ელენე ხოშტარიამ პარტია "დროას" წევრები წარადგინა
12/08/2021 17:30:59 პოლიტიკა
„დროა“ პოლიტიკურ პარტიად ყალიბდება. პოლიტიკური გაერთიანების ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარტიის წევრები წარადგინა.
როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, „დროა“ პრინციპული ადამიანების ერთობას წარმოადგენს.
„დღეს მე მინდა საზოგადოებას წარვუდგინო და გავაცნო ახალი პოლიტიკური პარტიის „დროას“ გუნდი. ჩვენი პარტია არის არა ადამიანის, ან ერთის გარშემო გაერთიანებული ჯგუფი, არამედ ეს არის იდეის გარშემო გაერთიანებული, თავისუფალი, პრინციპული ადამიანების, ინდივიდების ერთობა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ხოშტარიას გუნდის წევრებს შორის არიან აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ბათუ ქუთელია, აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი დავით სიხარულიძე და “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი ნინო გოგუაძე.
ცნობისათვის: ელენე ხოშტარია ოპოზიციის საერთო კანდიდატია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობაზე. მერობის კანდიდატი ნიკა მელია, ხოლო ვიცე-მერობის კანდიდატი ცოტნე კობერიძეა „გირჩი -მეტი თავისუფლებიდან.“


