Accentnews.ge
აფხაზეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება: მითიური და რეალური პერსპექტივები

აფხაზეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება: მითიური და რეალური პერსპექტივები

23/08/2021 20:51:06 კონფლიქტები

2020 წლის ნოემბერში აფხაზ ლიდერ ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის გამართულ შეხვედრაზე “კანონმდებლობების ჰარმონიზაციის საფუძველზე ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა” დამტკიცდა. დოკუმენტი მოიცავს პრაქტიკულად ყველა სფეროს, ორმაგი მოქალაქეობის, გადასახადების, ენერგეტიკის, საბაჟო რეგულირების, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა საკითხების ჩათვლით. 2023 წლამდე აფხაზეთში უნდა მიიღონ ასევე კანონი საინვესტიციო სივრცის შესახებ. “პროგრამის” 45-ვე პუნქტი კი უახლოესი სამი წლის განმავლობაში უნდა იყოს რეალიზებული. ოფიციალური განცხადებების თანახმად, დოკუმენტი “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2014 წლის შეთანხმების ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს”. ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბების მიზნად კი აფხაზეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება სახელდება.

როგორც პორტალ Eurasia Daily-სთვის მიცემულ ინტერვიუში ასლან ბჟანიამ განმარტა, “რუსეთთან ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის უკან იგულისხმება ერთგვარი ანალოგი ევროკავშირისა – წარმატებული ერთიანი სივრცისა წევრ ქვეყნებს შორის საზღვრების არსებობის პირობებში და მათი სუვერენტიტეტისთვის ზიანის მიუყენებლად».

რუსული მედია აფხაზეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების იდეას ყოველმხრივ ადიდებს. «ეს აფხაზეთს ეკონომიკური განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს. ისევე, როგორც ნებისმიერი ეკონომიკური გაერთიანება, ევრაზიული ეკონომიკური კავშირიც აერთიანებს უფრო განვითარებულ და ნაკლებად ძლიერ ქვეყნებს, რომლებიც მეტ დაფინანსებას საჭიროებენ. კანონმდებლობების გეგმის მიხედვით სინქრონიზების შემთხვევაში აფხაზეთი მიიღებს წვდომას დიდ ფინანსურ და ტექნოლოგიურ რესურსებთან. რეგიონში ინვესტიციების ნაკადი წავა, რომლის ხარჯზეც ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა დაიწყება” – ნათქვამია პორტალ sochi24-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

რაც შეეხება თავად რუსეთის ინტერესს, ამ კონტექსტში პუბლიკაციის ავტორი ახსენებს “რუსი ინვესტორების ინტერესების დაცვის აუცილებლობას”: “რუსი მეწარმეები მზად არიან, ინვესტირება მოახდინონ აფხაზური ეკონომიკის განვითარებაში და თან საკუთარი ბიზნესიც გააფართოვონ. თუმცა სადღეისოდ ძალზე მაღალია საკანონმდებლო “უსაფრთხოების ბალიშთან” დაკავშირებული რისკები ბიზნესმენებისთვის, რომლებიც აფხაზეთს თავისი ბიზნეს-ინტერესების რეალიზების შესაძლო ადგილად განიხილავენ. და საკანონმდებლო ბაზების ე.წ. ჰარმონიზაცია მოწოდებულია, მოაგვაროს ეს პრობლემა”. გარდა ამისა, ავტორი “კრძალვით” შეახსენებს აფხაზურ მხარეს “რუსეთისთვის ძალზე საინტერესო” კიდევ ერთ სახკითხს – აფხაზური უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობას.

მხოლოდ სასხვათაშორისოდ ახსენებს რა აფხაზური საზოგადოებისა და პოლიტელიტის მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილებას მოსკოვის მიერ თავს მოხვეული დოკუმენტის მთელი რიგი დებულებების გამო და შფოთვას “სუვერენიტეტის შესაძლო დაკარგვასთან” დაკავშირებით, სტატიის ავტორი ასკვნის, რომ “მთლიანობაში, ქვეყნებს შორის სამართლებრივი დარეგულირების მთელი ეს პროცესი როგორც აფხაზური, ისე რუსული მხარის მიერ პოზიტიურად აღიქმება”.

რუსების კვალდაკვალ, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში აფხაზეთის ინტეგრაციის იდეის ლობირებით ზოგიერთი აფხაზი ავტორიც დაკავდა. ამასთან, ისინი რუს კოლეგებზე უფრო შორს მიდიან და ცდილობენ, დაარწმუნონ აფხაზი მკითხველი, რომ ევრაზიულ ეკონომიკურ სივრცეში გაწევრიანება აფხაზეთს “არა მარტო ეკონომიკურ განვითარებას, არამედ საერთაშორისო აღიარებასაც უქადის”. ერთ-ერთი მსგავსი სტატიის ავტორს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტის თავმჯდომარის - ვიქტორ ვოდოლაცკის სიტყვები მოჰყავს იმის შესახებ, რომ «ევრაზიული ეკონომიკური თანამეგობრობა თავისი შესაძლებლობების გაფართოების გზით მიდის». ამის საფუძველზე სტატიის ავტორი ირწმუნება, რომ “აფხაზეთს ყველა შანსი აქვს, გახდეს ამ ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი და არა უბრალოდ დამკვირვებელი”. “რუსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობების ჰარმონიზაციის საფუძველზე ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა შესაძლებლობას მოგვცემს, დავუახლოვოთ სადღეისოდ აფხაზეთში მოქმედი ნორმები და სტანდარტები ევრაზიული ეკონომიკური კავშირისას. ამგვარად სოხუმის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობა შეიძენს ახალ ომპულსს არა მარტო მოსკოვთან, არამედ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ოთხ სხვა ცენტრთანაც და ეს ძალზე მნიშვნელოვანი ელემენტია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აფხაზეთის ნაწილობრივი აღიარებულობის არსებულ პირობებში. სწორედ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან თანამშრომლობის აქტივიზაცია შეუწყობს ხელს საერთაშორისო არენაზე აფხაზეთის პოზიციების გამყარებას” – წერს პუბლიკაციის ავტორი.

ამასთან, ლობისტები “საქართველოს რევანშისტული ზრახვებით” მოსახლეობის დაშინების ტრადიციულ იარაღსაც იყენებენ და ცდილობენ, დაარწმუნონ მკითხველი, რომ რუსეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა წევრებთან ერთად “მათი დაცულობის ერთადერთი გარანტია”. “რუსეთი კვლავინდებურად რჩება ჩვენი უსაფრთხოების მთავარ გარანტად. თბილისში რევანშისტული განწყობები ჯერ კიდევ არსებობს და დროდადრო საქართველოს საზოგადოებრივ სივრცეში ტრანსლირდება. ამდენად, ნარჩუნდება გარკვეული შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რამდენად მშვიდობიანი იქნება ჩვენი მომავალი. ევრაზიულ ეკონომიკურ სივრცეში ჩაბმა კი მოგვცემს ერთის მხრივ, ამ კავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან დაცვას და მეორეს მხრივ, მათ მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე” – წერს ავტორი.

რეალურად კი, ნაკლებ სავარაუდოა, რუსეთმა უახლოეს მომავალში აფხაზეთთან მიმართებაში მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს. ეს ძალზე არაკომფორტული იქნებოდა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრთათვის, რომლებიც არა მარტო მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ თბილისთან. გარდა ამისა, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში აფხაზეთის მიღების მცდელობაც კი ამ ორგანიზაციის ავტორიტეტს დარტყმის ქვეშ მოაქცევდა.

“აფხაზებისა და ოსების ადგილზე, მსგავსი საგარეო პოლიტიკური “გარღვევის” პერსპეტივის იმედი დიდად არ მექნებოდა. მით უფრო, რომ მათი აღიარების კუთხით სადღეისოდ არსებული სტატუს-ქვო მოსკოვს სრულად აკმაყოფილებს და ამ მიმართულებით რაიმე ახალი ძალისხმევის მიმართვას არ აპირებს. ასე, რომ არავითარი ობიექტური პირობები მსგავსი პერსპექტივისთვის ამ მომენტისთვის არ არსებობს” – ამბობს უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე.

ანალიტიკოსი იმაზე მიუთითებს, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ჩამოყალიბების მიზანს პოსტსაბჭოთა სივრცის რეინდუსტრიალიზაცია წარმოადგენდა, რაც ვერ განხორციელდა და საბოლოო ჯამში, მივიღეთ მხოლოდ სსრკ-ის ერთგვარი მოდიფიცირებული ვარიანტი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული ეკონომიკისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების ჩამოყალიბების მიზანს ემსახურება. “დიახ, ეს კავშირი გარკვეულწილად მის წევრთა ეკონომიკურ დაახლოებასაც ემსახურება, თუმცა ევრაზიულ ეკონომიკურ სივრცეში მოქმედებს მთელი რიგი რეგულაციები, რომლებიც ცალსახად უზრუნველყოფს რუსეთის პოზიციის ჰეგემონიას. ამასთან, ვერავითარი დადებითი ეკონომიკური ცვლილებები ამ კავშირმა მონაწილე ქვეყნებში ვერ გამოიწვია” – ამბობს გობრონიძე.

აბსოლუტურად უადგილოდ მიიჩნევს ანალიტიკოსი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ევროკავშირთან ბჟანიასეულ შედარებას: “სრულიად წარმოუდგენელია, ვიფიქროთ, რომ ეს ორგანიზაცია ოდესმე იქცევა ევროკავშირის რაღაც რუსულ ანალოგად. თავისი არსით ხომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი არადემოკრატიული ქვეყნების კლუბია – კორუფციით, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევით, სხვა ჩვეული “სიკეთეებითა” და რუსეთის სახით ერთი გამოხატული ძალოვანი ცენტრით. მათ უჭირთ დემოკრატიული რეფორმების განხორციელება როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივად. ევროკავშირში კი ყველაფერი ზუსტად პირიქითაა: მასშიც არსებობს უფრო ძლიერი და შედარებით სუსტი სახელმწიფოები, მაგრამ მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები, ისევე, როგორც კანონის უზენაესობა და კანონის წინაშე ყველას თანასწორობა აქ ძირითადი ფასეულობებია. გარდა ამისა, ევროკავშირში, ევრაზიული ეკონომიკური კავშირისგან განსხვავებით, ვხედავთ არა ერთ, არამედ რამდენიმე ძალოვან ცენტრს, რომელსაც ყველა უწევს ანგარიშს. ასე, რომ მათ, ვინც ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე ფიქრობს, დემოკრატიული განვითარებისა და ნათელი მომავლის იმედი არ უნდა ჰქონდეთ”.

რაც შეეხება უსაფრთხოების დაცვას, გობრონიძეს მაგალითად ასევე რუსეთის ინიციატივით შექმნილი “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია” და მისი მონაწილე სომხეთი მოჰყავს. “ვინმეს ერთი განცხადება მაინც თუ მოუსმენია სომხეთის მხარდსაჭერად – იმ პერიოდში მაინც, როცა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა? სწორედ ასეთია რუსეთის საინტეგრაციო პროქტები: ისინი მაშინ და ისე მოქმედებს, როგორც რუსეთი მოისურვებს. და ასეთია მათი “ეფექტურობაც” – ასკვნის ანალიტიკოსი.

ეკატერინე ცანავა

დიანა მუსელიანი

_____________________________________________________________________________________________________

მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S