
რით “ემუქრება” აფხაზეთს ქართული პასპორტები
11/08/2021 11:24:46 კონფლიქტები
“სერიოზულად მოეკიდეთ იმას, რასაც ვწერ. სასწრაფოდ მიმართეთ რუსეთის საელჩოს და უარი თქვით საქართველოს მოქალაქეობაზე (ოღონდ არ დაიწყოთ ახლა იმის მტკიცება, რომ მკურნალობის აუცილებლობიდან გამომდინარე, ის არავის მიგიღიათ)! თქვენი პასპორტები აფხაზეთს ძალიან ძვირად დაგვიჟდება, როგორც არგუმენტი საქართველოს სასარგებლოდ! დღეს აღებული კურსიდან ვერ გადავუხვევთ. თუ გაიყიდებით, მომავალი თაობები აღარასოდეს გაპატიებენ იმას, რომ პირადი სარგებლის მისაღებად ფეხქვეშ გათელეთ მათი ხსოვნა, ვინც აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღვარა სისხლი!” - ამ და მსგავს ტექსტებს ბოლო დღეებში ხშირად წააწყდებით სოციალური ქსელების აფხაზურ სეგმენტში. მათ ერთი და იგივე ავტორები ავრცელებენ. მაგრამ არგუმენტები, რომლებიც მათ საკუთარი ალარმისტული მოწოდებების გასამყარებლად მოჰყავთ, იმდენად შორია რეალობისა და ელემენტარული ლოგიკისგან, რომ მათი არსი ალბათ, თავად ავტორებსაც არ ესმით.
რად ღირს მათი თუნდაც ასეთი “არგუმენტი”:
“დღეს მსოფლიო თანამეგობრობა აფხაზეთისა და ოსეთის ბედს წყვეტს. საქართველო დღეს პოლიტიკური სიტუაციით მანიპულირებისთვის სწორედ იმ ფაქტს იყენებს, რომ აფხაზები მასობრივად იღებენ საქართველოს მოქალაქეობას. ტყუილად არ დაუწყიათ მათ ისევ ამ თემის ლობირება და მოწოდებები რაც შეიძლება, ბევრი ქვეყნისათვის. თუ საქართველო წარადგენს მათ სიებს, ვინც მის პასპორტებს, მომსახურებას, კრედიტებს, გრანტებს იყენებს, ჩვენ ავტომატურად დაგვაბრუნებენ საქართველოს შემადგენლობაში, როგორც მათ კმაყოფაზე მყოფთ და მათი პოლიტიკის მხარდამჭერთ”.
დავიწყოთ იმით, საერთოდ რატომ უნდა წყვეტდეს აფხაზეთის მაცხოვრებლების მიერ “საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის” საკითხს სოხუმში რუსეთის ე.წ. საელჩო?! საინტერესოა ასევე, რატომ “წყვეტს მსოფლიო თანამეგობრობა აფხაზეთისა და ოსეთის ბედს” მაინცდამაინც დღეს? - რაიმე ახალია მომხდარი, რაც ყველას გამოგვრჩა? ან რა “თემას” გულისხმობენ ეს დეზინფორმატორები, რომელსაც თბილისმა თურმე, “ისევ დაუწყო ლობირება”? ან რისკენ მოწოდებები დაიწყო ქართულმა მხარემ “რაც შეიძლება ბევრი ქვეყნისათვის”, რისკენაც დღემდე არ მოუწოდებია? ან რა უშლიდა თბილისს ხელს, დღემდე “მიეწოდებინა მათი სიები, ვინც ქართული პასპორტებით, კრედიტებით, გრანტებით სარგებლობს”? და საერთოდ, რას ეყრდნობა ვარაუდი, რომ საქართველოს შემადგენლობაში “ავტომატური დაბრუნება” ქართული პასპორტების-გრანტების-კრედიტების ფლობაზეა დამოკიდებული?! - მსოფლიო თანამეგობრობა ხომ იმთავითვე - ყოველგვარი პასპორტებისა და გრანტების გარეშე თვლიდა აფხაზეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილად, ხოლო მის მოსახლეობას – საქართველოს მოქალაქეებად! ასე იყო 2008 წელს რუსეთის მიერ აღიარებამდეც და შემდეგაც: აფხაზეთი არავის უღიარებია, რუსეთისა და მისი ერთი-ორი სატელიტი რეჟიმის გარდა და შესაბამისად, ერთი წუთითაც არავის შეუწყვეტია აფხაზეთის მოსახლეობის მიჩნევა საქართველოს მოქალაქეებად.
რეალურად, თუკი აფხაზეთის მოსახლეობას პასპორტებთან დაკავშირებით შფოთვის საფუძველი გააჩნია, ეს არა ქართული, არამედ რუსული პასპორტებია (კრედიტებიც და გრანტებიც), რომლებიც მოსკოვმა თავის დროზე სრულიად უკანონოდ მართლაც რომ მასობრივად ჩამოურიგა. მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ხომ უკვე არაერთგზის გამხდარა მოწმე იმისა, როგორ იყენებს მოსკოვი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში “მისი მოქალაქეების დაცვის” საბაბით მოსახლეობის მიერ რუსული პასპორტების ფლობას სხვა სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციისთვის/ანექსიისთვის. საუკეთესო შემთხვევაში ამ მიზნით რეფერენდუმს ატარებენ, რომლის შედეგები კრემლის ინტერესების შესაბამისად ყალბდება, უარეს შემთხვევაში კი იყენებენ ხისტ ძალას. და საქმეც დამთავრებულია – რუსეთის ხელმძღვანელობის ხედვით.
რუსეთის, მაგრამ არა მსოფლიო თანამეგობრობის! სწორედ კრემლის მსგავსი მოქმედების – საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების უხეში დარღვევის მიუღებლობის ნიშნად გაავრცელა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ქვეყნების ჯგუფმა 2008 წლის ომის მე-13 წლისთავზე მოსკოვისადმი მიმართვა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გადაწყვეტილება გაიწვიოს და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს.
პრეზიდენტმა პუტინმა ამ მოწოდებას რისი? - რისი და მოსკოვსა და ცხინვალს შორის “ორმაგი მოქალაქეობის” შესახებ დოკუმენტის დამტკიცებით უპასუხა, რუსი დეპუტატებისა და სხვა პოლიტიკოსების მთელმა არმიამ კი – შეჯიბრით ანტიქართულ და ანტიდასავლურ განცხადებებში, რომელთაგან ზოგიერთი აფხაზეთისთვისაც შეურაცხმყოფელი იყო.
ასე, მაგალითად, პოლიტიკოსმა ზახარ პრილეპინმა კვლავ განაცხადა “ამ ტერიტორიების” რუსეთთან მიერთების “აუცილებლობის” თაობაზე.
"რუსეთმა უფრო გაბედულად უნდა დაიცვას პოსტსაბჭოთა სივრცეში საკუთარი ინტერესები, წინააღმდეგ შემთხვევაში დასავლეთის გავლენა მხოლოდ გაიზრდება. ყველა ამ ტერიტორიასთან (აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, დნესტრისპირეთი, ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკები, თუნდაც არცახი) მიმართებაში იგივე უნდა გავაკეთოთ, რაც გაკეთდა ყირიმის მიმართ – ვაღიაროთ და მივიღოთ. და ბანერიც გამოვაკრათ – “თემა დახურულია» - დაწერა პრილეპინმა თავის Telegram-არხში.
ხმამაღლა გააჟღერა კრემლის ანექსიური გეგმები სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ვიტალი მილონოვმაც, რომლის აზრით, “აშშ-ისა და მისი ამხანაგებისთვის საუკეთესო პასუხი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არა მარტო აღიარება, არამედ (დნესტრისპირეთთან, ასევე ბელარუსთან და სომხეთთან ერთად) რუსეთთან ერთიან სამოკავშირეო სახელმწიფოში გაერთიანების შეთავაზება იქნებოდა”.
“ესაა სწორედ მომავალი ფორმატი: ახალი სსერკ ახალი – უფრო მჭიდრო პრინციპებით” – განაცხადა დეპუტატმა.
ამასთან, რეალობის სრული უგულებელყოფით მან ისიც დასძინა, რომ აფხაზეთში თურმე, “უმრავლესობა მშობლიურ რუსეთთან გაერთიანების ოცნებით იღვიძებს, რადგან აფხაზეთი იყო რუსეთის შემადგენლობაში” და “რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, ისევე, როგორც დონბასში, აფხაზეთის მოსახლეობა რუსეთის ფედერაციასთან მიერთებას დაუჭერს მხარს”.
“ადამიანებს სურთ რუსეთთან ერთად ყოფნა, სამხრეთ ოსეთშიც და იქაც. და რუსეთს ამის არ უნდა ეშინოდეს: სანქციები იყო, არის, მომავალშიც იქნება, მაგრამ ასე ისტორიულ მიწებს დავიბრუნებთ», – განაცხადა მილონოვმა.
წესით, მასალის დასაწყისში ნახსენები სადეზინფორმაციო პოსტების ავტორები, რომლებსაც, თუ დაეჯერებათ, აფხაზეთის “დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნა” ადარდებთ, აქტიურად უნდა აპროტესტებდნენ მოსკოვის მხრიდან მსგავს გამოხტომებს და თანამოქალაქეებს ასევე აქტიურად მოუწოდებდნენ იმაზე დაფიქრებისაკენ, ხომ არ ამოძრავებს რუსეთს აფხაზეთის მიმართ რეალურად, არა მეგობრული და პარტნიორული, არამედ ანექსიური მიზნები? მაგრამ არა, როცა საქმე მოსკოვს ეხება, ისინი “სტრატეგიული მეგობრის” მხრიდან არათუ განცხადებებს, სრულიად კონკრეტულ მტრულ ქმედებებსაც კი “ვერ ამჩნევენ”. სამაგიეროდ ძილს უკარგავთ ქართული პასპორტები, რომლებიც არც მათ, არც ამ პასპორტების მფლობელებს, არც მთლიანად აფხაზეთს სიკეთის მეტით არაფრით “ემუქრებათ”.