
კელი, კრამონი, ლინკევიჩუსი – საქართველო-ბელარუსის სუს-ებს შორის თანამშრომლობაზე: "სამარცხვინო და საშიში"
14/08/2021 18:21:17 პოლიტიკა
"სამარცხვინო და საშიში", – ასე აფასებენ საქართველოს უშიშროების სახელმწიფო სამსახურსა და ბელარუსის უშიშროების სახელმწიფო კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.
ვიოლა ფონ კრამონი ფაქტს “საშიშს” უწოდებს:
"ეს მართლაც ძალიან საშიშია. რატომ ახორციელებს საქართველო შეთანხმების იმპლემენტაციას 5 წლის შემდეგ, იმ სიტუაციაში, როდესაც მთელმა დანარჩენმა მსოფლიომ უარი თქვა ბელარუსთან თანამშრომლობაზე? საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებებს პატივი უნდა სცეს და არ მოახდინოს ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების ექსტრადირება".
ლინას ლინკევიჩუსი წერს, რომ ამ ფაქტის დაჯერება უჭირს:
"საქართველომ ბელარუსის კბგ-სთან ხელშეკრულება დადო? ვერ ვიჯერებ, მაინც ხუმრობა მგონია. თუ სიმართლეა, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - საქართველოს გზა ევროკავშირსა და ნატოში ძალიან ბუნდოვანი იქნება".
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი აღნიშნულ ფაქტს "სამარცხვინოს" უწოდებს:
"ნამდვილად სამარცხვინოა. საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ დატოვა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება. თუ ისინი ბელარუსთან შეთანხმებას არ დატოვებენ, ეს იქნება კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ მათ სხვა პრიორიტეტები აქვთ".
ცნობისთვის: საუბარია 2016 წელს ხელმოწერილ შეთანხმებაზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობას ეხება.
მისი ხელმოწერიდან 5 წლის შემდეგ, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, დოკუმენტი ბელარუსის ოფიციალურ საკანონმდებლო ვებსაიტზე გამოქვეყნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბელარუსში ის ძალაში შევიდა.
რაც შეეხება ქართულ მხარეს: საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ–საიტზე შეთანხმების ტექსტი ჯერ–ჯერობით არ გამოქვეყნებულა.
შეთანხმება ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლას, ურთიერთდახმარებას სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან, ტერორიზმთან და კიბერტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, იარაღის უკანონო ბრუნვასთან, კორუფციასთან, საიდუმლო ინფორმაციის განსაჯაროებასთან ბრძოლაში.
თანამშრომლობის ფორმებად დასახელებულია განაცხადების აღსრულება, პერსონალური მონაცემების გაცვლა, ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება, გამოცდილების გაცვლა და სხვა.
გარდა ამისა, დოკუმენტით გათვალისწინებულია უშიშროების საკითხებში ოფიციალური წარმომადგენლების ან ატაშეების მივლენა ერთმანეთის ტერიტორიებზე განსაზღვული ან განუსაზღვრელი ვადით.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021