რუსული დეზინფორმაციის სამიზნე ამჯერად საქართველოს ჰუმანიტარულ მისიაში ჩართვა გახდა
26/08/2021 14:05:14 პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აეროპორტთან მდებარე სამხედრო ბაზაზე სატრანზიტო ჰაბი მოეწყო, რაც ავღანეთიდან ევაკუირებული ხალხის ტრანზიტულ სივრცეს წარმოადგენს.
დღეის მონაცემებით, ჩარტერული რეისით, უკვე 2000 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა. ასევე მიმდინარეობს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლის ქვეყანაში განთავსება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამ კონტექსტში რუსულ დეზინფორმაციაზე გაამახვილა. კერძოდ, მისი თქმით, რუსული მედიასაშუალებები წერენ, თითქოს "თბილისი ავღანეთიდან ლტოლვილების თავშესაფარ ადგილად იქცა".

"საქართველო უკვე რამდენიმე დღეა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაციით ჩართულია ავღანეთიდან ჰუმანიტარული მისიის განხორციელებაში. მხედველობაში მაქვს ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ორგანიზებულია. რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, მყისიერად ვიხილეთ რუსული დეზინფორმაცია, თითქოს საქართველომ ავღანელი ლტოლვილები შეიფარა და ჩვენ თბილისი ვაქციეთ ავღანეთიდან ლტოლვილების თავშესაფარ ადგილად. მინდა, განვმარტო, რომ საუბარია მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანზე, იმ ორგანიზაციის თანამშრომლებზე, რომლებიც მუშაობდნენ ავღანეთში. ეს მხოლოდ დროებითია. უახლოეს პერიოდში მათი გადამისამართება მოხდება ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია განმარტავს, რომ საქართველო გეოგრაფიულად იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს ტრანზიტი საქართველოს გავლით:

"ძირითადად გამოდის ავღანელების ის კატეგორია, რომლებიც აქტიურად მუშაობდნენ და თანამშრომლობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამთავრობო ძალებში. მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანების ევაკუაცია განხორციელდეს დროულად, რომ არ მოხდეს მათზე ანგარიშსწორება. საქართველო გეოგრაფიულად იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს ტრანზიტი საქართველოს გავლით, რაც ფაქტიურად დროს აგებინებს ჩვენს პარტნიორებს იმისათვის, რომ 31 აგვისტომდე მოახდინონ სრულად პირადი შემადგენლობის ევაკუირება".


