
“საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში მიღება დადასტურებულია ალიანსის ყველაზე მაღალ პოლიტიკურ დონეზე”
26/08/2021 13:37:49 პოლიტიკა
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანემ “ინტერფაქს-უკრაინას” ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომელშიც საქართველოც არის ნახსენები. “აქცენტი” ამ ინტერვიუდან თბილისისთვის აქტუალური ამონარიდების თარგმანს გთავაზობთ:
- უკრაინის ხელმძღვანელობას არაერთხელ განუცხადებია, რომ მოელის ნატო-სგან ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების აღსრულებას ქვეყნის ალიანსში მიღებისა და ამ მიზნით MAP-ის მინიჭების თაობაზე. რა წარმოადგენს ამ დროისთვის მთავარ წინაღობას, არსებობს თუ არა დროის რაიმე ზღვარი და როდის შეიძლება, დაიწყოს დიალოგი MAP-ის მინიჭების თაობაზე?
- ღია კარის პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ალიანსის ისტორიაში. მრავალი ქვეყანა მიუერთდა ნატო-ს კომუნიზმის დასრულების შემდეგ. ღია კარის პოლიტიკა დაფიქსირებულია ვაშინგტონის შეთანხმებაშიც, ამდენად, ის ჩვენი კონსტიტუციის ნაწილია. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები ძალაშია. ისინი მხარდაჭერილია მოკავშირეების მიერ და ძალაში რჩება. ვფიქრობ, ღია კარის პოლიტიკის, ასევე უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივის მთავარი პოლიტიკური დასტური ალიანსის ლიდერების მიერ სულ რამდენიმე თვის წინ ბრიუსელის სამიტზეც იქნა წარმოდგენილი, ასე, რომ ეს არაა ილუზია ან ფუჭი დაპირება, ეს რეალობაა.
რა თქმა უნდა, ამის მისაღწევად ყოველთვის არსებობს ფაქტორების ერთობლიობა: ერთის მხრივ - პრეტენდენტ ქვეყნებში რეფორმების მდგომარეობა, მეორეს მხრივ - პოლიტიკური კონსენსუსი. შესაბამისად, ამ საკითხში არავითარი ავტომატიზმი არ არსებობს, თუმცა ყოველთვის ხდება წახალისება და ამას პირადად მეც ვაკეთებ, ვუცხადებ რა პრეტენდენტ ქვეყნებს, მტკიცედ და განუხრელად გაჰყვნენ რეფორმებისა და რაც შეიძლება, ბევრ ფრონტზე ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობის გზას.
გაფართოებული შესაძლებლობების მქონე პარტნიორის სტატუსი - ეს უზარმაზარი პოზიტიური ნაბიჯია სწორი მიმართუдებით. ვაკვირდები, როგორ იყენებს ამ სტატუსს საქართველო, რომელმაც ის იდნავ უფრო ადრე მიიღო. ეს ძალზე მნიშვნელოვანია.
- რა როლს თამაშობს ნატო-სთვის რუსეთის ფაქტორი MAP-ის მინიჭების გადაწყვეტილების მიღებაში? რამდენად მნიშვნელოვანია ალიანსისთვის რუსეთის უკმაყოფილება?
- ნატო-ცა და მე ვიტყოდი, ევროკავშირიც (რაკი ჩვენ ერთი მედლის ორი მხარე ვართ) ემყარება იმ ფუნდამენტურ აზრს, რომ ევროპაში გავლენათა სფეროების პერიოდი ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდა წარსულს. ნატო-ს გაფართოების ბოლო ტალღა სულ ორიოდ წლის წინ ვიხილეთ. ასე, რომ საუბარია არა მესამე მხარეების კმაყოფილება-უკმაყოფილებაზე, არამედ ფუნდამენტურ პრინციპზე, რომლის მიხედვით, სუვერენულ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, თავად ირჩევდნენ საკუთარ ბედს და თუ რომელიმე ქვეყნის ხალხი და ხელმძღვანელობა დასავლური ინსტიტუციებისკენ ისწრაფვის, ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ და ვახალისებთ. არავის აქვს უფლება, ევროპაში მეზობლებს ესა თუ ის გზა უკარნახოს, მათ ნაცვლად აირჩიოს მათი ბედი და მომავალი. სწორედ ამაშია ნატო-სა და ევროკავშირის არსი.
ალიანსის “დნმ”-ის კიდევ ერთი განუყოფელი ნაწილია ნატო-ს მუდმივი ადაპტაცია ცვალებადი გარემოს მიმართ, სწორედ ამიტომაა ალიანსი ამდენი ათწლეულია, ესოდენ წარმატებული. ეს ყოველთვის მარტივი როდი იყო, თუმცა ცვალებადი სამყაროს მიმართ ადაპტაციას ყოველთვის ვახერხებდით. წინა – ბრიუსელის სამიტზე ალიანსის ლიდერები შეთანხმდნენ, დაეწყოთ მასშტაბური ძალისხმევა ტრანსფორმაციისთვის, საუბარია სტრატეგიულ კონცეფციაზე ნატო-2030. მე მოვუწოდებ პრეტენდენტ ქვეყნებსაც, წევრობისკენ სწრაფვის პარალელურად, აქტიურად ითანამშრომლონ ჩვენთან სატრანსფორმაციო პროცესებშიც – მდგრადობის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების, კლიმატის ცვლილებების, კოსმოსის, თავდაცვის მიმართულებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ერთად შევძლებთ ადაპტაციას ცვალებად სამყაროში.
- როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინას სურს, მიიღოს ნატო-ში ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადასასვლელად საჭირო რეფორმების მკაფიო ჩამონათვალი. აპირებს ალიანსი ამ ჩამონათვალის მოწოდებას?
- არსებობს რეფორმების ეროვნული პროგრამა, რომელიც გაფართოებული შესაძლებლობების მქონე პარტნიორის სტატუსს (EOP) უკავშირდება. […] მოგიწოდებთ ასევე, თვალი ადევნოთ იმას, თუ რას მიაღწია საქართველომ, რომელმაც ეს სტატუსი ცოტა უფრო ადრე მიიღო. ამდენად, ვფიქრობ, აქ უკვე არსებობს საჭირო რეფორმების განსაზღვრის შესაძლებლობა და უნდა დარწმუნდეთ, რომ ისინი სათანადოდ ხორციელდება.
- გეგმავს თუ არა ნატო შავ ზღვაში წარმოდგენილობის გაზრდას?
- შავი ზღვის რეგიონს გამორჩეული მნიშვნელობა აქვს ნატო-სთვის. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთმა ყირიმის უკანონო ოკუპაცია არა მარტო ძალის გაფართოებისთვის, არამედ როგორც ხმელეთის, ისე ზღვის გარკვეული ნაწილის კონტროლისთვის გამოიყენა. ეს ასევე წარმოადგენს ძალის გავრცელებას ახლო აღმოსავლეთისკენ, ხმელთაშუა ზღვისპირეთამდე. ამიტომაც ფაქტორების ერთობლიობა შავ ზღვას ალიანსისთვის ძალზე მნიშვნელოვნად აქცევს.
შავ ზღვაში ნატო-სა და ჩვენი მოკავშირეების საზღვაო წარმოდგენილობა საკმაოდ ფართოა. ჩვენ აქ წელიწადში 6 თვეზე მეტი დროის განმავლობაში ვართ მუდმივად წარმოდგენილები. ამასწინათ შესრულდა ბრიტანეთის, ნიდერლანდების მისიები. აქტიურად ხორციელდება საჰაერო სივრცის პატრულირება. სანამ ვსაუბრობთ, საჰაერო სივრცეში ჩვენი ბრიტანელი მეგობრები პატრულირებენ, მანამდე იყვნენ გერმანელები, კიდევ უფრო ადრე – ესპანელები, კანადელები, იტალიელები. ეს საკმაოდ ფართო საქმიანობაა, რომელიც შავი ზღვის რეგიონში ხორციელდება.
თუ საკუთრივ წვრთნებზე ვისაუბრებთ, წლის პირველ ნახევარში ჩავატარეთ მასშტაბური წვრთნები "Steadfast Defender 2021". ეს ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლება იყო ბოლო 20 წლის განმავლობაში. რასაც შავი ზღვის სუბრეგიონისა და მთელი ევროატლანტიკური სივრცისთვის ვაკეთებთ, ადასტურებს, რომ ჩვენ ორგანულად ვაკვირდებით ალიანსის უსაფრთხოებას 360 გრადუსში და შავ ზღვას ჩვენს დღის წესრიგში წამყვანი ადგილი ექნება.
- რას ფიქრობს ნატო უკრაინული მხარის ინიციატივაზე სახელწოდებით “ყირიმის პლატფორმა”?
- უკრაინის ამ მნიშვნელოვანმა ინიციატივამ საერთაშორისო თანამეგობრობის, ევროატლანტიკური ოჯახის მხრიდან პოზიტიური გამოხმაურება და მხარდაჭერა ჰპოვა (ევროკავშირისა და ნატო-ს ყველა მოკავშირემ მთელს მსოფლიოში მკაფიოდ განაცხადა, რომ არასოდეს ვაღიარებთ უკანონო, ამორალურ ანექსიას). ეს პლატფორმა ნამდვილად სასარგებლოა და აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული, როგორც რუსეთის მიმართ მუდმივი ყურადღების, მასზე მუდმივი ზეწოლის, ამ თემის საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მუდმივად წარმოდგენილობის ძალზე სასარგებლო ინსტრუმენტი. ვთვლი, რომ ეს ინიციატივა მოიტანს ასევე სტრუქტურირებულ მექანიზმს პოლიტიკურ, პრაქტიკულ და საექსპერტო დონეებზე.
ყველანი დაინტერესებულები ვართ, დავრწმუნდეთ, რომ რუსეთის ძალზე აგრესიული პოზიცია ნამდვილ წითელ ხაზად დარჩება პოლიტიკური დასავლეთისთვის, რომ ევროპაში აგრესიულ ტერიტორიულ ცვლილებებს არასოდეს შევეგუებით. სწორედ ამიტომ უნდა ხედავდნენ ალიანსის წევრობის პრეტენდენტები ჩვენში ნამდვილ, გრძელვადიან მეგობრებს.