ღარიბაშვილი მიშელის დოკუმენტის დატოვების შემდეგ ირწმუნება, რომ რეფორმები გაგრძელდება

30-07-2021 11:56:36 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის ეგიდით შედგენილი შეთანხმების დოკუმენტის დატოვება განმარტა და ირწმუნება, რომ სახელისუფლებო გუნდი 100 დღის განმავლობაში პრაქტიკულად ცალმხრივად ასრულებდა აღებულ ვალდებულებებს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ რეფორმებს განაგრძობს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ საჯაროდ დავაფიქსირო ჩვენი მადლიერება პრეზიდენტ მიშელის მიმართ, ადამიანის, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი შიდა პოლიტიკური სიტუაციის დამშვიდებისთვის. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. ამის მიუხედავად, თქვენ ნახეთ, რომ სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის დავალებით. კერძოდ, ყველაზე მთავარი აქტორი ვინც არის დღეს ოპოზიციური პარტიებიდან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, სხვა დანარჩენი პარტიების საერთო ჯამი მათი შედეგი არჩევნებში, შეადგენს 10%-ზე მეტს. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მთავარი ოპოზიციური და ამავდროულად დესტრუქციული პარტიის პოზიცია. მათ შეგნებულად არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, სრული იგნორი განახორციელეს, შეურაცხყოფა მიაყენეს ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ყველა ვალდებულება შევასრულეთ ცალმხრივად. ეს ითქვა საჯაროდ და მინდა, აქვე დავადასტურო, რომ ჩვენი მხრიდან გაგრძელდება რეფორმები. ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ მიშელის განცხადებაც, აქედან გამომდინარე, მინდა, ყველას მოგიწოდოთ დამშვიდებისკენ. ჩვენ ახლა გვჭირდება განვითარება, ჩვენს მოსახელობას სჭირდება სტაბილურობა და განვითარება, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".

"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები