დღე, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს

05-08-2021 18:10:44 ანალიზი

რამდენიმე დღეში პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს მორიგი ფრაგმენტაციისთვის კიდევ ერთი თემა დაემატება, კვლავ დავიწყებთ რა 2008 წლის აგვისტოს ცხელი დღეების ათვლას. არ არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ მორიგი წლისთავი გასული წლებისგან განსხვავებით, პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავისუფალი და ერთიანობის დღე იქნება: პიჯაკებში გამოწყობილი პოლიტიკური ფიგურები თაიგულებით კვლავ მივლენ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, კამერების წინ გაიხსენებენ ომში დაღუპულ მებრძოლებს, მათ შორის – შინდისის 17 გმირს, რომელთაც, სხვათა შორის, დაპირებული მემორიალი ბუნდოვანი მიზეზებით ამ დრომდე ვერ/არ ეღირსათ; რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული მკაფიო ნაბიჯების, საოკუპაციო ხაზებზე არსებული მკვეთრად არასტაბილური გარემოს და ფაქტობრივად, საომარ ვითარებაში არსებობის მიუხედავად, მუხათგვერდზევე გაჟღერდება ურთიერთბრალდებები, არ მოერიდებიან სიძულვილის ენის გამოყენებას და ჯამში, დღე რომელიც ყველა ნორმალურ საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს, კიდევ ერთხელ იქცევა დაყოფის, დაქსაქსვის, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი შეთქმულების თეორიების გაჟღერების მორიგ საბაბად. ცალკე დრამატული მოვლენაა რიგი პირების, მათ შორის „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების მიმართვა ვლადიმირ პუტინისადმი, „დაგვეხმარეთო“, მაგრამ საკითხს ამ შემთხვევაში არ ჩავუღრმავდებით.

საინტერესოა, რომ ორიოდ დღის წინ პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის მსჯელობაში საკმაოდ შორს წავიდა და ქვეყნის დეოკუპაციის პროცესში მიღწეულ ნულოვან შედეგზე პასუხისმგებლობა ფაქტობრივად, ქართულ მედიას და ოპოზიციას აჰკიდა: რთულია, ქართული არხების და ოპოზიციის ქცევის მაყურებელი აფხაზი და ოსი ახალგაზრდები „ჩვენთან თანაცხოვრების პერსპექტიულობაში დავარწმუნოთო“. მაგრამ იყო კი ამგვარი დარწმუნების მცდელობა, იმ ფონზე, როდესაც დიალოგის თაობაზე იგივე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების არაერთგზის თხოვნას ცენტრალური მთავრობა მხოლოდ დუმილით პასუხობდა? ან რა ნაბიჯები გადაიდგა საზოგადოებაში პოლარიზების შესამცირებლად, რათა საზოგადოება იგივე პარლამენტში გამართულ მუშტიკრივს არ ადევნებდეს თვალს? რამდენად უწყობს ხელს ერთიანობას სიძულვილის ენა, რომლის გამოყენებისგანაც თავშეკავებას თვით პრემიერიც ვერ/არ ამჟღავნებს?

„ქვეყანა, სადაც მუდმივი ქაოსია, სხვადასხვა პოლიტიკური აქტორები ვერ თანხმდებიან, ჟურნალისტებს ქუჩაში სცემენ, საყურის გამო ადამიანს თავს ესხმიან და ა.შ. რა დიდ სიმპათიას უნდა იწვევდეს? მაგრამ ამ ყველაფერს ჰყავს პასუხისმგებელი: მართალია, პასუხისმგებლობა სხვა აქტორებზეც ნაწილდება, მაგრამ მთავარი აქტორი ხელისუფლებაა, რომელიც ფლობს ძალაუფლებას და იღებს გადაწყვეტილებებს“,– ამბობს „აქცენტთან“ კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი.

ამასთან, ის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლების დარწმუნების კონტექსტში დიალოგის შემოთავაზებას იხსენებს:

„როდესაც გამოჩნდა შემოთავაზებები, აქედან დუმილი იყო. ეს აჩვენებს მდგომარეობას, რომ ჩვენთან ამ საკითხებზე საუბარი არ მიმდინარეობს. ეს საკითხი არაა აქტუალური. ბოლოს როდის შედგა ამ თემაზე სიღრმისეული საუბარი (არ ვსაუბრობ ცალკეულ უწყებებზე)? ჩვენი პოლიტიკური ელიტა ამ საკითხებით რომ არაა დაკავებული, ეს ცხადია. უყურებენ როგორც თავის ტკივილს, რომელსაც მაქსიმალურად უნდა აერიდონ, რათა გართულებები არ მოჰყვეს“.

ამასთან, იმ ფონზე, როდესაც ქართული საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის პროდასავლური ნაწილი დეოკუპაციის და რუსეთთან გამკლავების პროცესში საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე თანხმდება, იმავეს, ყოველ შემთხვევაში, რიტორიკის დონეზე, იმეორებს მმართველი გუნდიც, „ქართული ოცნების“ მმართველობის 9 წლისთავზე სტრატეგიული პარტნიორების შენიშვნებში შეშფოთებასთან ერთად საქართველოსთან მიმართებაში აქამდე გამოუყენებელი სიტყვებიც გაჩნდა: „გაბრაზებული“, „შოკისმომგვრელი“ „სიტყვები არ გვყოფნის“...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ძალისხმევით შედგენილი შეთანხმების დოკუმენტის მმართველი გუნდის მიერ ანულირების შემდეგ, პროცესზე დამკვირვებლების მსგავსად, იზოლაციონიზმის რისკები როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტმაც დაინახა, როდესაც საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებისას აღნიშნა, „დამოუკიდებლობა არ უნდა ნიშნავდეს იზოლაციონიზმს, რადგან მარტოდ დარჩენილი, დასუსტებული მყისვე ხდები იმის სამიზნე, ვისაც ჰქონდა და აქვს სწრაფვა გაფართოებისა და შენი დამორჩილებისკენო“.

იზოლაციონიზმის რისკსა და მის თანმდევ შესაძლო მძიმე შედეგებზე საუბრობს „აქცენტთან“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერი, კვლევითი ორგანიზაციის „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია.

„ქართული ოცნების“ ლიდერებს დღეს ეს შესაძლოა, წარმოუდგენლად ეჩვენებათ, მაგრამ არც ასეა საქმე: საქართველო დემოკრატიული საზოგადოების ყურადღებას იპყრობდა არა უნიკალური გეოპოლიტიკური მდებარეობის, ან განსაკუთრებული რესურსების ფლობის გამო, არამედ იმიტომ, რომ საქართველო ამ რეგიონში დემოკრატიის თვალსაზრისით იმედისმომცემ სახელმწიფოდ მიიჩნეოდა. ამით იყო მხარდაჭერა განპირობებული. თუ საქართველომ დემოკრატიული განვითარების კურსს გადაუხვია, გზას მოიჭრის ევროკავშირსა და ნატო–ში გაწევრიანების თვალსაზრისით, რომელიც ქვეყნის გაცხადებული მიზანია. ძალიან საინტერესოა, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, „ქართული ოცნება“ (პრემიერად ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ) დასავლეთთან ღირებულებით კონფლიქტში შევიდა და ეს უკვე ძალიან სახიფათო გზაა. მსგავსი გზით მაგალითად, უნგრეთში ვიქტორ ორბანი მოძრაობს და ვიცით, რა სახის პრობლემები ექმნება. ეს ქვეყანა ნატო–ს და ევროკავშირის წევრია, ჩვენ კი არა. ამ პირობებში, იმ გზით მოგზაურობა, სადაც ერთპარტიული დიქტატი წყვეტს ყველაფერს, აბსოლუტურად გარანტირებული სვლაა იზოლაციისკენ: საერთაშორისო თანამეგობრობა თუ საქართველოს საკითხით გადაიღალა (რისი ნიშებიც უკვე სახეზეა), ბევრი ალტერნატივა არ გვრჩება: ირანთან საერთო არაფერი გვექნება, თურქეთი ვხედავთ, რა მდგომარეობაშია, რჩება რუსეთი. დღეს შესაძლოა, „ქართული ოცნების“ ლიდერებს წარმოუდგენლად ეჩვენოთ, მაგრამ საერთაშორისო იზოლაციის პირობებში, მათაც იანუკოვიჩის მსგავსად მოუწევთ კურსის ცვლილება“,– ამბობს კაკაჩია და განმარტავს, რომ სწორედ ამიტომაა საშიში ავტორიტარული ტენდენციები, რომელიც ბოლო პერიოდში შეინიშნება.

მისი ხედვით, ამ ავტორიტარულ ტენდენციებს განაპირობებს ძალაუფლების დაკარგვის უზარმაზარი შიში და ქართული პოლიტიკის ტრადიციები – „ვენდეტა“:

„აქედან გამომდინარე, მათთვის მესამეხარისხოვანია, რას ამბობს ევროკავშირი, აშშ და ვერც ხვდებიან, რომ ეს ვნებს როგორც ქვეყნის, ისე თავად მათ ინტერესებს: ოდესმე ხომ მოუწევთ არჩევნებში დამარცხება? თუ მსგავს ტენდენციებს შეინარჩუნებენ, ქვეყანა ბუნებრივია, რომ იზოლაციაში მოექცევა. ამის მინიშნებები უკვე არის. უამრავი ინსტრუმენტი არსებობს ევროკავშირში და აშშ–ში, რომელიც შესაძლოა, ძალიან მტკივნეული აღმოჩნდეს საქართველოსთვის. ამ მძიმე ეკონომიკურ–სოციალურ კრიზისსი ნებისმიერი დახმარების შეჩერება ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება“.

ამასთან, კაკაჩია „ქართული ოცნების“ დაპირებაზე ამახილებს ყურადღებას, 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანის თაობაზე და არსებულ მოცემულობაში მას არარეალურად მიიჩნევს:

„სოციალურ–ეკონომიკური სიტუაცია უარესდება, თან ერთვის ეპიდემიოლოგიური ვითარება, პლუს შიდაპოლიტიკური კრიზისი, იზოლაციის რისკი და არ მესმის, 2024 წელს განაცხადი როგორ უნდა შევიტანოთ? მე მგონი, ცოტა საღი აზრია დაკარგული „ქართულ ოცნებაში“, რადგან ხელისუფლების შენარჩუნების გამო ყველაფერზე მიდიან“,– ამბობს კაკაჩია და დასძენს, რომ საუკეთესო გამოსავალი შარლ მიშელის ეგიდით შედგენილ დოკუმენტთან დაბრუნება იქნებოდა, თუმცა აღნიშნულზე „ოცნება უარს“ აცხადებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები