"არჩევნები ჩატარდება კოვიდ-უსაფრთხოდ და ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ"
25/08/2021 07:30:09 პოლიტიკა
"არჩევნები ჩატარდება კოვიდუსაფრთხოდ და ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ", – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, მისი თქმით, ამ კუთხით პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, არამედ თავად პარტიებზეცაა:
„თავად ჩვენ, პარტიებმა, უნდა გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა და უზრუნველვყოთ საარჩევნო კამპანიის კოვიდუსაფრთხოდ ჩატარება. ეს იყო „ქართული ოცნების“ მიდგომა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას და ეს რჩება ჩვენ მიდგომად დღესაც. სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვგეგმავთ ჩვენს წინასაარჩევნო აქტივობებს და სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს ათასობით აქტივისტთან, რათა ჩვენივე აქტივის გადაცდომებზე დროული და სათანადო რეაგირება მოვახდინოთ. სწორედ ამასვე მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს: ნაცვლად არჩევნების, როგორც ხალხის ძალაუფლების გამოხატვის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისა, უზრუნველყავით თქვენი საარჩევნო კამპანიის ყველა რეგულაციის და რეკომენდაციის დაცვით ჩატარება. არჩევნები ჩატარდება, ჩატარდება კოვიდუსაფრთხოდ და ჩვენ ამ არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“.
პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწყებული კამპანია სამ ამოცანას ემსახურება:
„ჩვენ ჯერ კიდევ სამი კვირის წინ გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირებას, ვინაიდან მათივე მონაცემებით, მათ ამ არჩევნებში წარმატების არავითარი შანსი არ გააჩნიათ. დღეს ყველა ვხედავთ, რომ მათ დაწყებული აქვთ არჩევნების გადადების მოთხოვნის კამპანია, საბაბად კი პანდემიას იშველიებენ. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არჩევნების გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას, რამდენიც არ უნდა ისპეკულირონ თითქოსდა მათ მოსახლეობის ჯანმრთელობა აინტერესებთ. ჩვენ პანდემიის თითქმის ორწლიან პერიოდში ვხედავდით „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ეპიდსიტუაციის და მათ შორის რეგულაციების მიმართ. რატომღაც მათ მხოლოდ ახლა გაახსენდათ, რომ ჩვენი ქვეყანა პანდემიის პირობებში ცხოვრობს. "ნაციონალური მოძრაობის" კამპანია სამ ამოცანას ემსახურება: საჭიროების შემთხვევაში წინმსწრებად ჰქონდეთ მომზადებული საბაბი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოსაცხადებლად; არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, გარდაუვალი მარცხის შემდეგ გამოაცხადონ, რომ ეს მარცხი მძიმე ეპიდვითარებამ გამოიწვია და თითქოს ჩატარებული არჩევნები მოსახლეობის ნებას სრულფასოვნად არ გამოხატავს; წინასაარჩევნო პერიოდში აწარმოონ მადისკრედიტირებელი კამპანია ხელისუფლების მიმართ, თითქოს ჩვენ არ გვაინტერესებს მოსახლეობის ჯანმრთელობა და ამის გამო არ ვდებთ არჩევნებს. სინამდვილეში ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზეზი - მათ ზუსტად იციან, რომ დამარცხდებიან".


