საქართველო და თურქეთი „დელტას“ ბაზაზე ერთობლივი საწარმოების შექმნას განიხილავენ
22/08/2021 14:28:05 პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სტამბოლში, თავდაცვის სფეროში თურქული სამრეწველო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა.
როგორც "აქცენტს" სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ბაზაზე ერთობლივი საწარმოების შექმნის საკითხები განიხილეს.
ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთის რესპუბლიკას სტუმრობდა, სადაც თურქ კოლეგას, ჰულუსი აკარს შეხვდა და 17-20 აგვისტოს სტამბოლში გამართულ საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენას IDEF21 დაესწრო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე, მხარეებმა „ორმხრივ და სამმხრივ [სავარაუდოდ, აზერბაიჯანთან] ფორმატებში“ თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობას, საერთაშორისო მისიებში ერთობლივ ნაყოფიერ მონაწილეობას და ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებს.
ჯუანშერ ბურჭულაძემ თურქეთის თავდაცვის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში გაწევრიანების გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


