„ისევ კონცერტი დაიწყო“ – ხვიჩია ბიუროს სხდომაზე წარმართულ დებატებს ეხმიანება

26-07-2021 15:08:43 პოლიტიკა

„ისევ ბიუროზე ვარ, ისევ კონცერტი დაიწყო,“ – ასე ეხმიანება ბიუროს სხდომაზე წარმართულ დებატებს პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია.

ცნობისთვის: პარლამენტის ბიურომ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელა, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების სიმბოლოების დაზიანებაზე სანქციებს აწესებს.

ამასთან, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განცხადებები გაკეთდა თბილისის ქუჩებში „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრასა და კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევაზე.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაადანაშაულა იმაში, რომ ხელს აფარებს ჯგუფებს, რომლებიც 5 ივლისს თბილისის ქუჩებში ძალადობდენ და ძალადობისკენ მოუწოდებდნენ. დეკანოიძემ ამის გამოხატულებად მიიჩნია თბილისის ქუჩებში „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრაც და ზოგადად, ზიზღის კამპანია, რომელიც, მისი თქმით, საკუთარ თავზეც გამოსცადა.

როგორც დეკანოიძემ თქვა, „სიძულვილი, აგრესია და ზიზღი, როგორც ჩანს, მმართველი პარტიის და მერობის კანდიდატ კალაძის ერთადერთი შეთავაზებაა“. მან გაიხსენა, რომ 2018 წელსაც იყო „პირსისხლიანი ბანერები“, რომლებზეც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები იყვნენ გამოსახულები: „იმ ადამიანებს, ვინც იქ იყვნენ, ისევე, როგორც იმ ადამიანებს, ვინც ეხლა ამ ბანერებზე არიან, ჰყავთ მშობლები, შვილები და ასე შემდეგ“.

ხატია დეკანოიძის თანახმად, იყვნენ თვითმხილველებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ „ეს ბანერები გამოტანილი იყო მათ შორის „ქართული ოცნების“ ოფისიდან".

დეკანოიძის განცადებით, დღეს მოქალაქე ხედავს, რომ კულტურის მინისტრს შეუძლია ჟურნალისტს მიკროფონი წაართვას, საქმიანობაში ხელი შეუშალოს, ნივთი მიისაკუთროს და მერე სცენაზე ცინიკურად და აგრესიით გამოვიდეს: „როცა ხედავს ჩვენი მოქალაქე, რომ როგორ აგრესიით იქცევა კულტურის მინისტრი, რომელიც რეალურად ეთიკის ეტალონი უნდა იყოს, ამიტომ ხდება ეს ყველაფერი“.

"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, კულტურის მინისტრის ქმედება დანაშაული იყო. დეკანოიძემ შეფასება "ქართული ოცნების" უმრავლესობის წევრებისგანაც მოითხოვა და დაინტერესდა, პირადად მას რომ წულუკიანის მსგავსი ქმედება ჩაედინა, იქნებოდა თუ არა ეს სამართალწარმოების დაწყების საფუძველი.

„ნაციონალური მოძრაობისგან“ ზიზღის და სიძულვილის კამპანიაზე საუბარს ამორალური უწოდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ. მან დეკანოიძეს მიმართა, რომ თუ ის, როგორც იურისტი ხედავს, რომ წულუკიანს ჰქონდა „მიკროფონის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი“, მაშინ გამოძიება უნდა დაიწყოს.

მდინარაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ისიც თქვა, რომ ზიზღი და სიძულვილი ცუდია, ოღონდ არა ცალმხრივად და დაინტერესდა: „მშობლები და შვილები მარტო ნაცებს ჰყავთ?!“

„ცალ მხარეს როგორ შეიძლება რამე უფლებები იყოს და მეორე მხარეს არა. როგორ შეიძლება ნიკა გვარამიას დედის გინება ეპატიოს და ამას არ აღნიშნავდეთ და არ შენიშნავდეთ და შენიშნავდეთ ათჯერ ნაკლებს დავუშვათ, ან იგივეს, ოღონდ შეიძლება ამ შემთხვევაში, სამართლიანად“, - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

მამუკა მდინარაძემ ბოლო მაგალითად მოიყვანა „მთავარი არხის“ მიერ ნაჩვენები და ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ სოციალური ქსელით გავრცელებული ფოტოკოლაჟი, სადაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს თეა წულუკიანს, ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს და ირაკლი ღარიბაშვილს საბჭოთა უნიფორმები აცვიათ.

მდინარაძემ თქვა, რომ შვილები და მშობლები ამ ხალხსაც ჰყავს და დეკანოიძეს ჰკითხა, მიიჩნევს თუ არა ამას შეურაცხყოფად და გმობს თუ არა გვარამიას საქციელს. თავის მხრივ, ხატია დეკანოიძე დაინტერესდა, გმობს თუ არა მამუკა მდინარაძე თეა წულუკიანის საქციელს.

მდინარაძის თქმით, წულუკიანის საქციელს არ გმობს, რადგან მისი, შესაძლოა, სუბიექტური აზრით, ეს იყო პოლიტიკური აქტი, მაგრამ თუ დეკანოიძე მიიჩნევს, რომ მომხდარი იყო მიკროფონის დაუფლება მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით, მაშინ ძარცვა ყოფილა: ​"მაგრამ ვერ იქნება ძარცვა, იმიტომ, რომ არ შეიძლებოდა თეა წულუკიანს ჰქონოდა ამ ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, როგორც თქვენ და თქვენი ტელევიზია ატყუებთ ხალხს".

ამ პასუხის შემდეგ, მამუკა მდინარაძე ისევ დაინტერესდა, გმობს თუ არა ხატია დეკანოიძე ნიკა გვარამიას გინებას პირდაპირ ეთერში და იმას, "ნამგალი და ურო რომ ახატა კადრებს".

ამ შეკითხვაზე დეკანოიძის საბოლოო პასუხი ბიუროს სხდომაზე უცნობი დარჩა. მას შემდეგ, რაც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გამოსვლა იმით დაიწყო, რომ მისი შეკითხვა ეხებოდა კულტურის მინისტრის სისხლის სამართლის დანაშაულს, რომელიც "აპირებს რომ ხელოვნების მუზეუმი დაანგრიოს მალე"... და, ამას მოჰყვა მამუკა მდინარაძის რეპლიკა, რომ არ შეიძლება ყველა მეორე სიტყვა ტყუილი იყოს და ხატია დეკანოიძის კომენტარი, რომ მდინარაძეს მისი პასუხი არ აინტერესებს, ბიუროს სხდომის თავმჯდომარემ, პარლამენტის სპიკერმა კახა კუჭავამ მხარეებს ეს დებატები შეაწყვეტინა და საორგანიზაციო საკითხების განხილვაზე გადავიდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები