიაზრებს მესამე ძალად:

„ჩვენთვის, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ ნომერ პირველი ამოცანა არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ ნაწილში ვერ აიღოს 43 პროცენტი და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია შარლ მიშელის შეთანხმებაში. აქედან გამომდინარე, ყველა სტრატეგია, რომელსაც ჩვენ ვაგებთ, სწორედ ამაზეა ორიენტირებული. ყველაზე სწორი იქნება, მესამე ძალა ჩამოყალიბდეს და მან წარადგინოს მერობის კანდიდატი, ყველა პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურები წარადგინოს, რათა ხალხს მივცეთ არჩევანი. არ არის არჩევანი მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. არ არის არჩევანი მხოლოდ აწმყოსა და წარსულს შორის. არჩევანი არის აწმყოსა და მომავალს შორის. მე ამაზე ჩემს გუნდთან ერთად ვმუშაობ და იმედი მაქვს, პირველი ეტაპის კონსოლიდაცია მოხდება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ხოლო შემდგომი ეტაპის კონსოლიდაცია უკვე მოხდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – განცხადა გიორგი ვაშაძემ.

"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს "ის შანსები აქვს, რაც აქამდე ჰქონდა", თუ ოპოზიციამ ტაქტიკა არ შეცვალა, კალაძე „ფავოტიტად დარჩება:

"საწყის ეტაპზე, შეჯიბრის დაწყების წინ ფავორიტია და ფავორიტად დარჩება, თუ ოპოზიციამ რაიმე არ მოიფიქრა და ის ტაქტიკა არ შეცვალა, რაც ახლა მიმართულია იქით, რომ შევარჩიოთ უკეთესი ადამიანი ნაცვლად იმისა, რომ შევარჩიოთ უკეთესი იდეა მოწინააღმდეგის მიმართ.

[...]ვიდრე ეს ტაქტიკა მუშაობს და ოპოზიცია სხვა რამეზე არ ფიქრობს, კალაძე ფავორიტად დარჩება. „ქართული ოცნებისთვის“ 43 პროცენტის აღება მარტივი არ იქნება, მიუხედავად იმისა, კალაძე იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი. მთავარია არა კონკრეტული ადამიანი, ვინც კალაძეს დაუპირისპირდება, არამედ იდეა, რითაც ოპოზიციიდან მისი მოწინააღმდეგე იქნება. არ მგონია, რომ ძლიერება საერთო ოპოზიციურ კანდიდატში იყოს, პირიქითაა“.

„მოქალაქეები“ პროცესში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავენ.

"ნიკა მელიას მხარს არ დავუჭერთ და ნაციონალურ მოძრაობასთან არანაირ გაერთიანებებში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ეს თუ უნდოდათ, ცოტა წინ გაეხედათ და ნუ იქნებოდნენ ისეთი მოკლემხედველები, როგორიც იყვნენ. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ მოლაპარაკების მაგიდიდან წამოვიღოთ მაქსიმუმი, შევიდეთ 60 დეპუტატი ოპოზიციიდან პარლამენტში, დავანთოთ ცეცხლი, დავორგანიზდეთ საერთო კანდიდატზე თბილისის მერობის, საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე და დავამარცხოთ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში. ყური არ გვიგდეს მაგრამ იგივე ხდება, თუმცა უკუღმა. ახლა ვართ დაშლილი ოპოზიცია, ვლანძღავთ ერთმანეთს და რა ნამუსით უნდა გვთხოვონ ჩვენ, რომ რომელიმე კანდიდატს დავუჭიროთ მხარი. იმ ოპოზიციონერებმა როგორ უნდა გვთხოვონ ეს ვინც 6 თვე გვლანძღავდა და ათას უბედურებას გვაბრალებდა",– განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს გაცხადებული აქვს რომ მერობის კანდიდატობა სურს და არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს მსჯელობა, მოხსნის თუ არა ის კანდიდატურას მელიას სასარგებლოდ. კულუარული ცნობებით, მელიას არასაპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერა აქვს.

პოზიციის ჩამოყალიბების პროცესშია პარტია „ლელო“. პარტიის ერთ–ერთი დამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, გადაწყვეტილებას პარტია უახლოეს დღეებში გააჟღერებს:

"უმნიშვნელოვანესი საკითხია „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოაგროვოს 43% და ჩაინიშნოს რიგგარეშე არცევნები".

ენმ–ის წევრი აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ საუბარი ყველა პარტიასთან მიმდინარეობს და მას მოჰყვება კონკრეტული გეგმა. ის დეტალებს არ აზუსტებს, მაგრამ ამბობს, რომ გეგმა კვირის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია დაიწყო და თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები