Accentnews.ge
იძებნება მინისტრის მიერ სავარაუდოდ გატაცებული მიკროფონი: წულუკიანმა კანონი დაარღვია?

იძებნება მინისტრის მიერ სავარაუდოდ გატაცებული მიკროფონი: წულუკიანმა კანონი დაარღვია?

22/07/2021 16:34:25 სამართალი

საქართველოს ვიცე–პრემიერმა/კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სენაკის თეატრი დატოვა და „მთავარი არხის“ კუთვნილი მიკროფონი, რომელიც ჟურნალისტს ხელიდან გასტაცა, სავარაუდოდ, თან გაიყოლა. ყოველ შემთხვევაში, როგორც ჟურნალისტი ემა გოგოხია ამბობს, მისთვის მიკროფონი არ დაუბრუნებიათ და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა.

მანამდე ჟურნალისტმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა, სამართალდამცველები საქმის კურსში ჩააყენა, რომ საქმიანობაში ეშლებოდა ხელი, თუმცა პოლიციელებს ხელშეშლის პროცესი არ აღუკვეთავთ.

"საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოვიძახეთ, შევეცადე, ამ გზით დამებრუნებინა მიკროფონი, თუმცა გამოკითხვის შემდეგ ეკიპაჟმა ოფიციალური განმარტება გააკეთა, რომ "ვერ მიუახლოვდებოდა მინისტრს და დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით ვერც შეკითხვას დაუსვამდა. გამოკითხვის ოქმს გადასცემენ კრიმინალურ პოლიციას და შემდეგ ისინი ჩაერთვებიან ფაქტის გამოძიებაში", - განაცხადა ჟურნალისტმა.

„არ ვიცი, ამაზე სერიოზული კომენტარი როგორ გავაკეთო. ეს კლასიკური აფექტია. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ულტრაკონსერვატიულ ფრთაზე ფალავანდიშვილი და ვასაძე ჩაანაცვლოს: ვასაძე ავად გახდა, ვიღაცამ ხომ უნდა დაიკავოს ეს ადგილი? როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ მათი ელექტორატი, მათი სამიზნე, მათი გემოვნება აქ არის. ხვდებიან, რომ სხვა მიმართულებით პერსპექტივა არ აქვთ და უცებ ძალიან ღრმად რელიგიურები გახდნენ ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში საერთოდ არ ყოფილან, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. ათეისტები იმიტირებას ახდენენ, რომ არიან ძალიან რელიგიურები, ძალიან კონსერვატიულად განწყობილები და ამას გამოხატავენ აგრესიით. კონსერვატიზმის არსიც არ ესმით სინამდვილეში. ჰგონიათ, რომ კონსერვატიზმი არის ჟურნალისტების ცემა-ტყეპა, მიკროფონების წართმევა და ასე შემდეგ. ეტყობა, ამასთანავე აიცრა, "ბლუთუზმა" დაიჭირა და შედეგიც ვნახეთ", – ხუმრობს ფაქტის კომენტირებისას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

დღეს მინისტრის მხრიდან სავარაუდოდ, საჯარო კანონდარღვევას ვადევნებდით თვალს: ერთი, რომ დაეუფლა სხვის ქონებას, მეორე, რომ ჟურნალისტს საქმიანობის შესაძლებლობა არ მისცა, რადგან სწორედ მიკროფონია ამ შემთხვევაში ტელეარხის ჟურნალისტის სამუშაო იარაღი და ყვეაფერთან ერთად, მინისტრის ჟესტი დამცინავი იყო.

ინფორმაციისთვის: ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია (სსკ–ის 154–ე მუხლი), რომელიც 2 წლამდე პატიმრობით ისჯება.

"ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევა, ერთი მხრივ არის მის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, ხოლო მეორე მხრივ ძარცვა - ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.ამ საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს პროკურატურამ, რადგან მთავრობის წევრის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება პროკურატურის ქვემდებარეა",- განმარტავს იურისტი გიორგი მშვენიერაძე..

მომხდარში სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს ხედავს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ იურისტი მარი კაპანაძეც:

„მომხდარი დანაშაულის გარკვეულ ნიშნებს ნამდვილად შეიცავს: მიკროფონის წართმევა ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლა ნამდვილად იყო. ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ მინისტრმა ეს დემონსტრაციულად გააკეთა, - ალბათ იმიტომ, რომ იცის, ამისთვის პასუხს არავინ აგებინებს. ვიცით ისიც, რომ წულუკიანმა სასამართლო გადაწყვეტილება არ აღასრულა [ჯერ კიდევ იუსტიციის მინისტრობის დროს – რედ], თუმცა ამას მის მიმართ რაიმე შედეგი არ მოჰყოლია“.

„აქცენტთან“ საუბრისას იურისტი ყურადღებას ფართო კონტექსტზეც ამახვილებს და თვლის, რომ მომხდარი სურათს კიდევ უფრო ამძიმებს:

"ამ ყველაფრის ფონია 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენები, პოლიტიკური თანამდებობის პირთა ნეგატიური დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ, საპატრიარქოს მიერ დღეს გაკეთებული განცხადება [მღვდელმთავრებისთვის გამოქვეყნებული ინსტრუქცია, თუ როგორ შეზღუდონტაძრის ტერიტორიაზე ჟურნალისტების გადაადგილება–რედ.]".

იურისტი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას ეს კონტექსტი მშვენივრად ესმის, ისევე, როგორც ის, თუ რა შედეგები შეიძლება, გამოიწვიოს მსგავსმა დამოკიდებულებამ სამომავლოდ:

„ეს ძალადობრივ ფონს ცალსახად ახალისებს და მკაცრადაა შესაფასებელი. ვნახეთ პრემიერ–მინისტრის 5 ივლისის განცხადება და ისიც, რა მოჰყვა მას. წულუკიანის დღევანდელი ქმედება კი ცალსახა მინიშნებაა იმაზე, რომ პოლიტიკოსები ჟურნალისტების მიმართ პატივისცემას არც სამომავლოდ გამოიჩენენ. შესაბამისად, მოლოდინი იმისა, რომ ისინი ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა ფაქტს გამოიძიებენ, მცირდება, განსაკუთრებით - ორგანიზატორთა დასჯის ნაწილში. ვიცით, რომ ამ დროისთვის არც ერთი ორგანიზატორი არაა პასუხისგებაში მიცემული“.

კონტექსტზე ამახვილებს ყურადღებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილიც, რომელიც მოუწოდებს მმართველ გუნდს, მედიასთან კომუნიკაციის მეთოდები შეცვალოს:

„სამწუხაროდ, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენლები მსგავსი ფორმით ახდენენ კომუნიკაციას მედიასთან. ესაა აგრესიული დამოკიდებულება, რომელიც იწვევს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადახედოს თავის კომუნიკაციას მედიასთან".

„აქცენტი“ დაინტერესდა, გეგმავს თუ არა შსს, მინისტრის დღევანდელ „პერფორმანსს“ სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცეს, თუმცა უწყებაში ამ დროისთვის შესაბამის პასუხი არ აქვთ.

უცნობია ისიც, რა ბედი ეწია მიკროფონს: კულტურის სამინსტროს პრეს–სამსახურში „აქცენტმა“ ეს ვერ გაარკვია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S