„აზერბაიჯანმა ტერიტორიები იმიტომ დაიბრუნა, რომ ...“ – პროპაგანდისტული გზავნილი პრორუსული ჯგუფებისგან

29-07-2021 17:27:50 მითები და რეალობა ,ინტერვიუ

მას შემდეგ, რაც თბილისის ქუჩებში ორგანიზებული ძალადობრივი აქტების მომსწრენი გავხდით, ევროკავშირის დროშის დაწვამ კი ამავე ძალადობრივი ჯგუფების წევრების მიერ ერთგვარი კამპანიის სახე მიიღო და ღიად გაკეთდა ქვეყნის დეკლარირებული საგარეო კურსის საწინააღმდეგო განცხადებები, სოციალურ ქსელში ახალი პროპაგანდისტული გზავნილის ჩამოყალიბებას მიჰყვეს ხელი: როგორც ჩანს, ყარაბაღის მეორე ომის კონტექსტში საქართველოს მეზობელი სომხეთის (მიუხედავად რუსეთთან სტრატეგიული კავშირისა) დრამატული მდგომარეობა საზოგადოებისთვის შესათავაზებელ ეფექტურ მაგალითად არ გამოადგათ (სხვათა შორის, ჯერ კიდევ პრემიერობის დროს ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა სომხეთის საგარეო კურსი ლავირების საუკეთესო მაგალითად) და ამჯერად აზერბაიჯანზე კეთდება აქცენტი: „აზერბაიჯანმა ტერიტორიები იმიტომ დაიბრუნა, რომ „ფოჩიან“ კანფეტებს ეროვნული გზა არჩიაო“. სავარაუდოდ, ამ პროპაგანდისტული გზავნილის გაგრძელება უნდა იყოს პრორუსულად აღქმული პოლიტიკური პარტიების თუ ჯგუფების მიერ არაერთგზის გატესტილი და ამ დრომდე წარუმატებელი ლოზუნგი, ტერიტორიული მთლიანობის რუსეთთან კავშირით აღდგენის შესაძლებლობის თაობაზე. ბუნებრივია, ტერიტორიული მთლიანობისთემა მგრძნობიარეა ქართული საზოგადოებისთვის, თუმცა ინტენსიური ჰიბრიდული ომის ფონზე ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი გობრონიძე გვირჩევს, ვიდრე მსგავს გზავნილებს ჭეშმარიტებად აღვიქვამთ, გადავხედოთ საქართველოს ახლო წარსულს, ყარაბაღის მოვლენებს, მათ შორის – აზერბაიჯანის მდგომარეობას და დავსვათ კითხვები:

  • „ეს ყველაზე არასწორი პარალელია: ვინ ეხმარებოდა აზერბაიჯანს? ვისგან იყიდა იარაღი? აზერბაიჯანი მარტო ამარცხებს სომხეთს? აზერბაიჯანი პრაიდს რომ არ ატარებს, ამიტომ ძლიერდება მისი არმია? ბაქოს ჰყავდა მოკავშირეები: ისრაელისგან ყიდულობდა იარაღს, ეხმარებოდა თურქეთი, ანუ მარტო არ იყო. მას აქვს ნავთობი, გაზი და ამ შემოსავლით ბევრ რამეს ყიდულობდა თავისი არმიისთვის. ცოტა მეტად თუ დაფიქრდებიან, მიხვდებიან, რომ თურმე ნატოს–თან პარტნიორობა კარგია. ჯარში წასვლა მათ არ უნდათ, არ სურთ მოკავშირე, მეზობელი! ოფისების დარბევითა და ქუჩაში ჟურნალისტების ცემით დავიბრუნებთ ტერიტორიებს?“
  • „მეორე – უთავმოყვარეო დამოკიდებულებაა, რომ რუსეთთან კავშირი ტერიტორიულ მთლიანობას აღგვადგენინებს. დიახ, რუსეთთან მოლაპარაკება გვჭირდება, ეს გარდაუვალია: მშვიდობაზე მოლაპარაკებას მტერთან აწარმოებენ, ასე ხდება დიპლომატიაში. მაგრამ ამისთვის გვჭირდება, რომ მარტონი არ ვიყოთ. მსგავსი გამოცდილება უკვე გვაქვს, გავაფორმეთ „დაგომისის“ დოკუმენტი და კონფლიქტის დარეგულირების საშინელი მექანიზმი მივიღეთ. არა ღრმა წარსულს, ახლო ისტორიას – 90–იან წლებს გადახედონ, მაინც რა მოიტანა რუსეთთან იმგვარმა კავშირმა, რასაც თავად ლობირებენ?! ყველა მათ დაკვეთას ვასრულებდით, საქართველოს ტერიტორიაზე ჰყავდათ სამხედრო ნაწილები, 1994–1999 წლებში პირდაპირ გვინიშნავდნენ თავდაცვის, შსს–ს და უშიშროების მინისტრებს (ამას არც რუსები და არც პრეზიდენტი შევარდნაძე უარყოფდა) და აღვადგინეთ ტერიტორიული მთლიანობა? 1999 წლამდე ორჯერ ვცადეთ საკუთარი ინტერესის დაცვა: არ გვინდა კონფედერაცია აფხაზებთან და ოსებთან იმ ფორმით, რომ ეს ადმინისტრაციული ერთეულები დამოუკიდებლები გახდნენ და შემდეგ ჩვენზე მეტი უფლებები ჰქონდეთ; ასევე გვინდოდა მილსადენის აშენება, რომელიც ჩეჩნეთზე მაინც ვერ გაივლიდა, რადგან იქ ომი იყო. საპასუხოდ კი გალში მცირე ომი და საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმა მივიღეთ!“
  • „რამდენჯერაც მარტოდ დავრჩით, გადაგვიარეს! სწორედ ამიტომაა დასავლური გზა ჩვენთვის საგარეო პოლიტიკური იმპერატივი. პატარა სახელმწიფო ვართ, კავშირების აშენებას უნდა ვცდილობდეთ, საზოგადოების განვითარებას, ეკონომიკური პირობების შექმნას. არ გვაქვს სტრატეგიული ნედლეული, გაზი, ნავთობი, არც ელექტროენერგია გვინდა: ჰესების აშენებას ვეწინააღმდეგებით, გარდა ამისა, ქარის სადგურების საკითხი თურმე ცალკეა გასაჩივრებული (რადგან ზოგი „ფასკუნჯის“ გადაფრენის არეალს ემთხვევა თურმე, ზოგიც სვავის ბუდესთანაა ახლოს). ხალხს ინოვაციები აშინებს. ცოტა უფრო სერიოზულად უნდა შევხედოთ საკითხს, უნდა განვითარდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დარჩებით ისეთები, როგორებიც რუსეთის პირველი მოსვლისას ვიყავით – მე–19 საუკუნეში: მსოფლიო ცეცხლსასროლი იარაღით იყო აღჭურვილი, თანამედროვე არმიის კონტურები იყო შექმნილი, ჩვენ კი შუა საუკუნეების აბჯრებით, ხმლებით და მშვილდისრებით ვიყავით შეიარაღებულები. კრწანისის ომიც წავაგეთ და რუსეთმაც დაგვიპყრო იმიტომ, რომ ტექნოლოგიურად ჩამორჩენილები ვიყავით – მხოლოდ რიცხობრივი უპირატესობა ბევრს არაფერს ცვლიდა. მაშინაც ჩამორჩენილობამ, საგარეო პოლიტიკის არასწორმა ხედვამ გაგვასწორა მიწასთან და დღესაც ანალოგიური ვითარებაა. ამ ფონზე ჩვენი მთლიანი პოლიტიკური კლასი ძალიან ღრმა კრიზისშია!“

გობრონიძეს რამდენიმე საკვანძო რჩევა „ეროვნულ იდეას“ ამოფარებულ რადიკალური ჯგუფებისთვისაც აქვს:

  • „ეროვნული გზის არჩევა თუ სურთ, შეუძლიათ, გვიჩვენონ მაგალითი, წავიდნენ საკონტრაქტო ჯარში, იმსახურონ და დაიცვან ქვეყანა – ამაზე მეტ ეროვნულ საქმეს ვერ გააკეთებენ: საქართველოს ეროვნული ინტერესი დასაცავი გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან და არა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისის დარბევით“.
  • „რაც შეეხება ეროვნულ ღირებულებებს, მსოფლიოში ერთ–ერთი მოწინავე სასწავლებლები გვქონდა. ხომ მისტირიან დავით აღმაშენებლის დროს? იმ ადამიანმა დიდგორის ომის მოგების პარალელურად, სასწავლებლები დააარსა – იყალთოს და გელათის აკადემიები. დასხდნენ და ისწავლონ“.
  • „გარდა ამისა, იგივე დავით აღმაშენებელი რას ამბობდა თავგასულ სამღვდელოებაზე? მათაც მიხედონ! სწორედ ეს იქნება ეროვნული გზა“.

როგორც "აქცენტთან" გობრონიძე ხაზგასმით აღნიშნავს, საქართველოს ეროვნული გზა არის ცივილიზებულ სამყაროსთან დაახლოება, კოალიციების შექმნა და ამ გზით მტერთან დაპირისპირება:

„ეს ხალხი არა ეროვნული ძალა, არამედ, ექსტრემისტულად განწყობილი ულტრამემარჯვენე პოპულისტური ჯგუფები არიან და მათ თავიანთი სახელი უნდა დავარქვათ. ეროვნულობასთან კავშირში არაა, როდესაც რომელიღაც ჯგუფებს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები აქვთ და ამას ახალგაზრდებს სწირავენ, განაწყობენ აგრესიულად. ხალხი, რომლებიც 5–6 ივლისს ვნახეთ, მეტწილად, მსხვერპლნი გახდნენ პოპულისტების იდეების: მათ დააჯერეს, რომ ესაა ეროვნულებმა, საქართველოში კი ფიქრი დიდად არ უყვართ ხოლმე. ჩვენი ისტორია, რეიტინგები გვიჩვენებს, რომ არ გვიყვარს ანალიტიკური აზროვნება, გვიჭირს წაკითხულიდან აზრის გამოტანა, შესაბამისად, კრიტიკულად არ ვაფასებთ მდგომარეობას, კითხვებს არ ვსვამთ. ამდენად, ამ ჯგუფების ქცევა და შემდეგ ხელისუფლების მხრიდან მათზე „ფსონის“ დადება, ძალიან არასწორი ნაბიჯია“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები