პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 2020 წლის არჩევნებში არსებითი ხარვეზები ვერ აღმოაჩინა

26-07-2021 11:32:00 პოლიტიკა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2020 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში არსებითი ხარვეზები ვერ აღმოაჩინა. ამ დასკვნამდე კომისია 2,5 თვის მუშაობის შედეგად მივიდა.

"გამოვავლინეთ კონკრეტული პრობლემები და ხარვეზები, გარკვეული ტექნიკური შეცდომები, რომელიც გადათვლის პროცესში იქნა იდენტიფიცირებული. აღნიშნული უკავშირდებოდა იმ გარემოებებს, რაც გამოწვეული იყო რიგ შემთხვევებში და უფრო მეტ შემთხვევებში, სტრესული გარემოთი და პანდემიური სიტუაციით, რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კომისიის წევრების გულგრილობას, ხოლო რიგ შემთხვევებში დაფიქსირდა დაბალი კომპეტენციის ფაქტები", - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, "ქართული ოცნების" წევრმა გივი მიქანაძემ.

კომისიამ 41 ყველაზე პრობლემური უბანი შეარჩია, სადაც ფიქსირდებოდა ბიულეტენების მეტობისა და ნაკლებობის შემთხვევები. მათგან 3 უბანი უკვე გადათვლილი იყო. საბოლოო ჯამში შემთხვევითი შერჩევის მეთოდით ამ უბნებიდან შეირჩა 20 უბანი (13 ნაკლებობისა და 7 მეტობის შემთხვევებით).

კომისიის დასკვნით:

· გადათვლის შედეგები შედარდა ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს და აღმოაჩინეს 0,01-0,02 იყო მეტობის ან ნაკლებობის მაჩვენებელი;

· ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს გამოაკლდა პრობლემურად მიჩნეული უბნების მონაცემები და დაფიქსირდა 0,01-0,02 იყო მეტობის ან ნაკლებობის მაჩვენებელი.

კომისიამ მონაცემების შედარების შედეგად დაადგინა, რომ ოფიციალურ მაჩვენებელთან გადათვლის შედეგად მიღებული მონაცემები "მიზერულად" განსხვავდებოდა.

ამ დასკვნით საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, 26 ივლისს წარსდგება. პარლამენტი კენჭისყრით გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა ეს დადგენილება. დადგენილების მისაღებად აუცილებელია დეპუტატების უმრავლესობის თანხმობა, მაგრამ არანაკლებ 51 ხმა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 2021 წლის 17 თებერვალს შეიქმნა. კომისიამ მუშაობა დროებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციის დროს შეაჩერა იმ იმედით, რომ ყველა მხარე ჩაერთვებოდა მუშაობაში. საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ოპოზიციიდან მხოლოდ ორი დეპუტატი ("ევროპელი სოციალისტები") მუშაობდა, კომისიის დანარჩენი ორი წევრი კი "ქართული ოცნებიდან" იყო, მათ შორის თავმჯდომარის თანამდებობაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები