ჯაფარიძე გამოდის ინიციატივით, „კოლეგაზე ხელის მოქნევა“ დასჯადი იყოს

26-07-2021 14:31:36 პოლიტიკა

პარტია „ლელოს“ ერთ–ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე გამოდის ინიციატივით, „კოლეგაზე ხელის მოქნევა დასჯადი იყოს“.

მისი ხედვით, ასეთი პირი „აღარ უნდა შევიდეს ბიუროს ოთახში და არც პარლამენტის დარბაზში“.

ჯაფარიძე ფიქრობს, რომ მსგავსი ქმედებების საზოგადოებაში ძალადობას ახალისებს.

„ხატია დეკანოიძეზე თავდასხმა არის გაგრძელება იმის, რაც ხდებოდა ბიუროზე და პარლამენტის დარბაზში. მათ დაინახეს, რომ მისი კოლეგები თავს დაესხნენ ხატიას, შეურაცხყოფა მიაყენეს, იყო დედის გინებაც, ათასი ყოვლად მიუღებელი ბიუროს და პარლამენტის დამოკიდებულების. როცა გარეთ ასეთ რამეს ხედავენ ადამიანები, რა თქმა უნდა, იმავეს გააკეთებენ. როგორც არ უნდა არ ეთანხმებოდე ადამიანის მოსაზრებას, მისი შეურაცხყოფა უნდა იყოს დასჯადი. მათ შორის, ბიუროს ოთახშიც და პარლამენტის დარბაზშიც. როდესაც ჩვენ არაფერი არ გვითქვამს, როგორ გაიგდეს ფეხქვეშ გიორგი ვაშაძე ხუთმა კაცმა, არც ერთი კოლეგსგან არ მინახავს ამისი შეფასება. კოლეგაზე ხელის მოქნევა იმდაგვარად უნდა იყოს დასჯადი, რომ ის ადამიანი აღარ შემოდიოდეს ბიუროს ოთახში და არც პარლამენტის დარბაზში. გთავაზობთ, ასეთი სანქცია შემოვიღოთ. გარეთ ადამიანებს თავშეკავების, მიტევების, პატიების, შერიგების მაგალითს უნდა ვაძლევდეთ, მაგრამ ვაძლევთ მაგალითს აგრესიის, თავდასხმის, შეუწყნარებლობის, განსხვავებული აზრის.

ხატიასთან მიმართებით, რაც ჩვენ ქუჩაში ვიხილეთ, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, იმის გამო მოხდა, რომ ნახეს, როგორ დაესხნენ მას თავს ბიუროს ოთახში, მიაყენეს შეურაცხყოფა, პირდაპირ გეუბნებით, ვისაც უნდა ეწყინოს, მე ასე მიმაჩნია“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

საპასუხოდ ჯაფარიძეს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ერთობლივი მსჯელობა სესთააზა.

„ძალადობასა და სანქციებთან დაკავშირებით ერთად შეგვიძლია ვიმსჯელოთ და არ მგონია ვინმე იყოს წინააღმდეგი, რომ ერთხელ და საბოლოოდ აღიკვეთოს სასესიო დარბაზში ძალადობები, მათ შორის ვგულისხმობ მანდატურების წინააღმდეგ ძალადობებს, კადრები ვნახეთ, დეპუტატები როგორ ექცევიან მანდატურებს. ერთად შეგვიძლია, მივიღოთ სანქციები. ცალმხრივად რომ არ გამოვიდეს, გთავაზობთ, მოვამზადოთ გარკვეული პროექტი, იქნება ეს რეგლამენტში ცვლილება თუ შიდა განაწესი. ამისთვის აგვისტოს თვე საკმარისია, რათა სექტემბრიდან უკვე ამუშავდეს. ქალბატონ ხატიაზე კადრები რაც ვნახეთ, რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად მიუღებელი არის მსგავსი ქმედებები. ვიცი, დაწყებულია გამოძიება და მივადევნებთ თვალყურს, როგორ გაგრძელდება პროცესი. ფაქტია, არ შეიძლება მსგავს ქმედებებს არ ჰქონდეს შესაბამისი მკაცრი რეაგირება, რომ ერთხელ და საბოლოოდ დასრულდეს თუნდაც ქუჩაში მსგავსი ფორმის ქმედება, მით უმეტეს, როცა ინტერვიუს აძლევდნენ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები