
საპატრიარქო ეკლესიებისთვის ავრცელებს ინსტრუქციას, როგორ უნდა უზრუნველყონ ტაძრის ტერიტორიაზე ჟურნალისტების დაშვების შეზღუდვა
22/07/2021 14:11:57 საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო ეკლესიებისთვის ავრცელებს ერთგვარ ინსტრუქციას, როგორ უნდა უზრუნველყონ ტაძრის ტერიტორიაზე ჟურნალისტების გადაადგილების შეზღუდვა
როგორც საპატრიარქოს ოფიცილურ განცხადებაშია ნათქვამი, ჟურნალისტური ეთიკის ნორმები უხეშად ირღვევა რიგი მედიასაშუალებების მიერ და აღნიშნავს, რომ არსებობს კანონიერი გზა, რომლითაც ეკლესიებს შეეძლებათ, ჟურნალისტების ტერიტორიაზე არშეშვება.
“ამ ჟურნალისტებს ტაძრის ეზოები პოლიტიკურ დებატებში ჩართვისა და შეურაცხყოფის ადგილად სურთ აქციონ, ცალკეულ რელიგიურ სწავლებას პოლიტიკური განაცხადის სახე შესძინონ და ეს პრობლემების შექმნის მიზეზად წარმოაჩინონ. ამასთან, ისინი არ ერიდებიან ჩვეულებრივ მოქალაქეების კერძო სივრცეში ნებართვის გარეშე შეჭრასაც და უბრალო ადამიანების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას”, – აცხადებს საპატრიარქო.
ინსტრუქციაში საპატრიარქო მიუთითებს სისხლის სამართლის ორ მუხლზე – ადევნებასა (151-ე პრიმა) და რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელშეშლაზე (155-ე).
„აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალკეულ ადამიანს თუ ტაძრის წინამძღვრებს შეუძლიათ, წერილობით მიმართონ ამა თუ იმ ტელეარხის ხელმძღვანელობას და შეატყობინონ, რომ არ სურთ მათი ტელევიზიის ჟურნალიტებთან კომუნიკაცია, რადგან დამაბრკოლებელი გარემოებები ექმნებათ. ასევე, მიზანშეწონილია შესაბამისი განაცხადი განთავსდეს ტაძრის ეზოს შესასვლელეთან;
მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მიმართვის საფუძველზე, პოლიციას ევალება, შეზღუდონ ამგვარ ჟურნალისტთა თქვენს სივრცეში გადაადგილება“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი განცხადებას "საფრთხის შემცველსა" და "ძალადობის წამხალისებელ" ქმედებას უწოდებს.
„საპატრიარქოს განცხადება ახალისებს ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს. იგი პირდაპირ უთითებს მედიას, რომლის მუშაობაც მას არ მოსწონს და მას აქვს სრული უფლება, რომ არ მოსწონდეს კონკრეტული მედიასაშუალების მუშაობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა წაახალისოს ძალადობა. ჩვენ ვიხილეთ 5 ივლისი და სასულიერო პირები, რომლებიც ძალადობრივ მოწოდებებს აკეთებდნენ, ამიტომ, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია საპატრიარქოს მხრიდან მსგავსი პოზიციის დაფიქსირება და განცხადების გამოქვეყნება", - ამბობს გოგოსაშვილი.ქარტიის დირექტორის თქმით, საპატრიარქო უნდა აცნობიერებდეს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის მსგავს განცხადებებს, განსაკუთრებით კი 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ.
„თუ ირღვევა ეთიკის ნომრები, შეუძლიათ მიმართონ ეთიკის ქარტიას. გვქონია შემთხვევა, როცა მოგვმართა სასულიერო პირმა და ვიმსჯელეთ მის განცხადებაზე. ასეთი ტიპის განცხადებებით ახალისებენ ძალადობას და თავადაც აღიარებენ, რომ 5 ივლისის დღეს ადგილი ჰქონდა გადაცდომებს კონკრეტული სასულიერო პირების მხრიდან. უნდა აცნობიერებდნენ, რა შეიძლება მოჰყვეს ამ განცხადებას", - აცხადებს მარიამ გოგოსაშვილი.