
„ქართული ოცნება“ კალაძეზე ქარტიის განცხადებას „სამარცხვინო ცილისწამებას“ უწოდებს
21/07/2021 17:09:12 პოლიტიკა
"ქართული ოცნება" ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თბილისის მერის კახა კალაძის 20 ივლისის გამოსვლა დაგმო. საუბარია კალანძის განცხადებაზე, რომ 5ივლისის ძალადობრივ მოვლენბთან ერთად ჟურნალისტების საქმიანობასაც შეეხო და მას "ფსიქოლოგიური ძალადობა" უწოდა.
მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ ქარტიის განცხადება "სამარცხვინო ცილისწამება და ფაქტების დამახინჯებაა".
"ქართული ოცნება" ქარტიას მოუწოდებს, გააკეთოს განმარტება "დაუსაბუთებელ ბრალდებებთან დაკავშირებით" და ასევე ურჩევენ, წინასაარჩევნო გარემოში სიფრთხილით მოეკიდონ თბილისის მერობის კანდიდატებთან დაკავშირებულ შეფასებებს.
"განვმარტავთ, რომ 20 ივლისის გამოსვლაში კახა კალაძემ ისაუბრა ძალადობის ფორმებზე და აღნიშნა, რომ ფიზიკურ ძალადობაზე "არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ჩვენ საზოგადოებაში".
აქვე, კახა კალაძის თქმით, ეს საზოგადოებრივი პრობლემა აისახება ტელეეთერებშიც. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ "ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელეეთერიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო".
ცალსახაა, რომ ქარტიის განცხადება ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას და წარმოადგენს ცილისწამებას.
აქვე აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ამავე განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება მედიის მიმართ პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკისა და დამოკიდებულების გამო.
მოვითხოვთ განმარტებას, რის საფუძველზე ამოიკითხა ორგანიზაციამ აგრესიული რიტორიკა კახა კალაძის მიერ 20 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში? იქიდან გამომდინარე, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხრიდან გამოთქმული არცერთი ბრალდება არ დასტურდება ფაქტებით, მოვუწოდებთ ქარტიას, გააკეთოს განმარტება დაუსაბუთებელ ბრალდებებზე. ასევე, ვურჩევთ, გაითვალისწინონ წინასაარჩევნო გარემო და სიფრთხილით მოეკიდონ ნებისმიერ კანდიდატთან დაკავშირებით გამოთქმულ შეფასებებს, ვინაიდან ყოველი მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადება მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს დემოკრატიულ პროცესებს.
მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდება უარყოფითად აისახება არამარტო საარჩევნო პროცესზე, არამედ ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზებას და შუღლის დათესვას", - წერია განცხადებაში.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მედიასთან დაკავშირებით კახა კალაძის გუშინდელი განცხადება დაგმო და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით ჟურნალისტებზე თავდასხმა არ წაახალისოს. როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული, მთავრობამ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე საუბარი უნდა შეწყვიტოს და საქმიანი ურთიერთობების რეჟიმზე უნდა გადავიდეს.