კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა

26-07-2021 16:44:39 საზოგადოება

კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიას დაემატა.

ამის შესახებ ინფორმაცია იუნესკო-ს გვერდზე ვრცელდება.

„კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიას დაემატა. „ბრავო!“, – წერია იუნესკო-ს გვერდზე.

კოლხეთის ეკოსისტემა იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში 2007 წლის 24 ოქტომბრიდანაა შეტანილი.

ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:

„საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას: მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ რეგიონის მასშტაბით. UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივ მემკვიდრეობად დასახელებული ტერიტორიები, წარმოადგენს კავკასიის ეკო-რეგიონისა და შავი ზღვის აუზის უმნიშვნელოვანეს ნაწილს.

დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო მართვის გამოცდილების გაზიარებას, ვიზიტორების დაინტერესებას და მათი რაოდენობის ზრდას.

მსოფლიოს მასშტაბით, მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მინიჭებული აქვს სულ რაღაც 213 უბანს, მათ შორის: ამაზონის ტყეს, გრანდ კანიონის ეროვნულ პარკს, იელოუსტოუნის ეროვნულ პარკს, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები