„საქართველოდან მიგრაცია, „ტვინის“ გადინება ძალიან მაღალი იქნება“ –  რა გზა აირჩია „ქართულმა ოცნებამ“?

28-07-2021 17:37:17 საგარეო პოლიტიკა ,ანალიზი

როდესაც მმართველი გუნდის სათავო ოფისში დაგეგმილ ბრიფინგზე ტრიბუნასთან „ქართული ოცნების“ ლიდერები განლაგდნენ, იყო მოლოდინი, რომ პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატებს წარადგენდა, ან მრავლად დაგროვილ საჭირბოროტო საკითხებზე ისაუბრებდნენ, თუმცა არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ სრულიად მოულოდნელად სკანდალური განცხადება გაკეთდა: პოლიტიკური შეთანხმების მორიგ ჯერზე დარღვევაში ისედაც შემჩნეულმა ხელისუფლებამ (რაზეც არა მხოლოდ ადგილობრივ დონეზე მიუთითებდნენ), შარლ მიშელის ეგიდით შედგენილი დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა, ამტკიცებს რა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ თავი ამოწურა. შესაბამისად, მათ შორის, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა 43%–იანი ბარიერის საკითხიც.

ოპოზიციაში „ოცნების“ მოულოდნელი გადაწყვეტილება დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასეს და კონსულტაციების რეჟიმში გადადიან როგორც ერთმანეთთან, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან. გაჟღერდა პარლამენტის დატოვებისა და არჩევნების ბოიკოტირების ინიციატივებმაც. ქართველ ანალიტიკოსთა ნაწილი კი ღრმად შეშფოთებულია, თანხმდებიან რა, რომ მმართველმა გუნდმა პარტნიორების მიერ შეთანხმების მისაღწევად დახარჯული დროის, ენერგიის შემდეგ, ამჯერად ისინიც „გადააგდო“ და მეტიც, ღიად დისტანცირდა დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური კურსისგან, რომელსაც, სხვათა შორის, საქართველოს კონსტიტუციაც იცნობს.

პირველად საქართველო –ევროკავშირის ურთიერთობებში

„ოცნება“ უარს ამბობს საქართველოს ევროპულ მომავალზე“,– ამგვარად აღიქვამს სახელისუფლებო პარტიის გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და განმარტავს, რომ „დოკუმენტი არა მხოლოდ პარტიებს შორის რიგითი შეთანხმება, არამედ, იყო გზა საქართველოსთვის ნატო–სა და ევროკავშირთან უფრო დაახლოების.

გიგაური შეშფოთებით აღნიშნავს, რომ „დასავლელი პარტნიორების ამგვარი იგნორირება საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიას არ ახსოვს!“.

ნეგატიური პრეცედენტის თაობაზე გიგაურის შენიშვნას იზიარებს ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე და და დასძენს, რომ „ეს ძალიან სერიოზული სილის გაწვნაა საერთაშორისო საზოგადოებისთვის“.

„ამას რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობებში გავლენა ექნება. ეს არის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის გამოწვევა და რა შედეგები შესაძლოა, დადგეს, ამას ვნახავთ. იმედია, რომ ეს რაღაც გაუთვლელი გადაწყვეტილება არაა. რადგან, ხელისუფლება, რომელიც დასავლეთიდან მხარდაჭერას საჭიროებს, მსგავს ნაბიჯებს არ უნდა დგამდეს. მას ძალიან სჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა ლეგიტიმაციისთვის. ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ მხრიდან გათვლა იმ ელექტორატზე კეთდება, ვინც ე.წ. ნაციონალისტური“, ვითომ „ეროვნული“ მიდგომებით ხელმძღვანელობს და შეიძლება, ითქვას, რომ ეს 5–6 ივლისის მოვლენების ერთგვარი გამოძახილია: ორკესტრირებული შეტევა მედიაზე, თავდასხმები არასამთავრობო სექტორზე და ახლა ეს ნაბიჯი, დიდი "ფაზლის" პატარა დეტალებია, რომელიც ნელ–ნელა იწყობა. ვფიქრობ, ეს ერთგვარი ტესტია იგივე საზოგადოების და თუ ეს რეაქცია არ იქნება, არ გამოვრიცხავ, ღია მოქმედებებზეც გადავიდნენ. ამდენად, ეს ღია მოქმედებებისკენ პირველი დიდი ნაბიჯია და შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა, ბევრად უფრო ტრაგიკული იყოს: იგივე ასოცირების ხელშეკრულების დენონსირება“,– ამბობს „აქცენტთან“ ჩხიკვაძე.

რაც შეეხება რეჟიმს ლეგიტიმაციას, ანალიტიკოსს მის მხარდამჭერად საქართველოში არსებული რადიკალული ჯგუფები ესახება, რომლებიც მათ შორის, „მომძლავრდნენ ხელისუფლების მხარდაჭერით თუ არა, არახელშეშლით“, ხოლო გარე აქტორად – რუსეთის ფედერაცია. ამდენად, ჩხიკვაძე ფიქრობს, რომ თუ ჯერ კიდევ გუშინ „გზაჯვარედინზე“ ვიყავით, დღეს უფსკრულისკენ ერთი ნაბიჯი გადავდგით“:

„თუ ეს არჩევნები დასრულდა ისე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალადუფლება არ გაიყო სხვასთან და სურათი შენარჩუნდა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოდან ძალიან მაღალი იქნება მიგრაცია და „ტვინის“ გადინება“.

„ოცნებამ“ ევროატლანტიკური კურსისგან გაუცხოება დააფიქსირა და კიდევ უფრო ღრმა პოლარიზაციაში გადაგვჩეხა“

სახელისუფლებო გუნდის გადაწყვეტილებას „დანაშაულებრივს“ უწოდებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი და „აქცენტთან“ განმარტავს, რომ „სამწუხაროდ, „ოცნებამ“ ამ განცხადებით ევროატლანტიკური კურსისგან გაუცხოება დააფიქსირა და კიდევ უფრო ღრმა პოლარიზაციაში გადაგვჩეხა: თავადვე შექმნა ვითარება, როდესაც ოპოზიციას რევოლუციის გარდა სხვა გზა აღარ დარჩენია, ოპოზიციას კი რევოლუციას ვერ ახერხებს, შესაბამისად, „ოცნებას“ გარანტირებული აქვს ძალაუფლება და გარანტირებული აქვს დასავლეთისგან ნელ–ნელა გაუცხოების პროცესიც. ეს კურსი სად მიგვიყვანს და როგორ „დაგვაძმაკაცემს“ რუსეთთან, ამ დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდვია“.

მისი ხედვით, "ოცნებამ" ძალაუფლების შესანარჩუნებლად „ეროვნულის“ მანტიის მოსხმა გადაწყვიტა და ელის, რომ დრამატულ გადაწყვეტილებას სწორედ ამ სოუსში შესთავაზებს ქართულ საზოგადოებას მისივე პროპაგანდისტების მეშვეობით. ამასთან, აკრიტიკებს ოპოზიციასაც, რადგან მისი ხედვით, მუდმივი რევოლუციური ფონით და დაძაბულობით, ისედაც მრავალი გამოწვევის წინაშე მყოფი საზოგადოება „ოცნების“ გადაწყვეტილებებს სწორად ვერ აფასებს.

„მუდმივად ცირკულირებდა ჭორი, „რომ აი, ახლა ევროპელები ცდილობენ ჩვენს მართვას, პირობებს კარნახს“. ახლა მათი პროპაგანდისტები, ჯგუფები რომ ყავთ „ფეისბუქზე“, მასმედიაში და ა.შ. ალაპარაკდებიან ,რომ „აი, თვითკმარები არიან, წინააღმდეგობა გაუწიეს“ და ა.შ. ოპოზიციას არ ესმის, რომ ამის დაშვება არ შეიძლება“.

ფირალიშვილი ღრმა პოლარიზაციის რისკზეც ამახვილებს ყურადღებას:

„ჩვენი სახელმწიფოებრივი ცხოვრება მკვეთრი პოლარიზაციით თავიდანვე დაიწყო. შემდეგ 12 წლის განმავლობაში იყო შევარდნაძე, რომელიც მიუხედავად თავისი ნაკლოვანებებისა, ახერხებდა, შეენარჩუნებინა გარკვეული ბალანსი. დღეს გაცილებით უფრო სახიფათო სიტუაციაა: ვხედავთ, რომ ხელისუფლებას არ ესმის, რას ნიშნავს საერთაშორისო კონტექსტი, ან დანაშაულებრივად უარყოფს მის მნიშვნელობას (დავიტოვოთ ილუზიური იმედი, რომ დღევანდელი განცხადება რას ნიშნავს ევროკავშირთან ურთიერთობაში, „ოცნებამ“ „ვერ გათვალა“); ვხედავთ, რომ მათთვის პრინციპული არ არის ბევრი იდეა, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძველში ჩაიდო; ვხედავთ, რომ მმართველი გუნდი „იკვებება“ პოლარიზაციით ... თუ მსგავს ვითარებაში მმართველი გუნდი ხელისუფლებას შეინარჩუნებს, შესაძლოა, ძალიან ცუდი მიმართულებით წავიდეთ. ოპოზიცია კი უფრო კეკლუცობს, ვიდრე პოლიტიკას ქმნის“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები