
„თუ ხელისუფლებას სურს, მცირე რაოდენობის უცხოელმა შეძლოს უძრავი ქონების ყიდვა, ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვების დაწესების ნაცვლად, თავიანთ კანონებს უნდა გადახედონ“
26/02/2019 12:45:57 თვალსაზრისი, ინტერვიუ
"აქცენტის" ინტერვიუ აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის მკვლევარ ჰამიდ კაზემზადესთან.
– ბოლოდროინდელი ინციდენტების გათვალისწინებით, ვგულისხმობ საქართველოს საზღვარზე ირანის მოქალაქეებისთვის შექმნილ პრობლემებს, რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობები მწვავდება. აქვს თუ არა ამ მოსაზრებას საფუძველი, რა ფაქტორები განაპირობებს მას და უშუალოდ თქვენ როგორ დაახასიათებდით ორ ქვეყანას შორის სადღეისოდ არსებულ ურთიერთობებს?
-სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების თანახმად, ირანულ პრესასა და სოციალურ მედიაში ჩვენ ასევე ვხედავთ საქართველოს მიმართ ნეგატიურ განწყობებს, რაც სამომავლოდ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, განსაკუთრებით კი ხალხთა შორის ურთიერთობებს გაართულებს. პოლიტიკური ურთიერთობების გარდა, ორ ქვეყანას შორის არსებულ ხალხთა ურთიერთობებს დიდი ხნის ისტორია აქვს, რომელიც რამდენიმე ნეგატიური ამბის გამო არ უნდა დაინგრეს.
ზოგადად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ირანულ მენტალობაში საქართველოსა და ქართველების შესახებ დადებითი ატმოსფერო შეიქმნა. საქართველოში ირანელი ტურისტების რიცხოვნობის მაჩვენებელი მაღალია, რამაც ქართული მხარისთვის უზარმაზარი შესაძლებლობები შექმნა. და, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში ირანელი ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ყოველგვარი რეკლამის და ფულის გადახდის გარეშე.
რა თქმა უნდა, საქართველოს საზღვარზე ირანის მოქალაქეებისთვის პრობლემების შექმნა პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობებზე გავლენას მოახდენს და მოკლევადიან პერსპექტივაში ტურისტთა ნაკადის შემცირებას გამოიწვევს.
–ამასწინათ ირანელმა დეპუტატმა არ გამორიცხა, რომ ირანმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას გადახედოს. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ამის შანსი?
– ცოტა ხნის წინ ამ საკითხზე მსჯელობა ირანის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. თბილისში შეხვედრები გაიმართა ქართველ კოლეგებთან. ასევე, რამდენიმე კვირის წინ შედგა შეხვედრები ქართველ კოლეგებთან თბილისში. უვიზო მიმოსვლის შეთანხმების საკითხი დამოკიდებულია მხარეებს შორის დიალოგზე და არ შეიძლება, ის გაუქმდეს ცალმხრივად და ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილების გამო. არსებული ინფორმაციით, საქართველოში ირანის ელჩი კონტაქტშია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან, პრემიერ-მინისტრის მრჩევლებთან, საქართველო-ირანის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან და განიხილავს ირანელებთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ერთ–ერთი ბოლო ასეთი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხვთისიაშვილს, საქართველოში ირანის ელჩს და ქვეყანაში ვიზიტად მყოფი ირანის დელეგაციის წარმომადგენლებს შორის გაიმართა. ამ უანასკნელს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა. მხარეები შეთანხმდნენ საქართველო-ირანის უვიზო მიმოსვლის დებულებების დახვეწაზე, რათა შეამცირონ ხელშეკრულების არასწორად გამოყენების შემთხვევები.
როგორც საქართველოს საგარეო უწყება იტყობინება, ირანის მოქალაქეების მიერ საზღვრის გადაკვეთის წესების დარღვევა ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია საზღვრის კვეთის წესების შესახებ "საჭირო ინფორმაციის ნაკლებობით". ამასთან, ოფიციალური თბილისის განმარტებით, საჭირო იყო ირანის მოქალაქეების საინფორმაციო კამპანიით უზრუნველყოფა საქართველო-ირანს შორის უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების თაობაზე. ირანის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შეთანხმდენენ, რომ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით მომზადდება საინფორმაციო მასალები საქართველოს საზღვრის გადაკვეთის, საქართველოში ბიზნეს–საქმიანობის რეგულაციების, მკურნალობოს და განათლების მიღების შეასხებ. როგორც ირანის მთავრობამ განაცხადა, ინფორმაციას შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების საშუალებით გაავრცელებს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი, პრობლემების შემცირებას შეუწყობს ხელს.
რაც შეეხება პირადად ჩემს პოზიციას საქართველო-ირანს შორის უვიზო მიმოსვლის თაობაზე, ვეთანხმები ორ ქვეყანას შორის ამ რეჟიმის გაუქმებას. მისი შემოღების პირველი დღეებიდან მივიჩნევდი, რომ ეს იყო არასწორი პოლიტიკა და საქართველოს ამ საკითხზე ირანთან შეთანხმებისთვის არ უნდა მიეღწია. საზღვარზე ტურისტული ვიზის გაცემა გონივრულ ფასად, როგორც ეს 2010 წლამდე ხდებოდა, იყო საუკეთესო გზა ირანელი ტურისტების მოზიდვისა და ნეგატიური ზეგავლენის თავიდან აცილების კუთხით.
გასული წლებში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ არაერთ შეხვედრებზე აღვნიშნე, რომ ქართულ საზოგადოებას არ გააჩნია ტოლერანტობა ქვეყანაში ირანის უზარმაზარი წარმოდგენილობის მიმართ, იქნება ეს ირანელი ტურისტი, თუ ირანელი მაცხოვრებელი. ერთხელაც თავისუფალი სავიზო რეჟიმი საქართველოს ირანელი ტურისტების დიდ რაოდენობას მოუტანს, რაც უდავოდ გამოიწვევს უარყოფით რეაქციას ქართულ საზოგადოებრივ აზრზე, და გრძელვადიან პერსპექტივაში კულტურულ, ისტორიულ და პოლიტიკურ ურთიერთობებს ავნებს.

–ვერ ვიტყვით მასშტაბურად მაგრამ, საქართველოში შეიმჩნევა ანტიირანული განწყობებიც, როგორ ფიქრობთ, რა უწყობს ხელს ამ განწყობების გაღვივებას?
–სრულიად ვიზიარებ თქვენს აზრს. ანტიირანული განწყობები არ არსებობს იმ ირანელების მიმართ, რომელმაც საბინაო და ბიზნეს–სექტორში ბევრი ინვესტიცია განახორციელეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ნოემბერში საქართველოში შესვლაზე უარი ირანის 434 მოქალაქეს უთხრეს. ამასთან, იმავე პერიოდში ქვეყანაში სესვლაზე უარი1151–მა უცხოელმა მიიღო. ზოგადად, არ მომწონს ასეთი მეთოდის გამოყენება ისეთი ტურისტული ქვეყნის მიერ, როგორიც საქართველოა. თუმცა მესმის რომ უსაფრთხოების გარემო შეიცვალა, რადგან საქართველოში ცოტა ხნის წინ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და ვფიქრობ ეს პრობლემები სავარაუდოდ, გამოწვეული იყო მოკლევადიანი უსაფრთხოების პოლიტიკის გამო.
ჩემი აზრით, ანტიირანული განწყობების გაღვივებას ორივე ქვეყანაში რადიკალური და კონსერვატიული მედია უწყობს ხელს. მაგალითად, ირანში რადიკალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის მოქალაქეებისთვის და ირანელი ტურისტებისთვის საქართველოში შესვლის პროცედურები შეიცვალა მას შემდეგ რაც თბილისს ჯონ ბოლტონი [აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში] ეწვია. ქართულ რადიკალურ მედიაში კი გვხვდება ისლამოფობია და ისტორიული შეხედულება ქვეყანაში ირანელი ტურისტების ან ირანის ინვესტორების არსებობის შესახებ. მიმაჩნია, რომ ეს ორივე აზრი აბსოლუტურად არასწორია.
– ირანელი ტურისტები და ინვესტორები საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ–ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდნენ. ამ ფონზე ვნახეთ 2018 წლის 14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილი ბიზნეს-კონფერენცია „ირანელ ინვესტორთა გამოწვევები საქართველოში“ გადაიდო, რადგან კონფერენციაში მონაწილე ორი ირანელი ინვესტორი ქვეყანაში არ შემოუშვეს. თქვენი აზრით, მსგავს მიდგომებს რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ?
– ვწუხვარ ამ ამბის გამო. ვფიქრობ, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისა და უსაფრთხოების მდგომარეობასთან დაკავშირებით ბიზნეს-კონფერენციის „ირანელ ინვესტორთა გამოწვევები საქართველოში“ ორგანიზატორებს უფრო მეტი უნდა ეფიქრათ ქვეყანაში შესვლის საშუალებების შესახებ. ზოგადად, არ ვფიქრობ, ეს კონკრეტული მოვლენა სამომავლოდ განსაკუთრებულ უარყოფით გავლენას მოახდენს ურთიერთობებზე. ეს ფაქტი მხოლოდ საკვებია რადიკალური და კონსერვატიული მედიისათვის, განსაკუთრებით ირანში. უნდა აღვნიშნოთ, რომ თითქმის იმავე პერიოდში, როდესაც ეს ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით ბაკურიანში კონფერენცია „ირანულ-ქართული კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ“ გაიმართა.
ჩემი აზრით, ირანსა და საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები მხოლოდ ერთარდერთ შემთხვევაში – საქართველოზე ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლისა და ირანის მიმართ სანქციების დაწესების შემთხვევაში შეიცვლება.
–რა შეიძლება იყოს ამ პროცესების კულმინაცია, ყველაზე უარესი სცენარი და რაში ხედავთ გამოსავალს, რაზე წასვლაც გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ორივე ქვეყანის ინტერესებში შედის.
– დიახ, როგორც ვთქვი, სამწუხაროდ, ურთიერთობები შემცირდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ დონეზე. მაგრამ, ჩემი აზრით, საქართველომ უნდა გამოიყენოს ირანელი ხალხის ტურისტული შესაძლებლობები. ბოლო წლებში საქართველოში ირანელი ტურისტები რიცხოვნობით ერთ–ერთი მოწინავები იყვნენ რუს, აზერბაიჯანელ, თურქ და სომეხ ტურისტებთან ერთად.
შექმნილი გაუგებრობების უმეტესობა ისევ და ისევ საქართველოში არსებულ კანონს უკავშირდება, ჩემი აზრით, თუ ხელისუფლებას სურს, რომ უფრო და უფრო მცირე რაოდენობის უცხოელმა, მათ შორის ირანელმა შეძლოს უძრავი ქონების ყიდვა ან ბიზნესის რეგისტრაცია, ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვების დაწესების ნაცვლად თავიანთ კანონებს უნდა გადახედონ.
გარდა ამისა, საქართველოში ირანელი ტურისტების რიცხოვნობის შემცირება გამოიწვევს, მათი რაოდენობის ზრდას თურქეთში, კვიპროსსა და სომხეთში. აქედან გამომდინარე, ირანელები არაფერს კარგავენ, მაგრამ საქართველო ტურიზმის შემოსავალის მნიშვნელოვან ნაწილს კარგავს. ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით განეხორციელებინა სპეციალური ღონისძიებები სამომავლოდ ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად. მაგალითად, ტურისტული სააგენტოებისა და თეირანში საქართველოს საელჩოს მეშვეობით მათ შეუძლიათ, ირანელ ტურისტებს საქართველოში გამგზავრების მიზნების, მათ შორის ზუსტი სამოგზაურო გეგმის, დაჯავშნის და სამოგზაურო ხარჯების შესახებ ჰკითხონ და ჰქონდეთ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები საზღვრებზე. ორივე ქვეყნიდან ინტელექტუალების შეკრებით და მედია საშუალებების მეშვეობით ინფორმაციის გავრცელებით, ვფიქრობ, საქართველოსა და ირანს შორის დღეს არსებული გაუგებრობები მოგვარდება და ურთიერთობები გაძლიერდება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021