ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს ყირიმელი თათრების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

16-08-2021 13:42:33 ანალიზი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის სამხედრო ძალების და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მხრიდან ყირიმელი თათრების ფუნდამენტური უფლებების უხეშად დარღვევას გმობს. ასამბლეა ყურადღებას ყირიმელი თათრების გაუჩინარებასა და მკვლელობებზე ამახვილებს. ევროპის საბჭოს პარლამენტარები რუსეთს ეფექტური გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებენ. „თითოეული მკვლელობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გაუჩინარება, წამება და არაადამიანური მოპყრობა უნდა გამოიძიონ“ - აცხადებს საპარლამენტო ასამბლეა და დამნაშავეების წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების იდეას აჟღერებს. ასამბლეა რუსეთისგან უფლებადამცველებისთვის თავიანთი მოვალეობის შესრულების პროცესში ხელშეწყობასაც მოითხოვს და კრემლს ყირიმელი თათრებისთვის გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით დაწესებული შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებს.

თათრები ყირიმის 2,5-მილიონიანი მოსახლეობის 12-მდე პროცენტს შეადგენენ, მაგრამ ბევრმა ნახევარკუნძული მას შემდეგ დატოვა, რაც 2014 წლის თებერვალში იქ რუსული სამხედრო ძალები შევიდნენ. ის თათრები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩნენ, რეპრესიებს უჩივიან. როგორც საპარლამენტო ასამბლეის განცხადებითაც დასტურდება, არის აქტივისტების გაუჩინარების შემთხვევებიც.

თათრებს, რომლებიც საუკუნეებია ყირიმის ნახევარკუნძულზე ცხოვრობენ, არაერთი მძიმე ეტაპი აქვთ გამოვლილი. მეორე მსოფლიო ომის დროს ასიათასობით ადამიანი შუა აზიაში გადაასახლეს. სტალინის რეჟიმი მათ ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა. დეპორტირებულებისა და მათი შთამომავლების ნაწილმა 1980-იან წლებში დაიწყო ყირიმში დაბრუნება, 1991 წელს კი თათრების თვითმმართელობის ორგანო, იგივე „მეჯლისი“ შეიქმნა. კიევმა თათრების „მეჯლისი“ კანონიერად 1999 წელს ცნო, რუსეთმა კი ის 2016 წელს აკრძალა. საქმე იმაშია, რომ 2014 წელს, როცა მოსკოვმა ნახევარკუნძულზე ანექსიის გასამართლებლად რეფერენდუმი უკანონოდ ჩაატარა, ყირიმელმა თათრებმა პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს და მას შემდეგ ოკუპაციას აპროტესტებენ. ამიტომაც, კრემლი თათრებს ყველა საშუალებით ებრძვის და მათ უფლებებს გამუდმებით არღვევს.

2020 წელს დონის როსტოვში სამხედრო სასამართლომ შვიდ ყირიმელ თათარს ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰიზბ უტ-ტაჰრირის“ საქმიანობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით. მათ 13-დან 19 წლამდე კოლონიაში პატიმრობა მიესაჯათ. ასევე, რუსეთმა ყირიმელი თათრების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, მუსტაფა ჯემილევს ყირიმის ტერიტორიაზე შესვლა 2034 წლამდე აუკრძალა. რუსეთის კონტროლქვეშ მყოფმა ყირიმის უზენაესმა სასამართლომ სიმფეროპოლში ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარეს, რეფატ ჩუბაროვს განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა. ყირიმელი თათრების მეჯლისი რუსეთის ფედერაციაში ექსტრემისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული და აკრძალულია. ეს ყირიმელი თათრების წინააღმდეგ მიმართული სისტემური რეპრესიების პირობებში რუსეთის მხრიდან მათი უფლებების დარღვევის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა.

2016 წელს უკრაინაში 18 მაისი ყირიმელი თათრების გენოციდის მსხვერპლთათვის პატივის მიგების დღედ დაწესდა. უკრაინა ყირიმელი თათრების უფლებების დასაცავად ყოველდღიურად იბრძვის. ამ დროს კი, რუსეთი ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციას და ადგილზე ყირიმელი თათრების უფლებების დარღვევას აგრძელებს. კრემლი საერთაშორისო სამართლის არაერთ ნორმას არღვევს და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

/გვანცა სიგუა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები