რატომ აშინებს პუტინს უკრაინის ძირძველი ხალხების შესახებ კანონი

26-07-2021 13:46:12 ანალიზი

უკრაინამ ძირძველი ხალხების შესახებ კანონი მიიღო, რომლის ძირითად მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს ყირიმელი თათრები, მცირერიცხოვანი ყირიმელი კაიმარები და ყირიმელები აკმაყოფილებენ. რუსეთის პრეზიდენტი ამან აღაშფოთა და უკრაინა ნაციზმში დაადანაშაულა. პუტინის თქმით, რუსები უკრაინის ძირძველი ხალხია და მათი კანონის სფეროდან დისტანცირება დანაშაულია. პუტინის ნარატივს იმეორებს რუსული სახელმწიფო მედიაც.

რუსეთის პრეზიდენტი ყირიმელებზე აპელირებს, რომლებიც მისი თქმით რუსეთს თავიანთი ტერიტორიით ნებაყოფლობით შეუერთდნენ. თუმცა, საქმე იმაშია, რომ ყირიმი ანექსირებულია, ის საკუთარი ნებით რუსეთს არ შეერთებია. უკრაინის ძირძველი ხალხების შესახებ კანონი ადამიანების დაცვაზეა ორიენტირებული და არა ვინმეს დისკრიმინაციაზე. პუტინმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის და სინამდვილეში, მისი აღშფოთება სხვა რამემ გამოიწვია. ყირიმელი თათრები ახალი კანონით ოფიციალურად წარმოადგენენ უკრაინის ძირძველ ხალხებს და საერთაშორისო სამართლით მათ თვითგამორკვევის უფლება ენიჭებათ, შესაბამისად ყირიმის ნახევარკუნძულზე მათი აზრის გათვალისწინება ახლა რუსეთის ოფიციალური ვალდებულებაა. უკრაინა ძირძველი ხალხების უფლებების შესახებ გაეროს დეკლარაციის ხელმომწერია და მის ტერიტორიაზე ძირძველი ხალხების ნებართვის გარეშე ნებისმიერი სამხედრო აქტივობა ან ბაზის განთავსება აკრძალულია. უკრაინის ახალი კანონით ყირიმელი თათრების საერთაშორისო პოზიციები გამყარდა, კრემლის წინააღმდეგ სამართლებრივი არგუმენტების სია კი გაფართოვდა.

„ზოგადად ძირძველ, პირველი თუ მეორე კლასის ხალხებად საზოგადოების დაყოფა ნაცისტური გერმანიის მიდგომების გამეორებაა. ცნობილი ფაქტია, რომ ის ადამიანები, ვინც თავიანთი ტერიტორიით (იგულისხმება ყირიმის ნახევარკუძული) რუსეთს შემოურთდნენ, თავს რუსებს უწოდებენ. აქედან გამომდინარე, არასწორია რუსები ძირძველი ხალხების სიაში არ მოახვედრო“ - ამის შესახებ პუტინმა ერთ-ერთ რუსულ სახელმწიფო მედიასთან განაცხადა. პუტინმა ძირძველი ხალხების შესახებ კანონი მესამე რაიხის კანონებს შეადარა და იქვე ზელენსკის ებრაული ფესვები გაიხსენა. მან თქვა, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ მილიონობით რუსი იძულებული გახდება უკრაინა დატოვოს ან “უკრაინელად გადაეწეროს”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა უკრაინის მიერ მიღებულ კანონს ასე გამოეხმაურა: „ ასეთი მარგინალური კანონების მიღებით უკრაინა უფრო მეტად უახლობდენა მის ნაციონალისტურ და ნეონაცისტურ მისწრაფებებს. კიევის სიგნალი მოსახლეობისთვის ნათელია: თქვენ გაქვთ თქვენი სამშობლო, უკრაინელ ხალხთან გათანაბრებულ უფლებებს ვერ მიიღებთ; გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება უკრაინის დატოვება მოგიწიოთ. ეს კანონი მილიონებს შეეხება.“

თუმცა, ამ კანონის შესახებ დაწყებული რუსული ისტერია სრულიად უსაფუძვლოა. საქმე იმაშია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანონპროექტი პარლამენტს სიმბოლურად 18 მაისს წარუდგინა, რადგან ამ დღეს 1944 წელს ყირიმელი თათრების მასობრივი დეპორტაციის დაწყების თარიღი აღინიშნება. ხარკოვის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის თანახმად, თავად რუსული კანონმდებლობით შეუძლებელია რუსები უკრაინის ძირძველ ხალხებს წარმოადგენდნენ, ისევე როგორც უკრაინელები ვერ მოხვდებიან რუსეთის ძირძველი ხალხების სიაში. პუტინის განცხადებები რუსების დაჩაგვრის შესახებ მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციაა. ძირძველი ხალხების შესახებ უკრაინის კანონი ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვას ემსახურება და მიზნად უკრაინის კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან ჰარმონიზაციას ისახავს. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, უკრაინის მთავრობამ ყირიმელი თათრების მეჯლისი ოფიციალურად აღიარა. ყირიმელი თათრები ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთის ანექსიას და სწორედ მათ იღებს მიზანში კრემლიც. ხარკოვის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფი ძირძველი ხალხების შესახებ კანონის მიღებას მიესალმება და მას ყირიმელი თათრების უფლებების დაცვის ეფექტურ მექანიზმად აფასებს.

პუტინის განცხადებები და უკრაინის ნაციზმში დადანაშაულება ძალიან ჰგავს საქართველოსადმი რუსული პროპაგანდის მიდგომას. 2008 წლის აგვისტოში, როდესაც მოსკოვმა სრული სამხედრო ინტერვენცია სუვერენული ქვეყნის, საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელა, ქართველებს ოსების წინააღმდეგ გენოციდის ტოლფას ქმედებებში გვადანაშაულებდნენ. ძალიან მძიმე იყო რუსებისგან ამ ცილისწამების მოსმენა იმ ფონზე, როდესაც სწორედ რუსი სამხედროები მონაწილეობდნენ 90-იან წლებში ქართველების ეთნიკურ წმენდაში. რუსული პროპაგანდა საქართველოსა და უკრაინის შესახებ ცრუ ამბებს ავრცელებს, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ადამიანებმა ამ ორ ქვეყანაში პროგრესის შესახებ ვერაფერი გაიგონ. პუტინს ეშინია, რომ თუ ნამდვილი ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეაღწევს, მოსახლეობა მიხვდება, რომ რუსეთი მათთვის გადამრჩენელი კი არა, დამანგრეველია. პუტინის აღშფოთება უკრაინის ახალი კანონით სასაცილოა. ეს კანონი მოქალაქეებს იცავს, მაშინ როდესაც კრემლი მხოლოდ სამხედრო ბაზების მშენებლობაზეა ორიენტირებული და საერთოდ არ აინტერესებს ჩვეულებრივი ადამიანები. უკრაინა ყირიმელ თათრებს სამართლებრივ სტატუსს ანიჭებს, რუსეთი კი მათ მხოლოდ უფლებების რეგულარულად დარღვევას სთავაზობს. პუტინის პროპაგანდა კიევს თავს იმიტომ ესხმის, რომ ეს ერთადერთია, რაც რუსეთს შეუძლია.

/გიორგი ნიშნიანიძე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები